საფლავი #473 - 71 წლის წინ დაკარგული ჯარისკაცი დაბრუნდა...
25-01-2016
საფლავი #473 - 71 წლის წინ დაკარგული ჯარისკაცი დაბრუნდა...
ვლადიმერ ბერუაშვილი: "ჩემი ძმის საფლავის მიწა ამ პატარა ყუთით გადმომცეს და მივხვდი, რომ ძმა დავაბრუნე"


"მინდა, ჩემი ოჯახის იმ სულისშემძვრელ ამბავზე გიამბოთ, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს დედმამიშვილური სიყვარულის ძალას, - ჩემმა მამამთილმა, ვლადიმერ ბერუაშვილმა, მთელი სიცოცხლე ეძება მეორე მსოფლიო ომში დაკარგული უცნობი ძმის, ეფრემ ბერუაშვილის საფლავი და იმდენი ქნა, იპოვა, - ერთი თვეც არ გასულა,­ რაც ძმის საფლავის მიწა პოლონეთიდან მოსკოვში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელმა ჩამოუტანა. ეს სასწაულია. ქედს ვიხრი არა
მხოლოდ 20 წლის გმირისა და იმ ქვეყნის წინაშე, რომელიც გმირების საფლავებს ასე უვლის, არამედ ჩემი მამამთილის წინაშეც, რომელსაც უცნობი ძმის საფლავის ძებნა ვერანაირმა გაჭირვებამ ვერ შეაწყვეტინა", - გვწერდა მაია ცუცქირიძე.

ამ სულისშემძვრელმა ამბავმა ­ვლადიმერ ბერუაშვილის­თვის რედაქციაში მოსვლა გვათხოვნინა. მან ხელისგულით უცნობი ძმის სამკუთხა წერილები და
ციცქნა ყუთი მოიტანა. მერე თითქმის ჩურჩულით მითხრა: - ძმა დამიბრუნდა, მაგრამ მშობლიური კერა ვეღარ დავახვედრე, ახლა აქ გამიხდა მისი სასაფლაო მოსაძებნიო.

- ჩემი ძმა, ეფრემი, მეორე მსოფლიო ომში ერთადერთი სამაჩაბლოელი მფრინავი­ იყო. პოლონეთში, ვარშავის აღებისას, მის თვითმფრინავს ესროლეს. ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გადმოხტომის ნაცვლად გაფრინდა და მტრის ბაზაში ჩავარდა... მისი ამბავი ლეგენდად დარჩა. აბა, სამშობლოში მას ვინ ჩამოასვენებდა. ჩემი ძმა ომში 1941 წელს წავიდა. მე კი მისი წასვლიდან რამდენიმე თვეში დავიბადე.

- თავიდან მოჰყევით ყველაფერს...
- ერედველი ვარ. იქ დავტოვე, რაც ძვირფასი გამაჩნდა - ბავშვობის მოგონებები და დედისა და ძმის საფლავები, რომელიც ახლა ალბათ, აღარც არსებობს, რადგან სასაფლაო რუსებმა დაბომბეს.

ეფრემის სიკვდილის ამბავი რომ მოვიდა, 3 წლისა ვიქნებოდი. სიზმარივით მახსოვს, როგორ ტიროდნენ დედა და ჩემი 11 წლის და თინა (ეფრემის გარდა დედას სამი შვილი ვყავდით). როცა წამოვიზარდე, ვთქვი,­ - სანამ იმ ქვეყნად წავალ, ჩემი ძმის საფლავი უნდა ვიპოვო-მეთქი... ჩემი ძმის ფრონტიდან გამოგზავნილ წერილებს ამოვალაგებდი, ვკითხულობდი და ვპირდებოდი, - აუცილებლად გიპოვი-მეთქი. ერთგან დედას სწერს: "ვიცი, რომ გიჭირთ, სხვის­ დაქსოვილს ნუ იყიდი, თუ შეგიძლია, თავად­ დამიქსოვე და გამომიგზავნე თბილი წინდებიო"... ალბათ Aძალიან ციოდა, როცა ამ წერილს წერდა.

- იცოდით, სად დაიღუპა?

- ჩემი ძმა ერთადერთი მფრინავი იყო სამაჩაბლოდან, ცხინვალის პატარა აეროკლუბში ისწავლა ფრენა... ეფრემის დაღუპვის მერე მისმა თანამებრძოლმა მოსწერა დედას, - ძალიან მამაცი შვილი გყავდა. როცა მის თვითმფ­რინავს ესროლეს და ცეცხლი წაეკიდა, შეეძლო, გადმომხტარიყო, მაგრამ გაექანა და მტრის ნაწილში ჩავარდა...

- ამდენ ხანს რატომ ვერ ნახეთ ძმის საფლავი?

