"იქნებ ტყუილია ზუსტად ის, რომ ორჯერ ორი ოთხია?"
01-02-2016
"იქნებ ტყუილია ზუსტად ის, რომ ორჯერ ორი ოთხია?"
"თბილისმა ყველაზე მთავარი დაკარგა­ - თბილისი აღარ არის თბილისი."

"არ მეშინია არც ერთი ნაოჭის, ეს არის ნიშანი იმისა, რომ იცხოვრე"


ირმა გიგანი, პიანისტი:

ოცნება ჩემთვის არის...

- ოცნება ცოტა არარეალური მგონია, ფანტაზიასთან დაკავშირებული. მე თუ მკითხავთ, ოცნება ყოველთვის ოცნებად რჩება, შესაბამისად, მირჩევნია, რომ მქონდეს სურვილი, რომელსაც ავიხდენ. ბევრს ვიშრომებ, ყველაფერს გავაკეთებ, მიზანს დავისახავ და სურვილს ავიხდენ...

სიამოვნებას ვიღებ, როდესაც...

- ვუკრავ და საყვარელ მელოდიებს ვუსმენ. როდესაც­ როიალს ვხედავ, უკვე მსიამოვნებს,
მიყვარს როიალის სუნიც კი. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა დაკვრა.

გაღვიძებისას...

- პირველ რიგში, მიხარია, რომ გავიღვიძე, მიხარია, რომ საყვ
არელი ადამიანები ჩემ გვერდით არიან და მათი იმედი მაქვს ყოველთვის. შემდეგ ვცდილობ დავაწყო დღის გეგმები, ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, ამიტომ ვიცი დროის ფასი და ვცდილობ, უქმად არ დავკარგო.

რამ შეიძლება გამაბრაზოს...

- უპატივცემულობამ, ყველაზე მეტად ეს მაბრაზებს, ასეთ დროს მდგომარეობიდან გამოვდივარ. ისე კი ჩემი გაბრაზება რთულია, ვცდილობ, არ გავბრაზდე, ზოგჯერ ცუდშიც კარგი ვეძებო და ცხოვრება ამით უფრო გავიმარტივო.

ფული არასოდეს მენანება...

- ფულის ფასი ვიცი - ბავშვობიდან­ საკუთარი ჰონორარი და შემოსავალიც მაქვს. მიყვარს ხარჯვა, მაგრამ ვიზოგავ კიდეც. ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო... ზოგადად, მირჩევნია დავხარჯო, სხვებს­ ვასიამოვნო, საკუთარ თავს ვასიამოვნო და ხანდახან აღარ ვფიქრობ, აი, ხვალ რომ გათენდება და ფული აღარ მექნება, რა ვქნა?

ბედნიერება არის...

- ბედნიერება პატარ-პატარა რაღაცებისგან შედგება, ბედნიერება დეტალებშია. ზუსტად ვერ ავხსნი, რა არის ბედნიერება. ვიღაცისთის შეიძლება ფულში იყოს ბედნიერება, ვიღაცისთვის ერთ ღიმილში, ან საყვარელ ადამიანთან ჩახუტებაში, ამიტომაც მგონია, რომ ეს ყველაფერი დეტალებია, რომელიც ბედნიერებაში ერთიანდება, მას ჩარჩო არა აქვს, არც საზღვრები აქვს...

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- დროზე, რომელიც ძალიან სწრაფად გადის და მინდა, ბევრი მოვასწრო. ბევრი ადამიანი გავახარო... ხანდახან თავი ისევ პატარა მგონია, რაღაცები ბავშვურად მომდის და მგონია, რომ მეპატიება,­ მერე ვაცნობიერებ, რომ აღარ ვარ პატარა... დრო ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის ყადრი თუ გვეცოდინება, უფრო სწორად ვიცხოვრებთ...

წარმატებისთვის აუცილებელია...
- პირველ რიგში, საქმის სიყვარული. თუ შენი საქმე არ გიყვარს, ვერც წარმატებული იქნები, არ შეიძლება მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთო რამე და ამან წარმატება მოგიტანოს. აუცილებელია მოთმინებაც, მარტივად ხომ არაფერი მოდის? ვინც მოითმენს, ის მოიგებსო...

10 წლის შემდეგ...

