ოპერის თეატრის 8-მეტრიანი "მეფე ჭაღი" 2,5 ტონას იწონის
25-01-2016
ოპერის თეატრის 8-მეტრიანი "მეფე ჭაღი" 2,5 ტონას იწონის
ვიდრე საზოგადოება დაობს, რატომ არ შეხვდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე დასასწრები ბილეთი­ ან მოსაწვევი, შენობის ცენტრალური ჭაღის თავგადასავალს გიამბობთ.

ხელოვნების ნიმუშად აღიარებული ჭა­ღი არაერთხელ გაიძარცვა - როდესაც ფონდმა "ქართუმ" ოპერის თეატრის სარესტავრაციო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ჭაღს და განათების სისტემას 12 000 ერთეული ბროლის დეტალი აკლდა. უზარმაზარი დანაკლისის შესავსებად ფონდმა იმავე­ მონაცემების ბროლი კომპანია ,,სვაროვსკისაგან" შეიძინა.

ჰაუპტი ჭაღის ესკიზებით აღფრთოვანებულა

გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ოპერის თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციის საკითხი აქტუალური
გახდა, ითქვა, რომ ცენტრალური ჭაღი და განათების სისტემა შენობის არქიტექტურასთან ორგანულად შერწყმული და შთამბეჭდავი­ უნდა ყოფილიყო, ამიტომაც 1975 წელს ჭაღის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა. გაიმარჯვა 35 წლის მხატვარმა, თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის უფროსმა მასწავლებელმა­ ნოდარ ერგემლიძემ.

ეკა ერგემლიძე, ნოდარ ერგემლიძის ქალიშვილი: - ჭაღისთვის ბროლის
მასალა ცნობილმა ავსტრიულმა კომპანია "ჰაუპტმა" დაამზადა. იმ დროს და ახლაც მისი ნახელავი ამშვენებს ნიუ-იორკისა და ვენის საოპერო თეატრებს, პარიზის გრანდ-ოპერას... იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში უხარისხო ბროლი იწარმოებოდა, რომლით დამზადებული ჭაღი დროთა განმავლობაში მხატვრულ ღირებულებას კარგავდა, ამიტომ სსრკ-ში წარმოებული ბროლის გამოყენებაზე მამამ უარი თქვა. უარის მიზეზი დამაჯერებლად რომ დაესაბუთებინა, თვითონ მოუნახულებია საბჭოთა კავშირის ყველა საწარმო, ბროლის ნიმუშები და მათი შემადგენლობისა და წახნაგების შესახებ ლაბორატორიული დასკვნებიც ჩამოუტანია.

როდესაც ჭაღისთვის ბროლს ეძებდნენ, მოსკოვში გამართულ ევროპის ქვეყნების სიმპოზიუმზე თურმე რიჰარდ ჰაუპტიც იმყოფებოდა. იმ პერიოდისთვის ჰაუპტს უკვე შესრულებული ჰქონდა მნიშვნელოვანი პროექტები მთელ მსოფლიოში. მამაჩემმა და ჰაუპტმა ერთმანეთი სიმპოზიუმზე გაიცნეს. სტუმარი ჭაღის ესკიზებით აღფრთოვანებულა. ესკიზებში ჩანდა მეტალის, ორნამენტისა და ბროლის ისეთი კომბინაცია და ტექნოლოგია, რომელიც იმ პერიოდისთვის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენებოდა. აღფრთოვანებული მაშინვე დასთანხმებია ჭაღის დასამზადებლად საბჭოთა მთავრობის შეთავაზებულ ფასს, რომელიც მსოფლიო საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან დაბალი იყო."

ოპერის თეატრში განსაკუთრებული დაცვის სისტემა არ არსებობდა, ამიტომაც უკვე აწყობილი ჭაღიდან, ტორშერებიდან და ბრებიდან ბროლის დეტალები იკარგებოდა. ნოდარ ერგემლიძე იძულებული გამხდარა, უახლოესი ადამიანები - მეგობრები, და, სიძე, მამა - ოპერაში ლამის საცხ­ოვრებლად გადაეყვანა ძვირფასი მასალის სადარაჯოდ.