- ძმის საფლავის მოსაძებნად პოლ­ონეთში ვერ წავიდოდი, ამაზე ხელი არ მიმიწ­ვდებოდა. მაგრამ როგორც კი რუსული ვისწავლე, საბჭოთა სამხედრო ჟურნალებში გამუდმებით ვგზავნიდი წერილებს, ძმის საფლავი მომიძებნეთ-მეთქი. ამ ძებნა-ძიებაში იმედი მელეოდა და დარდი მეზრდებოდა. მაგრამ უფლის ძალა დიდია - შემიბრალა და ძმის საფლავი მაპოვნინა...

- ეს როგორ მოხდა?

- სასწაულით. სოფელი დიცი საზღვ­არზეა. ამ სოფლის სასაფლაოს ოსები მიადგნენ და მავთულებით გადაღობეს, 5 საფლავი მათ მხარეზე რჩებოდა. სოფელს საფლავების დაკარგვას სიკვდილი ურჩევნია და ამის გამო კინაღამ შეტაკება მოხდა. უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლები ჩაერივნენ საქმეში. ეს ტელევიზიით აჩვენეს. კადრში დავინახე, ჩემი ბიძაშვილი, დიცელი სანდრო ბერუაშვილი პოლონეთის კონსულს ელაპარაკებოდა. დავურეკე - სანდრო, უთხარი მაგ პოლონელ კაცს, ძმის საფლავი მაპოვნინოს-მეთქი. კონსულმა გულთან მიიტანა ეს ამბავი. ეძება და იპოვა. ამასობაში გადამდგარა კიდეც, მაგრამ რუსეთის პოლონეთის საელჩოში თავისი ნაცნობისთვის უთხოვია, - ეს საქმე ხომ თქვენ უფრო გეხებათ და მიხედეთო. ამას რა დამავიწყებს:

ვარშავის გმირთა სასაფლაო, სადაც ეფრემ ბერუაშვილი განისვენებს

2 იანვარს, ბედობას, დამირეკა რუსეთის პოლონეთის საკონსულოს წარმომადგენელმა - გმირთა მოედანზე მოდი, გმირების ობელისკთან, შენი ძმის საფლავი ვიპოვეთ, იქიდან წამოღებული მიწა უნდა გადმოგცეთო. ვერ გეტყვით, რა მომივიდა, ყელში გულმობჯენილი მარტო წავედი შეხვედრაზე. საფლავის მიწა პატარა ყუთით გადმომცეს და მივხვდი, რომ ძმა დავაბრუნე.

თურმე, ჯერ ქალაქ ობლინში დაუკრძალავთ, იქ, სადაც თვითმფრინავით ჩამოვარდა, მერე ვარშავაში, გმირთა სასაფლაოზე გადაუსვენებიათ, - ქედს ვიხრი ვოიცეხ პოლინსკისა და ევგენი სავიცკის წინაშე - მათ ძმა დამიბრუნეს, ქედს ვიხრი პოლონეთის წინაშე, რომელიც ომში დაღუპული ბიჭების საფლავებს პატრონობს... ელჩმა სასაფლაოს სურათებიც მომცა. გული შემეკუმშა, - მასავით რამდენი გმირია უცხო მიწაში დარჩენილი...
მე კი ახლა სამშობლოში ვეძებ, სად დავკრძალო ჩემი ძმა... ერედვში დედის საფლავი აღარ მაქვს, მაგრამ იქნებ გადავიდე და სასაფლაოს მიწა როგორმე ავიღო, ჩემი ძმის საფლავის მიწას შევურიო და ორივე დავიტირო... ამისთვის სასაფლაოს ადგილი მჭირდება, მაგრამ ვინ მომცემს?..

- სახელმწიფოს სთხოვეთ, რომ ადგილი გმირთა პანთეონში მოგცეთ - იქ სამაჩაბლოსთვის მეომარი ბიჭები არიან დაკრძალული, ეფრემიც ხომ ისევე იცავდა სამშობლოს ფაშიზმისგან, როგორც ჩვენი ბიჭები - აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, - ვუთხარი ბატონ ვლადიმერს და მეც გულზე მომეშვა, - გმირთა საფლავებს შორის 71 წლის წინათ დაღუპული 20 წლის გმირი წარმოვიდგინე, - მფრინავის ქუდითა და შევარდნის მზერით, - გმირები არ კვდებიან, არც სიყვარულის მარადიული ღირებულებები იცვლება, - ვლადიმერ ბერუაშვილმა ძმის სული მშობლიურ მიწას 71 წლის შემდეგ დაუბრუნა...
asa
24 თებერვალი 2016 02:02
ვინც ეძებთ აგლაძის 37-ში იკითხეთ ვალოდია. მაცივრების ხელოსანია.
ლეილა
27 იანვარი 2016 15:08
ნათელში ამყოფოს თქვენი ძმის სული. ბიძაჩემიც სულიკო მინდიაშვილი მფრინავი იყო სამაჩაბლოდან, კერძოდ თამარაშნიდან. უგზოუკვლოდ არის დაკარგული.
არტაგი
27 იანვარი 2016 13:26
აუცილებლად ჩვენმა მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება და დაასაფლაონ ჩვენს მიწაზე!...ნათელში ამყოფოს მისი სული იესო ნაზარეველმა! ამინ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები