"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს - კვირის პალიტრა

"აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა" - "ემის" მფლობელი ჰოლივუდელი რეჟისორი ძამას ხეობაზე ფილმს იღებს

ემის" ჯილდოს მფლობელი ჰოლივუდელი ფოტოგრაფი და რეჟისორი ჯეიმს ჰიგინსონი ახალგაზრდა ქართველი ბერების შესახებ ფილმის "DEVOUT-ღვთისმოშიში" გადაღებებს ასრულებს. განდეგილი ბერების შესახებ ფილმის გადაღებები რუის-ურბნისის ეპარქიაში მიმდინარეობდა, აი, რას გვიყვება ბატონი ჯეიმსი:

პატრიარქთან მიღებაზე - საქართველოში პირველად 2012 წელს ვიყავი. ვიზიტის შემდეგ, ძალიან დავინტერესდი საოცარი ძამას ხეობით. მანამდე ნანახი მქონდა შატბერდის მამათა მონასტრის ფოტო, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა ქართველმა სტუდენტმა მანახა და მკითხა ხომ არ ვინახულებდი ამ ადგილს. მანვე დაგეგმა პირველი მოგზაურობის ორგანიზება და როდესაც ხეობაში ჩავედი, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. გავოცდი ულამაზესი, მაგრამ მკაცრი მთის პეიზაჟებით. აქ განსაკუთრებით ვიგრძენი ღმერთის არსებობა. ძალიან დამაინტერესა სიყვარულისა და ვალდებულების კომბინაციამ, რომელიც ხეობაში მაცხოვრებელ ბერებს ახასიათებს. ისინი ცხოვრობენ ექსტრემალურად მძიმე საცხოვრებელ პირობებში. ასევე გაოცებული ვიყავი ბერების ასაკით და მინდოდა გამეგო მათ შესახებ უფრო მეტი. ვიგრძენი, რომ ძამას ხეობის ბერების პატიოსანი და ღია ცხოვრების ასახვით და მათ ცხოვრებაში ჩახედვის შესაძლებლობით, მე შემეძლო დახმარება გამეწია ხალხისთვის და ამეშენებინა ხიდი, რომელიც აკავშირებეს გულებს, აერთიანებს სულებს, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს გადალახონ განსხვავებები.

მეუფე იობთან ერთად

- ორიოდე სიტყვა, იქნებ, ფილმის შინაარსზეც გვითხრათ...

- ფილმი "DEVOUT-ღვთისმოშიში" არის მოგზაურობა ძამას ხეობის მონასტრებში, დაკვირვება ახალგაზრდა თუ ასაკოვანი ბერების ცხოვრებაში. მოკლედ, ეს არის ფილმი - ამბავი რწმენაზე. ფილმში ვაჩვენებთ ბუნების სცენებს, საქართველოს კავკასიონის მკაცრ პეიზაჟებს, რომელიც ერთდროულად  უცხოც არის, ახლობელიც და ამოუცნობიც, ისევე, როგორც ღმერთი და რწმენა.

ფილმი "DEVOUT-ღვთისმოშიში" სტუმრობს დაფარულ მონასტრებსა და იქ მოღვაწე ბერებს. ხეობაში ჩვენ შევხვდით ახალგაზრდა ღვთისნიერ ბერს მამა ანუბს. ის 22 წლისაა და ჭეშმარიტი რწმენის ძიების გზას ადგას. იგი ასაკის მიუხედავად, საოცრად შორსმჭვრეტელი ადამიანია და სრულიად ჩაფლულია სულიერ ცხოვრებაში.

მასთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ შევხვდით ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს.მას ძალიან დიდი დრო აქვს გატარებული მონასტრული ცხოვრებით და სწორედ მას უკავშირდება ამ მხარის აღმშენებლობა. 1996 წელს, როდესაც წმინდა სინოდის მიერ ის დადგენილ იქნა ურბნისისა და რუისის მმართველ ეპისკოპოსად და ჩავიდა ძამას ხეობაში, იქ იყო მხოლოდ სამი ტაძარი და ერთი მოქმედი მონასტერი, ამჟამად კი დაახლოებით 42 მონასტერი და 200-მდე ტაძარია. მეუფესთან ინტევიუების საშუალებით ჩვენ ძალიან ბევრს ვსწავლობთ. იგი გადმოგცემს სწორ მართლმადიდებლურ აზრებს. მისი ყველა გზავნილი არის მკაფიო და პირდაპირი. ფილმში ბერების პორტრეტებია, ასევე ასახულია მათი დაფარული სამყაროს სილამაზე. ეს არის არქაული უტოპია მუდმივ სულიერ სფეროში, ძალზედ რთული და იზოლირებული. "DEVOUT-ღვთისმოშიში" აჩვენებს ხალხს ვიზუალური სილამაზისა და სიმკაცრის კონტრასტს, მარტივი ცხოვრების პირობებს ღიად და პატიოსნად, ამავდროულად დიდი პატივისცემით წარმოადგენს მართლმადიდებლური ცხოვრების წესს საქართველოში.