ნოდარ ერგემლიძე და ჰაუპტი სხვა ერთობლივ პროექტებსაც გეგმავდნენ. ჰაუპტს სურდა, ქუვეითში ერთად განეხორციელებინათ პროექტი და გამოეყენებინათ უნიკალური მეტალის ორნამენტი, რომელიც ნოდარ ერგემლიძის შექმნილია, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ ქართველ მხატვარს პროექტში მონაწილეობის და ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცა, ამიტომაც ერგემლიძემ ექსკლუზივი და ყველა ესკიზი ჰაუპტს აჩუქა წარმოებაში ჩასაშვებად. მადლიერი ავსტრიელი ნოდარ ერგემლიძეს ხშირად იწვევდა სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენებზე, სიმპოზიუმებზე, თუმცა, ყველა მოწვევა, რაღა თქმა უნდა, საბჭოთა მთავრობის ძალისხმევით, დაგვიანებით მოდიოდა ადრესატთან, როცა გამოფენა დასრულებული იყო ან წასვლას ვეღარ ასწრებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი ურთიერთობა აღდგა. კომპანია ,,ჰაუპტი" უკვე გაერთიანებული იყო ბროლის მწარმოებელ ცნობილ კომპანია ჩუმტობელ-თან და ნოდარ ერგემლიძესთან ერთად კვლავ დაგეგმეს ერთობლივი პროექტები, მაგრამ, სამწუხაროდ, 1993 წელს ნოდარ ერგემლიძე გარდაიცვალა.

ჭაღების "აღლუმი"

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინტერიერში არის 11 სახეობის 33 ჭაღი, ერთი სახეობის 89 ბრა, 360 პლაფონი ხუთნაირი დეკორით, 16 ბრა სპეციალურად კიბის უჯრედებისთვის, 4 ტორშერი და ცენტრალური, 600-ნათურიანი ჭაღი, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრია, სიგ­რძე - 8 მეტრი, წონა - 2,5 ტონა.

ოპერის თეატრის განათებისთვის გამოყენებულია 200 სახეობის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბროლის დეტალი, რომლებიც ყოველ ჭაღში სხვადასხვა ვარიანტით მეორდება. ცენტრალურ ჭაღში გამოყენებულია ორი სახის უმაღლესი ხარისხის ბროლი -"ბოჰემური მინა და ქუჩის ბროლი. მზიდი კარკასი დამზადებულია სპეციალური ფოლადის ქრომანსილისაგან დიმიტროვის სახელობის 31-ე ქარხანაში, სინათლის არმატურაც აქვე აუწყვიათ.

მარინა
31 იანვარი 2016 13:34
ოპერის თეატრში განსაკუთრებული დაცვის სისტემა არ არსებობდა, ამიტომაც უკვე აწყობილი ჭაღიდან, ტორშერებიდან და ბრებიდან ბროლის დეტალები იკარგებოდა. ნოდარ ერგემლიძე იძულებული გამხდარა, უახლოესი ადამიანები - მეგობრები, და, სიძე, მამა - ოპერაში ლამის საცხ­ოვრებლად გადაეყვანა ძვირფასი მასალის სადარაჯოდ.

აი როგორი მზრუნველები ვართ ქართველები, როგორ ვუფრთხილდებით ერის სიმდიდრეს.
ნანა
26 იანვარი 2016 15:53
დიდი მადლობა'კარტუ' ჯგუფს კარტველებისატვის ესოდენ დიდი საჩუკრისატვის,20-იან წლებში დიდი კონსტანტინე წერდა-მსოფლიოში მხოლოდ 5ერს აკვს ოპერა შეკმნილი-იტალიელებს ,ფრანგებს,გერმანელებს,რუსებს და კარტველებსო'უღრმესი მადლობა 'კარტუ ჯგუფს და ბატონ ბიდზინას.გტხობტ არ დამიბლოკოტ.მადლობტ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები