"რას გვერჩოდა შსს?!"
18-01-2016
"რას გვერჩოდა შსს?!"
"მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა მძღოლების დისკრიმინაციაა"

"პრობლემა უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა ისე, როგორც შსს-მ შემოგვთავაზა"

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრა­ციის ამკრძალავი კანონი 1-ლი მარტიდან, ალბათ, აღარ ამოქმედდება. მეტიც, ჯერ არც ის არის ცნობილი, რა სახით დაამტკიცებენ წინადადებებს, რომელთა პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ზარ-ზეიმით დეკემბრის დასაწყისში მოაწყო. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა ხმამაღალი დასახელებით - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის", რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გულისხმობდა. მათ შორის იყო მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა და
მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის დაწესება.

შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა პარ­ლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა, თუმცა, კანონპროექტის ავტორები პარლამენტარების შეფასებებს არ დალოდებიან, ისე დააანონსეს ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის ვადები: მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის - 1-ლი მარტი, ხოლო 100-ქულიანი სისტემისთვის - 1-ლი იანვარი. ახლა კი ირკვევა, რომ პარლამენტარებს ბევრი
შენიშვნა, შეკითხვა და განსხვავებული მოსაზრება აქვთ, რომლებიც დეპუტატებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად უნდა განიხილონ და კანონპროექტი მხოლოდ ამის შემდეგ გავა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე და ახალი წესების ამოქმედების ვადებიც გადაიწევს - დეპუტატების ვარაუდით, წლის მეორე ნახევრამდე მაინც. როგორც ჩანს, შსს-ში ინიციატივის კანონად ქცევა "უკონტაქტო პატრულირებასავით" წარმოედგინათ და არ გაუთვალისწინებიათ, რომ პარლამენტს კანონის მისაღებად აუცილებელი პროცედურების გავლა დასჭირდებოდა. სხვა რით შეიძლება აიხსნას უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებმაც ბიზნესი უკვე დააზარალა?

გიორგი სუპატაშვილი, "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორი:
- მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 2016 წლის 1-ლი მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ, ჩვენმა კომპანიამ იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი შეწყვიტა. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენს ბიზნესზე, რადგან თითქმის მთლიანად დავკარგეთ მომხმარებელთა სეგმენტი. შემდეგ შევიტყვეთ, რომ, ალბათ, რეგისტრაციის აკრძალვის თარიღი­ გადაიწევს. რას გვერჩოდა შსს?! ერთთვიანი შეჩერების შემდეგ იაპონიიდან მანქანების ჩამოყვანა განვაახლეთ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ისეთი გაურკვევლობაა, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული. არადა, ვამბობდით, რომ საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანამ ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო და რაღაც ზომებისთვის ნამდვილად უნდა მიემართათ. ყოველთვი­ურად საქართველოში გასაყიდად შემოდიოდა 6 ათასამდე ავტომობილი და მათ შორის 4 ათასამდე - იაპონიიდან. რეალური იყო საფრთხე, ერთ-ორ წელიწადში ავტომანქანების დაახლოებით 80% მარჯვენასაჭიანი ყოფილიყო და სასაცილო მდგომარეობაშიც ჩავიყენებდით თავს. თუმცა, აჯობებდა, თუ მეზობელი აზერბაიჯანის მსგავსად, "ევრო 4" სტანდარტს შემოვიღებდით. ამით აზერბაიჯანში ავტომატურად აიკრძალა 2011 წლამდე წარმოებული იაპონური ავტომობილების შეყვანა. ეს გზა უკეთესი იქნებოდა ბიზნესისთვისაც და მოსახლეობისთვისაც. ახლა კი ჯერ ისიც არ ვიცით, რაზე შეთანხმდებიან ინიციატივის ავტორები და დეპუტატები. იმედია, თუ ახალ ვადებს დაადგენენ, სამი თვით ადრე მაინც შეგვატყობინებენ და გონივრულ ვადას მოგვცემენ, რომ ავტომობილების ჩამოყვანა და განბაჟება მოვასწროთ.

თემურ მაისურაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
- ჩემთვის მიუღებელია, რომ ქვეყანაში, სადაც მარცხენა მოძრაობაა, ამდენი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დადიოდეს. ცხადია, პრობლემა უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა ისე, როგორც შსს-მ შემოგვთავაზა. მოქალაქეს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ შეიძინა მარჯვენასაჭიანი ავტომობილი და მასში 10-15 ათასი დოლარი გადაიხადა, რეგულაციებით თუ აკრძალვებით ქონების ღირებულება არ უნდა შეუმცირდეს, ამ კანონპროექტით კი მარჯვენასაჭიან ავტომობილს სხვა ქვეყანაში გასაყიდად ვერ გაიყვანთ და ან შიდა ბაზარზე უნდა გაყიდოთ, ან მანამდე უნდა ისარგებლოთ ამ მანქანით, სანამ შესაძლებლობებს ამოწურავს.

შემოთავაზებული სახით რეგულაციების დაწესების შემთხვევაში ვინ იყიდის მარჯვენასაჭიან ავტომობილს, თუ ეცოდინება, რომ მათზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს?
ადამიანებს რომ არც კუთვნილი ქონება გაუიაფდეთ და დროთა განმავლობაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობაც შევამციროთ, ყველაზე სწორი გამოსავალია ამ მანქანებისთვის იმ "ხიბლის" დაკარგვა, რის გამოც მათ ირჩევენ - დაბალი ფასის. მარჯვენასაჭიან ავტომობილს განბაჟებისას გადასახადის სახით იმდენი თანხა უნდა დაემატოს, რომ ღირებულებით მარცხენასაჭიან ანალოგს გაუთანაბრდეს. ამით აზრს დაკარგავს დაბალი ფასის გამო მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ჩამოყვანა. ეს არც არსებული მარჯვენასაჭიანი ავტოპარკის გაიაფებას გამოიწვევს, პირიქით, შეიძლება მათი ფასი გაიზარდოს კიდეც. ამგვარად, ჩვენ არავის არაფერს ავუკრძალავთ, არამედ დავაწესებთ რეგულაციას და კონკრეტული ადამიანის გადასაწყვეტი იქნება, გადაიხადოს თუ არა ეს თანხა. ჩემი შენიშვნების მეორე ნაწილი ეხება მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემას. მიმაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა კონკრეტული სპეციალობისადმი. ზოგისთვის მძღოლობა პროფესიაა, მისი საქმიანობის ნაწილია. თუ, მაგალითად, ინჟინერს შეეშლება რამე, მას ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელახლა გამოცდების ჩასაბარებლად ხომ არ ვგზავნით? თუ მძღოლს ეშლება, ამ დარღვევისთვის არსებობს ჯარიმა და დავაჯარიმოთ, მაგრამ ხელახლა გამოცდების ჩასაბარებლად არ უნდა ვარბენინოთ. შეგვიძლია, გავზარდოთ ჯარიმების ოდენობა, მაგრამ კვლავ და კვლავ გამოცდების ჩასაბარებლად არ უნდა გავუშვათ. თუ საქართველოში მძღოლები ცუდად მართავენ ავტომობილებს, მაშინ ყურადღება მიაქციონ საგამოცდო სისტემას, რომელიც ადამიანებს მართვის მოწმობას აძლევს.

ჩანს, შსს-ში მიაჩნდათ, რომ ამ საკითხებისადმი მათი ხისტი მიდგომა სწორია. ამიტომაც არის საჭირო სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები ყველა იმ სეგმენტთან, ვისაც ეს რეგულაციები შეიძლება შეეხოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღოს ამ პროექტმა კანონპროექტის სახე. თუ შევთანხმდებით ამ შენიშვნებზე, ხომ კარგი, თუ არადა, შესაძლოა რეგულაციების ძალაში შესვლის ვადებმა საგრძნობლად გადაიწიოს.

P.S. კვირის ბოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა. მან თქვა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხში უკან დახევა არ იქნება. პრემიერ-მინისტრმა ისიც განმარტა, რომ უკვე რეგისტრირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს იმდენჯერ შეეძლებათ მათი გადაფორმება, რამდენჯერაც საჭირო იქნება. როგორც ჩანს, პარლამენტსა და მთავრობას შორისაც "უკონტაქტო ურთიერთობაა", მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!
სსს 21
19 იანვარი 2016 23:33
მართლა რა ტვინი წაიღეს...1000 წინა პირობა უნდა მოწესრიგდეს და შემდეგ ვიფიქროდ მართვის სიმკაცრეზე. ძალიან რომ გინდოდეს თბილისში არ დაარღვიო მაინც მოგიწევს.მაგის შემდგენს და მომწონებელს უნდა გაყვე უკან და ნახავ 2 დღეში დააგროვებს 100 ქულას...მაგ ხისტმა მიდგომამ დააპაღურა ნაციონალები, რომ იძახდნენ .... ... .......!!

რედაქტორის რჩევით