ტაში, ბიჭო, ვართანუშა!.. - კვირის პალიტრა

ტაში, ბიჭო, ვართანუშა!..

შეზარხოშებულმა მასპინძლებმა სიმღერაც წამოიწყეს - ყური მივუგდე და სომხურად ნათარგმნი ჩვენი "ყვავილების ქვეყანა" შემრჩა ხელთ. ვუთხარი, ეს ხომ ქართული სიმღერაა-მეთქი? რას ლაპარაკობო, შეიცხადეს, მერე კი აქეთ მომდეს შარი, თქვენ წაიღეთ ჩვენგანო

ერთხელ ჯანსუღ ჩარკვიანისთვის უთქვამს სომეხ კოლეგას, შოთა რუსთაველი სომეხი იყო, წყალი არ გაუვაო. ბატონ ჯანსუღს უპასუხია, წარმოგიდგენია, როგორ ეჯავრებოდა მშობლიური ენა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ქართულად დაწერაო...

სამწუხაროდ, ამგვარი, ლოგიკას მოკლებული და "წყალგაუვალი მტკიცებულებებით" გამოირჩევა ზოგიერთი სომეხი საზოგადო მოღვაწე. ისინი მეტისმეტად გააქტიურდნენ ბოლო კვირაში. ჯერ იყო და "ყვავილების ქვეყანას" სომეხი ავტორები (ტექსტის ავტორი სერობ არჯემიანი, მუსიკის - მანუკ ხაჩატრიანი) გამოუჩნდნენ და ამ ცნობილი ქართული სიმღერის ჰანგზე უმღერეს ჰაიასტანს, მერე კი ქართულ სამოსში გამოწყობილმა ვართან და სირანუშ გევორქიანებმა სომხური საქორწილო ცეკვა შეასრულეს "დაისის" მუსიკაზე. ცეკვის დროს ღრმადეკოლტიანი სირანუშა მოყვარულისთვისაც კი თვალში საცემად უნიჭოდ ფარჩხავს თითებს, მისი "კდემამოსილებით" თავბრუდახვეული ვართანა კი ლამის თავზე გადაახტეს, ისე დაკუნტრუშებს სცენაზე.

ბონდო არველაძე, ისტორიკოსი, არმენოლოგი: - 70-იან წლებში, როცა ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკი გახლდით, მივლინებით გავემგზავრე ერევანში. კოლეგებმა ერთ კვირა დღეს ქალაქგარეთ დამპატიჟეს. პურმარილი გაიშალა, სომხური კონიაკი მივირთვით და ცოტა ხანში შეზარხოშებულმა მასპინძლებმა სიმღერაც წამოიწყეს - ყური მივუგდე და სომხურად ნათარგმნი ჩვენი "ყვავილების ქვეყანა" შემრჩა ხელთ. ვუთხარი, ეს ხომ ქართული სიმღერაა-მეთქი? რას ლაპარაკობო, შეიცხადეს, მერე კი აქეთ მომდეს შარი, თქვენ წაიღეთ ჩვენგანო. ჰოდა, ახლა ისევ რომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, აღარ გამკვირვებია, თუმცა, ამჯერად სომხური აღმოჩნდა ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" ქართული ცეკვაც.

სომხეთში არიან "ავადმყოფური ისტორიზმის" სენით შეპყრობილი მუსიკოსები, მსახიობები, მწერლები, ისტორიკოსები... ამტკიცებენ, რომ სომხები იყვნენ ლეონარდო და ვინჩი და ალექსანდრ სუვოროვი, ხოლო არარატს მომდგარი კიდობნიდან გადმოსულმა ნოემ სომხურად მიმართა ღმერთს. "ვეფხისტყაოსანიც" სომეხმა დაწერა, "სულიკო" კი აკაკი წერეთელმა სომხურიდან თარგმნა და მერე ქართველებმა დედანი დაწვეს.

- ამას ის აივაზიანი არ ამბობდა, აწყური სომხურ სახელწოდებად რომ გამოაცხადა?

- დიახ. იმასაც ამტკიცებს, სიტყვა გრუზინი "გრუზჩიკიდან" მოდისო... მესროპ მაშტოცმა სომხური ანბანი 405 წელს შექმნა. ჩვენ მაგაზე ძველი ანბანი ვიპოვეთო, განაცხადა სურენ აივაზიანმა. პეტერბურგელმა აკადემიკოსმა ბორის პეტროვსკიმ ეს რომ ნახა, გაგიჟდა - აღმოჩნდა, რომ აივაზიანი XVI საუკუნის არაბულ წარწერაზე დაყრდნობით აკეთებდა ამ დასკვნას. არაბული ხომ მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ამ სომეხს კი ეს არაბული ტექსტი მარცხნიდან მარჯვნივ წაუკითხავს. ამაზე პეტროვსკიმ სტატია დაწერა და "იზვესტიაში" აპირებდა გამოქვეყნებას, მაგრამ ჩავიდა პეტერბურგში სომეხი აკადემიკოსების ჯგუფი და სთხოვა, ოღონდ საკავშირო გაზეთში ნუ გამოაქვეყნებთ და სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "მოამბეში" დავბეჭდავთ, რომ აივაზიანის ვერსია მცდარიაო...

სომხურ პრესაში ისიც წავიკითხე, რომ მაშტოცმა მენდელეევამდე აღმოაჩინა ელემენტთა სისტემა სომხურ ანბანში. არ ვიცი, სადამდე წავა მათი ფანტაზია.

გულბაათ ტორაძე, მუსიკათმცოდნე: - "დაისის" მელოდია სათავეს ქართული ქალაქური ფოლკლორიდან იღებს. ქართულ ქალაქურ ფოლკლორთან სომხებსაც აქვთ კავშირი, მაგრამ ასეთივე კავშირი ჩვენს მუსიკასთან აქვთ ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სპარსელებს და მრავალეროვანი თბილისის სხვა მცხოვრებთ. სომხებს ჰყავთ შესანიშნავი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი. 18 წელი თბილისში ცხოვრობდა. კოჯორში დაიბადა. პირველი ოპერა, რომელიც თურმე მან მოისმინა, ფალიაშვილის "დაისი" ყოფილა. აღტაცებული აღნიშნავდა, პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში ასეთი შესანიშნავი კომპოზიტორიო. ხაჩატურიანის მუსიკაც თბილისური ფოლკლორით არის შთაგონებული.

დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი "ფეისბუკში" წერს: "რამ დაგაბრმავათ და რამ დაგაყრუათ! ვისაც ეს ეხება, სომხებს კანონით გასცეს პასუხი ქართული კულტურის შეურაცხყოფისთვის. მოვითხოვ, ბოდიში მოუხადონ ქართულ კულტურას და ქართველ ერს. გამოფხიზლდით, ეს პირველი შემთხვევა არ არის!""

ეკა სალაღაია