"არის შემთხვევები, როდესაც ISIS - ის მებრძოლები ერთმანეთს უპირისპირდებიან" - რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები სირიაში?! - კვირის პალიტრა

"არის შემთხვევები, როდესაც ISIS - ის მებრძოლები ერთმანეთს უპირისპირდებიან" - რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები სირიაში?!

სირიაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილები არიან სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 24 წლის რამზან ფარეულიძე და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი.

არსებული ინფორმაციით, ფარეულიძე და თურქოშვილი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში ორივე დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა.

ქართველმა საზოგადოებამ იცი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ქისტი მოქალაქეები სირიაში დაიღუპნენ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სირიაში დაღუპული პანკისელების ოჯახებს მიუსამძიმრა და ახალგაზრდებს მოუწოდა დრო დაუთმონ საკუთარი ქვეყნის მომავალს და არა ტერორისტთა რიგებში ბრძოლას.

,,ეს არის ის დიდი სენი და დანაშაული, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვებრძვით. უკან არ დავიხევთ, მანამ, ვიდრე არ დამარცხდება ეს დიდი უბედურება, რასაც თანამედროვე სამყაროში ტერორიზმი ჰქვია. ამიტომაც, ახალგაზრდებმა ალბათ საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნონ, ჩაერთონ იმ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც, მათ შორის პანკისის ხეობაში არსებობს და ნათელ მომავალზე იფიქრონ, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე", - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმითაც, სირიაში დაღუპული ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, მრავალი თვის წინ არის გასული საქართველოდან.

როგორც ჩვენთან საუბარში "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი, ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომელსაც მუდმივი კავშირი აქვს პანკისის ხეობასთან, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქე, რამდენიმე დღის წინ ისლამური სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთი პროვინციის აღებისას დაიღუპნენ.

- ეს ბიჭები როგორც ვიცი, ერთ წელზე მეტი ხნის წასულები არიან, ფარეულიძის დედა, ნაზი გაურგაშვილი, დუისის კულტურის სახლის ხელმძღვანელია და ეს ქალბატონი იმდენად სხვანაირი ადამიანია, ნამდვილად ძალიან გამიკვირდა, რომ მისი შვილი სირიაში იბრძოდა, ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდების სირიაში წასვლას. თუ არ ვცდები, ფარეულიძე ასევე დუისის ემირის, ბექა ფარეულიძის ახლო ნათესავია, რომელიც ბოლო ინფორმაციით საუდის არაბეთში იყო წასული. ამჯერად სად არის, არ ვიცი... ჩემს ხელთ არსებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, იქ უფრო მეტი ბიჭია დაღუპული, საქართველოს ქისტ მოქალაქეებს ვგულისხმობ, ვიდრე ვიცით, შესაძლოა, მათი რაოდენობა 45-მდეც იყოს უკვე გაზრდილი.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს შორის ბოლო ხანს გახშირდა სისხლიანი დაპირისპირებები...

- კი, ნამდვლად ასეა. თუმცა, ეს ორი ადამიანი, როგორც ვიცი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ რამდენიმე დღის წინ წამოწყებულ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა, როდესაც ისინი ქალაქ დაირ ერ ზურის ასაღებად იბრძოდნენ... თუმცა, ნამდვილად არის შემთხვევები, როდესაც მებრძოლები, მათ შორის კავკასიიდან და საქართველოდან წასული მებრძოლები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ბოლო დროს იყო ფაქტები, როდესაც ქისტმა საველე მეთაურებმა ამის გამო ვერ განახორციელეს ესა თუ ის საბრძოლო მოქმედება, ან განახორციელეს, მაგრამ შეუთანხმებელი მოქმედებების გამო ძალიან ბევრი მებრძოლი დაკარგეს. რამდენიმე დაჯგუფება საერთოდ დაიშალა მათი მებრძოლები თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებას შეურთდნენ. რამდენადაც ვიცი, ალბარ ალ შიშანს, რომელსაც ე.წ. ჩეჩნური ბრიგადის მეთაურად იცნობენ, დიდი დანაკარგი ჰქონდა, მებრძოლები შემოაკლდა და იძულებული გახდა თარხან ბათირაშვილს შეერთებოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)