"გიორგი მეფე აუქციონზე არ გაიყიდება!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"გიორგი მეფე აუქციონზე არ გაიყიდება!" (ექსკლუზივი)

ქართველმა კოლექციონერმა მანჰეტენზე, მსოფლიოში განთქმულ "Royal athena gallery"-ში მეფე გიორგი მეორის ხატი აღმოაჩინა

"ჩემს ანტიკვარებში უმნიშვნელოვანესია მეფე გიორგის ხატი და გიგო გაბაშვილის შუააზიური, საქართველოსთვის უცნობი ნამუშევრები", - უნიკალური კოლექციის მფლობელი დავით კობახიძე ამერიკიდან გვესაუბრა...

- პროფესიით ქიმიკოსი გახლავართ, 1999 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ. მყავს ქართველი მეუღლე და ორი შვილი.

- ანტიკვარული ნივთების მოყვარული ბრძანდებით...

- დიახ! მინდა შევიძინო ის ანტიკვარული ნივთები, რომლებიც ქართულ ხელოვნებას ეხება. ჩემს კოლექციაში უმნიშვნელოვანესია მეფე გიორგი მეორის პორტრეტი და გიგო გაბაშვილის შუააზიური, საქართველოსთვის უცნობი ნამუშევრები. ნიუ-იორკში გერმანული კოლექციიდან შევიძინე საქართველოსთვის საინტერესო ნივთი, X-XI საუკუნის ბიზანტიური ჭედური ნამუშევარი, რომელიც ექსპერტების აზრით, დავით აღმაშენებლის მამის, გიორგი მეორის პორტრეტი უნდა იყოს. ეს დაადასტურა ბაგრატიონთა სამეფო სახლის ისტორიკოსმა იოსებ ბიჭიკაშვილმაც.

- სად შეიძინეთ ეს ნივთი?

- მე და ჩემი მეგობარი შემთხვევით წავაწყდით მანჰეტენზე, მსოფლიოში განთქმულ "Royal athena gallery"-ში. თვალში მომხვდა პორტრეტი, რომელიც ძალიან წააგავდა ქართულ ნამუშევარს. მას ბერძნულად აწერია "გიორგი"... მაღაზიის პატრონმა, ჯერომ ეისენბერგმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა კომპეტენტურმა ექსპერტმა, მითხრა, ნივთი ბიზანტიური ჩანს, თუმცა, შესაძლოა, ქართულიც იყოს, რადგან თურქეთში, საქართველოს ყოფილ ტერიტორიაზეა ნაპოვნიო. X-XII საუკუნეებში ქართულ ნამუშევრებზე ბერძნული წარწერები იშვიათობა არ იყო. ის თავიდან წმინდა გიორგის ხატი მეგონა, მაგრამ გიორგი მეფე აღმოჩნდა. ჭედური გამოსახულება შევადარე ლონდონის მუზეუმში დაცულ გიორგი მეორის მონეტაზე აღბეჭდილი მონარქის სახეს და ძალიან ემთხვევა. იდენტურია პორტრეტისა და მონეტის თარიღებიც...

ამ ნამუშევრით დაინტერესებული იყო სოთბის აუქციონი, მაგრამ გიორგი მეფე აუქციონზე არ გაიყიდება!..

- თქვენ გაქვთ გიგო გაბაშვილის ორი ნახატი...

- გიგო გაბაშვილის შუააზიური ნამუშევრები ყველაზე ძვირად ღირებულია მის ტილოებს შორის და მილიონებად იყიდება. ერთ-ერთი კრისტის აუქციონზე 1 250 000 დოლარადაც გაიყიდა. მე გიგო გაბაშვილის ორი ნამუშევარი ნიუ-იორკში შევიძინე. სამწუხაროდ, ქართველ მხატვრებს ამერიკაში ნაკლებად იცნობენ და აინტერესებთ. გიგო გაბაშვილის ამ ორი ნახატის ნამდვილობა საუკეთესო რუსმა ექსპერტმა ვლადიმირ პეტროვმა დაადასტურა.

- რამდენად იყიდება ქართველი მხატვრების ნამუშევრები ცნობილ აუქციონებზე?

- ზოგიერთი თანამედროვე მხატვარი მეტისმეტად მაღალ ფასს ადებს თავის ნამუშევარს და შემდეგ თვითონვე იძენს... სამწუხაროდ, იყო შემთხვევა, როცა გიგო გაბაშვილის საუცხოო "ნატურმორტი" სოთბის აუქციონზე სულ რაღაც 100 000 დოლარად შეიძინა რუსმა ებრაელმა. ის ახლა ამ ნახატის გაყიდვას აპირებს და ცუდი არ იქნება, საქართველო თუ დაინტერესდება. ძალიან ვცდილობ ნახატის ხელში ჩაგდებას და მფლობელს ვთავაზობ პაბლო პიკასოს (აკვარელს) მაქსიმილიან ლუსის (ტილოს), ლუი ვალტას (ტილოს) - ანუ სამი დიდი მხატვრის კატალოგის ნამუშევრებს.

- თქვენს კოლექციაში ალბათ სხვა ეროვნების ხელოვანთა ნამუშევრებიცაა...

- საფრანგეთში მცხოვრებმა ცნობილმა რუსმა კოლექციონერმა ალექსანდრ გლეზერმა მაჩუქა რუსული ხელოვნების დიადი ბომჟის - პაველ ნიკიფოროვის ნამუშევარი. ჩემი გვარი, როგორც ამ ნამუშევრის მფლობელისა, ტრეტიაკოვის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნშია შეტანილი. პაველ ნიკიფოროვს ცნობილ პოლონური წარმომავლობის რუს მხატვარს, კაზიმირ მალევიჩს ადარებენ. იგი 25 წლის წინ ფიროსმანივით ქუჩაში გარდაიცვალა. ახლა რუსეთში ამ მხატვრის ბუმია. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ 60-იან წლებში რუსეთში ალექსანდრ გლეზერის გამოფენებს ხრუშჩოვმა ბულდოზერით გადაუარა (სხვათა შორის, ალექსანდრ გლეზერს ავთო ვარაზის ნახატიც ჰქონდა და მოჰპარეს)...

მაქვს ასევე დიდი და რეპრესირებული მხატვრების - ოსკარ რაბინისა და იგორ ცელკოვის ნამუშევრები. ისინიც საფრანგეთში ცხოვრობენ, ღრმად მოხუცები არიან. მათი ტილოები მილიონებად იყიდება. მაქვს ამერიკაში მცხოვრები ილია კაბაკოვის - ძალიან ძვირად ღირებული მხატვრის ნამუშევრებიც.…მისი

ტილოების უმეტესობა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა შეისყიდა...

მანანა გაბრიჭიძე