"ქალი შვილის დასახმარებლად წავიდა, ახლა კი მის დასატირებლად ჩამოდის!" - ორი ახალგაზრდის სიკვდილის"იარაღი" კვლავ გაზის გამათბობელია - კვირის პალიტრა

"ქალი შვილის დასახმარებლად წავიდა, ახლა კი მის დასატირებლად ჩამოდის!" - ორი ახალგაზრდის სიკვდილის"იარაღი" კვლავ გაზის გამათბობელია

21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. 27 წლის შორენა აბულაძე და 32 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

25 იანვარს მორიგი ტრაგედია ქუთაისის ქუჩაზე დატრიალდა, მიზეზი ისევ ბუნებრივი აირის გაჟონვაა, რომელმაც ორი ახალგაზრდის- 28 წლის პაპუნა ხაინდრავასა და 16 წლის გიორგი ტალახაძის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბიჭები ერთ ოჯახში გაიზარდნენ და ძმებივით უყვარდათ ერთმანეთი. გიორგი 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო, მისი მეგობრები "ფეისბუკში" წერენ, რომ ის გონიერი და გულიანი ბიჭი იყო. ორივე შემთხვევაში ბინა გაქირავებული იყო და წინასწარი კვლევით, ტრაგედიების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები გახდა. ქუთაისის ქუჩის მაცხოვრებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე გვიამბობს:

- ეს ხალხი ჩვენი კორპუსის ძირითადი მაცხოვრებლები არ არიან, ამ ცოტა ხნის წინ იქირავეს ბინა და გადმოვიდნენ საცხოვრებლად; გიორგის ხშირად, ყოველ დღე სკოლაში წასვლა-მოსვლისას ვხედავდი, საყვარელი ბიჭი იყო, სალმიანი, მიხაროდა მისი დანახვა. ერთხელაც დედამისი მოვიკითხე, - ამ ბიჭს ვხედავ, მაგრამ დედა არასოდეს დამინახავს, სად არის-მეთქი, - მითხრეს, დედა ამერიკაშია წასული, მუშაობს და ოჯახს იქიდან ეხმარებაო. ამაზე რომ ვფიქრობ, სიცოცხლე აღარ მინდა, - ქალი შვილის დასახმარებლად წავიდა, ახლა კი შვილის დასატირებლად ჩამოდის! ამ უბედურების აღწერაც კი არ შეიძლება! მტერსაც კი ვერ უსურვებ ასეთ რამეს ადამიანი.

უფროსი პაპუნაც დამინახავს, მამასთან და გიორგისთან მოდიოდა ხოლმე, ისიც კარგი ბიჭი იყო… მადლობა უფალს, რომ მის სახელზე მაინც დარჩა ვიღაც, - 8 წლის გოგონა ჰყავს… გიორგი კი ისე წავიდა, რომ ამქვეყნად ცხოვრებაში ვერაფერი მოასწრო. არადა, წინ რამდენი რამ ჰქონდა.

- საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, ტრაგედია დღის საათებში მოხდა. ამ დროს ალბათ ბიჭები ჩაძინებულები არ იქნებოდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო, რომ ვერაფერი იგრძნეს?!

- სავარაუდოდ, სუნი არ ჰქონდა აირს და ალბათ ამიტომ ვერ იგრძნეს ვერაფერი, თორემ რაიმეს ხომ მოიმოქმედებდნენ! როგორც ვიცი, ბუნებრივმა აირმა გამათბობლისგან გაჟონა, ბინაში ის საშინელი "ნიკალას" ტიპის ღუმელი ედგათ თურმე... მაგ ტიპის გამათბობლები ზედმიწევნით კარგად თუ არ არის დამონტაჟებული მკვლელობის იარაღად იქცევა, აქამდეც რამდენი ტრაგედია დატრიალდა "ნიკალას" გამო, საერთოდ რომ აკრძალონ მაგის გამოყენება, არ შეიძლება?!

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით არის აღძრული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)