- როგორ მიმდინარეობდა ფილმის გადაღების პროცესი ?

- ფილმ "DEVOUT-ღვთისმოშიში"-ის შექმნა იყო დიდი გამოწვევა, რომელსაც თან ახლდა არაერთი პრობლემა, მაგრამ მე მიყვარს ჩემი საქმე. 4 წელია ფილმზე ვმუშაობთ. მუშაობის პროცესში გამოწვევები იყო ორგანიზაციულ და ლოჯისტიკურ საკითხებში, ასევე რთული იყო თარჯიმნების მეშვეობით მუშაობა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვკიდებოდით ბერების შინაგან ბუნებას, მათ თავმდაბლობას. მნიშვნელოვანი იყო თუ როდის შევქმნიდით ფილმის პირველ ტრეილერს და ამის შემდეგ კი, კიდევ ერთი წელი ლოდინი, რომ მიგვეღო ნებართვა ფილმის გაგრძელებაზე. საკმაოდ რთული იყო ფინანსების მოძიებაც, მაგრამ ყველა პრობლემა მოგვარდა და ფილმი ნელ-ნელა უახლოვდება დასასრულს, რომელსაც თავდაპირველად ჩემი პერსონალური დანაზოგით ვაფინანსებდი. გასული წლის სექტემბერში კი ფილმი წავუღე ასოცირებულ პროდიუსერს სლავომირ ზიენოვიჩს. სწორედ ის დაგვეხმარა ფინანსურად ფილმის საბოლოო რედაქტირებაში, მუსიკასა და დიზაინში. ახლა ვეძებთ ფინანსებს კინოთეატრის მიქსისთვის, სუბტიტრებისა და ციფრული სპეციალისტისათვის..

- როგორ დაგხვდნენ ბერები და რა მოგეწონათ ბერული ცხოვრების?

- ბერების დახვედრა იყო ძალიან საინტერესო. ზოგი ბერი ძალიან ღიაა, ზოგიერთი კი - მოკრძალებული და მორცხვია. ზოგიც ძალიან ცნობისმოყვარეა და კითხულობდნენ თუ რატომ დავინტერესდი და რატომ ვაპირებდი ფილმის გადაღებას მათზე. როდესაც გაიგებდნენ , რომ მე ვიყავი მათიანი და მათი მეგობარი, მქონდა პატრიარქისა და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევა, ყველაფერი რიგზე დგებოდა.  ბერის ცხოვრება არის მუდმივი ბრძოლა. იმედი მაქვს მაყურებელი ამას კარგად დაინახავს ფილმის კადრებში და მოისმენს ინტერვიუებში.

- სამომავლოდაც ხომ არ აპირებთ საქართველოში ფილმის გადაღებას?

- თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა, იმედი მაქვს, რომ გადავიღებ ახალ ფილმს, საქართველოს სხვა დამახასიათებელ ნიშნებზე. ნამუშევრის სახელწოდება იქნება "გზა ბათუმისაკენ ".

- რომ შეგეძლოთ ერთი სიტყვით ფილმის გზავნილი გეთქვათ, რა იქნებოდა ეს?

- მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ცხოვრების თავისი გზა, ყველას მაინც გვიწევს ბევრი სიძნელის გადატანა და ამაში არის ნამდვილად სილამაზე. ღმერთის სიყვარული კი უნდა იპოვნო ალტრუისტულ მსახურებაში, ერთგულებაში, გულწრფელ ღვთისმოშიშებაში და საკუთარი რწმენის გამოხატვაში.

პ.ს. ინტერვიუს მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ფილმის ოფიციალური "ფეისბუკის" გვერდის ადმინისტრატორს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)