- იმედი ძალიან დიდია, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც მინდა, მაგრამ ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული... მინდა წარმატებული ვიყო, მინდა ჩემი სათქმელი ვთქვა...

ვნანობ...
- ჯერ არც ისე დიდი ვარ, რომ ვთქვა, ცხოვრება გავიარე და სანანებელი ბევრი მაქვს-მეთქი, თუმცა უბედურებაა ის, თუ რაღაცას არ ნანობ. არ შეიძლება­ უშეცდომოდ იცხოვრო, ყველაფერი იდეალურად აკეთო. ყველა რაღაცას ნანობს, ზოგი ამას აღიარებს, ზოგი - არა.

როცა დავბერდები...

- მგონია, რომ სიბერე ყველაზე ახლოს არის ბავშვობასთან, ასე რომ, დავბრუნდები ბავშვობაში, უბრალოდ, ცხოვრებისეული გამოცდილებით. მიხარია, რომ ადამიანი ბერდება, არ მეშინია არც ერთი ნაოჭის, ეს არის ნიშანი იმისა, რომ იცხოვრე.

"თავისუფალი მხოლოდ გიჟია"


ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი:

რას ნიშნავს, იყო თავისუფალი?

- თავისუფალი მხოლოდ გიჟია... თავისუფალია გალაკტიონი სიტყვებში: "მაქვს­ მკერდს მიდებული, ქნარი, როგორც მინდა"... მაგრამ, მე თუ მკითხავთ, არ არსებობს ჭეშმარიტად თავისუფლება, თვითონ სიტყვა "ჭეშმარიტებაც" ხომ გასარკვევია, რა არის? კაცობრიობაც კი ვერ იძლევა ზუსტ პასუხს იმ მოვლენაზე, რასაც თავისუფლება ჰქვია. ისევე­ როგორც, ვერ იძლევა პასუხს კითხვაზე, რა არის სიყვარული? ვერ უპასუხებ და მაგალითით რამის ჩვენება წარმოუდგენელია. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, მხოლოდ გიჟია თავისუფალი.

რა არის ტყუილი?
- ტყუილს ვერ გაზომავ, ტყუილს არ აქვს ვალენტობა, არ აქვს სამშობლო. არავინ იცის, საიდან მოდის, ან სად მიდის. ტყუილი ადამიანის ზრახვების ნაწილია... იქნებ ტყუილია ზუსტად ის, რომ ორჯერ ორი ოთხია? ტყუილს აქვს ძალა და ბევრი რამ არის დიდ ტყუილზე აშენებული...

სიმშვიდე არის...

- ადამიანი არც ერთ წამს არ არის მშვიდად... მქონია, რა თქმა უნდა, მშვიდი დღეები, ყოველგვარი გარე ხმაურის გარეშე, თუმცა შიდა ბუნება ადამიანისა წყნარი არ არის... როცა გძინავს, მაშინაც კი სიზმარს ნახულობ და შფოთავ.

ადამიანი მარტოა?

- ადამიანი საბოლოოდ მაინც მარტოა, ამ თავს რომ დავდებ ბალიშზე, მაშინ ვარ მარტო... კედლის მხარეს რომ გადავბრუნდები, მაშინ ვფიქრობ გარდაცვლილ მშობლებზე, ყველაფერზე, რაც მაწუხებს... მაშინ ვგრძნობ, რომ ვარ ადამიანი.

რა ფერია ცხოვრება?
- თქვენი ჰოლდინგის სახელწოდება: "პალიტრა" კარგია... რთული რამ არის საერთოდ პალიტრა - თბილი ფერი, ცივი ფ­ერი, ჭუჭყიანი ფერი... ფერების საშუალებით აკეთებ ყველაფერს, ძერწავ მომენტებს ცხოვრებიდან...

რა აკლია თბილისს?

- თბილისმა ყველაზე მთავარი დაკარგა­ - თბილისი აღარ არის თბილისი. ეს სხვა რამ იყო... ქალაქს აქვს სული, ისევე როგორც ადამიანს, თავისი ინდივიდუალურობა, განუმეორებლობა. სადაც უნდა ვყოფილიყავი, ნიუ-იორკსა თუ პარიზში, თბილისი ყველგან მენატრებოდა...

თამთა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით