"ვერ მივმხვდარვარ, რატომ მოუნდა პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში ჩარევა" (ექსკლუზივი)
25-01-2016
"ვერ მივმხვდარვარ, რატომ მოუნდა პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში ჩარევა" (ექსკლუზივი)
მე შემიძლია შევიდე აფხაზეთში, საკმაოდ გავლენიანი მეგობრები მყავს, ხელს ვერავინ შემიშლის, მაგრამ მითქვამს და ვიმეორებ: ვიდრე სამასი ათასი დევნილი არ დაბრუნდება, მანამ ფეხს არ ჩავდგამ! თუ დაბრუნებაა, ყველა ერთად უნდა დავბრუნდეთ!

"კარგად ვარ! ავადმყოფობა უკან მოვიტოვე. ცოტა ხნის წინ მოსკოვის პირველ არხზე ვიყავი მიწვეული. მერე ჩანაწერი ვნახე და ჩემი თავი მომეწონა!
განზრახული მაქვს, თბილისში­ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება", - ყველასთვის საყვარელი საოპერო მომღერალი ზურაბ­ სოტკილავა მოსკოვიდან გვესაუბრა:

- ხშირად მახსენდება აფხაზეთში
გატარებული ბავშვობა, ეს ყველაზე სანუკვარი ხანაა. გაჭირვების მიუხედავად, თბილად ვექცეოდით ერთმანეთს, ვუღიმოდით, ჭირშიც და ლხინშიც ერთად­ ვიყავით. სოხუმში, ჩვენი ეზოს წინ, დიდი ხე იდგა. მის ძირში მთელი სამეზობლო ვიკრიბებოდით. ბებიაჩემი კარგად უკრავდა გიტარაზე, მისი დაც და დედაჩემიც არ ჩამოუვარდებოდნენ.­ მთელი ოჯახი ვმღეროდით. მენატრება­ აფხაზეთი. მე
შემიძლია შევიდე სოხუმში, საკმაოდ გავლენიანი მეგობრები მყავს, უსაფრთხოდ ვიქნები და ხელს ვერავინ შემიშლის, მაგრამ მითქვამს და ვიმეორებ: თუ დაბრუნებაა, ყველა ერთად უნდა დავბრუნდეთ. ვიდრე სამასი ათასი დევნილი არ დაბრუნდება, მანამ ფეხს არ ჩავდგა!!

- ცოტა უკან დავბრუნდეთ... საოპერო მომღერლობამდე სხვა საქმიანობას ეწეოდით...
- 16 წლისა თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი. შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე... ერთხელ შემთხვევით ბრწყინვალე პედაგოგმა და მომღერალმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა ჩემი ნამღერი და დამაძალა, კონსერვატორიაში ჩააბარეო. ჩავაბარე. შემდეგ უსიამოვნება მომიხდა პედაგოგთან და დავით ანდღულაძის კლასში გადავედი. ჩემი კარიერა თუ კარგად აეწყო, ეს დავით ანდღულაძის და მისი ოჯახის დამსახურებაა.

- რუსეთში აღიარებული საოპერო მომღერალი ხართ და ბევრი მეგობარი გყავთ. როგორ მოქმედებს თქვენზე რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა?
- ძალიან განვიცდი! რუსი ინტელიგენციისგანაც ამავეს ვგრ­ძნობ. თუმცა, ამას წინათ ერთი რუსი მეგობარი მყავდა სტუმრად. რომ ვუთხარი, თბილისის ახლოს რუსის ჯარი დგას-მეთქი, გაუკვირდა - ეს არც კი სცოდნია. დარწმუნებული ვარ, ასევე არ იცის ბევრმა რუსეთში...
ჩემი წარმატებები ჩემი ხალხის სახელით მიღწეული გამარჯვებებია. ჩემს კონცერტზე ყოველთვის ითხოვს მსმენელი, ქართული სიმღერები ვიმღერო. ძალიან მიხარია, როცა მათ აღფრთოვანებულ შეძახილებს ვისმენ. ჩვენი საგანძური - ჩვენი კულტურაა და მას უნდა გავუფრთხილდეთ.

- ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ...
- ახლა კარგად ვარ! ავადმყოფობა უკან მოვიტოვე. ცოტა ხნის წინ მოსკოვის პირველ არხზე ვიყავი მიწვეული. მერე ჩანაწერი ვნახე და ჩემი თავი მომეწონა! განზრახული მაქვს თბილისში საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება.

- როგორ უყურებთ თქვენი უმცროსი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის არჩევანს?
- მე ვერავის ვერაფერს ვუ­რჩევ! ყველა ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს, არ მჩვევია ვინმეს დარიგება... ეგ არის, ძალიან მწყდება გული, სიმღერას თავს რომ ანებებს. პაატა მსოფლიოს დიდი მომღერალია, მისი ასაკი ბანისთვის ძალიან ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ ხალხი კიდევ ბევრჯერ უნდა გაახაროს თავისი ლამაზი ხმით! მგონია, ეს ჯობს პოლიტიკას, რომელიც ბინძური საქმეა და ვერ მივმხვდარვარ, რატომ მოუნდა პოლიტიკაში ჩარევა... თუმცა კიდევ ვიმეორებ: ეს მისი ნებაა. მე კი ძალიან მინდა, სცენას კიდევ დიდხანს ამშვენებდეს!

მანანა გაბრიჭიძე
ლაურას
31 იანვარი 2016 19:15
ალბათ 5 წლის უკან ბიძინაზეც მაგას იძახდით
ლაურა
27 იანვარი 2016 20:05
ბატონი პაატა არის დიდებული ქართველი და ეს არა მარტო საქართველომ მთელმა მსოფლიომ იცის.თუ მის ირგვლივ გაერთიანდებიან ძველი და ახალი თაობა, პატიოსანი და ნასწავლი ადამიანები ვისაც სამშობლო უსაზღროდ უყვარს და მარტო მის გადარჩენაზე ფიქრობს მაშინ მალე აყვავდება ჩვენი ნახევრად დაცლილი ქვეყანა.25 წლის განმავლობაში ვერა და ვერ ამოვედით ჭაობიდან ყველა მთავრობა ერთი და იგივეს იმეორებს მე გადავარჩენო საქართველოს მაგრამ გზა ხსნისა არა სჩანს.ჩვენს უსაყვარლეს ბატონ ზურაბ სოტკილავას ეშინია რომ ბატონ პაატას პოლიტიკაში დიდი პრობლემა არ შეექმნას ვინაიდან იცნობს მას.ამიტომ განიცდიან ჩვენი ოპერის მომღერლები ბატონ პაატა ბურჭულაძის ამ ნაბიჯს ტრაღიკულად.ქვეყანა სადაც ქაოსია და კლანური მმართველობა და ვერა და ვერ მოისპო ბიუროკრატია ძნელი მართო თუნდაც ყველაფრით გამორჩეული ადამიანი იყო.ამ ქაოსის დაძლევა პატიოსანი ადამიანისთვის ძნელია.ბევრი პატოსანი ადამიანია მთავრობის მოხელე მაგრამ ისინი ვერაფერს ხდებიან. მათ არავინ არაფერს ეკითხება ამიტომ არც სჩანან საუბედუროთ.ძნელია გაუმკლავდე ყველაფერს მოჩვენებითს.ვისურვებდი რომ ამ დიდებულ პიროვნებას და დიდ ხელოვანს რომელსაც სურს თავისი ქვეყნის გადარჩენა მის ირგვლივ შეიკრიბონ ის დიდებული ქართველები რომლებიც მარტო საკუთარი ქვეყნის და ერის გადარჩენაზე ფიქრობენ და არა საკუთარ განდიდებაზე და კეთილდღეობაზე.ვინაიდან არ არის ამისი ღირსი მარად თავმოყვარე და გონიერი ქართველი ერი.
ცისანა
27 იანვარი 2016 10:14
უკარნახეს(სხვა ვერავინ ნახეს)

რედაქტორის რჩევით