კაცი, რომელსაც ხელოვნება უყვარდა - კვირის პალიტრა

კაცი, რომელსაც ხელოვნება უყვარდა

ავთანდილ დანელია - მსოფლიოს უპირველესი ქართველი თეატრალი, "წლის, საუკუნისა და ეპოქის" საუკეთესო მსმენელი

გამორჩეული თეატრალი ავთანდილ დანელია მოულოდნელად გარდაიცვალა და განახლებული ოპერის გახსნას ვერ მოესწრო... მოსკოვის კონსერვატორიამ მას "წლის, საუკუნისა და ეპოქის" საუკეთესო მსმენელის წოდება მიანიჭა. ეს წოდება არსად არავის მიუღია... 30 წლის განმავლობაში მოსკოვის დიდ თეატრსა და კონსერვატორიაში არც ერთი საღამო არ გაუცდენია. "გედების ტბა" მაია პლისეცკაიას მონაწილეობით 337-ჯერ ნახა, 500-ზე მეტჯერ დაესწრო "ჟიზელს", 87-ჯერ მოუსმინა მაყვალა ქასრაშვილს პროკოფიევის ოპერაში "მოთამაშე", 30 წელი უსმენდა სვიატოსლავ რიხტერს, დაესწრო "ლა სკალას" 105 სპექტაკლსა და რეპეტიციებს, რამდენჯერმე მოუსმინა ლუჩანო პავაროტის, პლასიდო დომინგოს, ანდრეა ბოჩელისა და სხვებს... ავთანდილ დანელია რჩეულ ხელოვანებს ულამაზესი და იშვიათი ყვავილების კომპოზიციებს უძღვნიდა.

ბოლო წლები თბილისში გაატარა.

"კვირის პალიტრის" არქივი ავთანდილ დანელიას მოგონებებს ინახავს...

"1974 წელს პავაროტის ცოცხლად პირველად მოვუსმინე. 1989 წელს სოლო კონცერტით ჩამოვიდა მოსკოვში. კონცერტის წინადღეს რეპეტიცია ჰქონდა, მიხეილ გორბაჩოვის პირადი დაცვის თანამშრომელმა მთხოვა, რეპეტიციას დავსწრებოდი. პავაროტის მოსვლის დრო დგებოდა, სასწრაფოდ გავემართე მეტროსკენ, ხანდაზმული ქალბატონისგან სისხლისფერი ვარდები ვიყიდე, თეატრში მივბრუნდი და უზარმაზარი თაიგულით დავხვდი პავაროტის. მას მუხლი აწუხებდა და ძლივს გამოიყვანეს სცენაზე. ძალიან ნაღვლიანი ჩანდა, მაგრამ თაიგულის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა... ერთადერთი ადამიანი ვიჯექი დარბაზში და რეპეტიციაზე კი არა, განუმეორებელ კონცერტზე ვიყავი..."

ნინო ანანიაშვილი:

- ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი მოსკოვში და არ მახსოვს, კონსერვატორიაში, დიდ თეატრსა თუ დრამატულ თეატრში რომელიმე ღონისძიებაზე არ ყოფილიყო. ის კულტურის ენციკლოპედია იყო...

კულტურის სამინისტროში უამრავი ადამიანი ინიშნება და იხსნება, მაგრამ მათი სახელები არც გვახსოვს, ავთო დანელიას სახელი კი ყველას გვემახსოვრება... მთელი ცხოვრება ყვავილების ღვთაებრივ კომპოზიციებს გვჩუქნიდა.

გოგი ჭიჭინაძე:

- დაჭრილი იყო სილამაზით! მოსკოვში შეეძლო, ბევრი ფული ეშოვა, მაგრამ ეს არ აინტერესებდა. ლუჩანო პავაროტის სოლო კონცერტზე 81 ბილეთი მისცეს და ყველა გააჩუქა. ყველას აზიარებდა ხელოვნებას. მისთვის მთავარი ესთეტიკური ტკბობა იყო... ბავშვობიდან ვიცნობდი და ავთო ბიძიას ვეძახდი. კვირაში ერთხელ მოსკოვის დიდ თეატრში მივყავდი, სადაც მისი წყალობით ყველა მიცნობდა.

ლომონოსოვის უნივერსიტეტში დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. უნივერსიტეტის ქიმიის კათედრაზე დარჩენას სთხოვდნენ, მაგრამ განაცხადა, არ შემიძლია, შვიდ საათზე ლაბორატორიაში ვიყო, ამ დროს კონცერტები იწყებაო...

გთავაზობთ ამონარიდებს ავთანდილ დანელიას ინტერვიუებიდან:

"...შესვენებაზე დირექტორის კაბინეტში გავედი, რათა მეკითხა, სად ჩამებარებინა დომინგოსთვის განკუთვნილი 1.70-მეტრიანი 13 ვარდი. კაბინეტში პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი და მისი თანაშემწე ვლადიმირ პუტინი დამხვდნენ. თეატრის დირექტორმა ორივე გამაცნო... სობჩაკმა დაიყვირა, ახლავე უნდა გავიდეს ბატონი ავთანდილი სცენაზე და დომინგოს თვითონ მიართვას ეს სასწაულიო... სცენაზე წარმოუდგენელი რამ ხდებოდა - აღფრთოვანებულმა მაყურებელმა დომინგო ძალიან ბევრჯერ გამოიყვანა სცენაზე. ამ დროს დირექტორის ბრძანებით დასი ორად გაიყო, სცენაზე თავბრუდახვეული მთვარეულივით გავედი და ბოლოში მდგომ დომინგოს ყვავილები გადავეცი... დომინგომ ძალიან მაღლა ასწია ყვავილები, ისე, რომ მომეჩვენა, თითქოს უნდოდა, ზეცისკენ გაეშვა ეს სილამაზე..."

"არასოდეს დამავიწყდება ლაიზა მინელის კონცერტი მოსკოვის საკონცერტო დარბაზში "როსია". შემატყობინეს, რომ კონცერტზე დასწრება რობიკო სტურუას სურდა. რასაკვირველია, დავპატიჟე. ერთმანეთს საკონცერტო დარბაზის წინ შევხვდით. ხელთ ფარშავანგის ფრთებით გაფორმებული შავი ტიტების თაიგული მეჭირა. მახსოვს, რობიკოს ძალიან მოეწონა".

"1991 წელს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, ზვიად გამსახურდიას ამერიკის საელჩოში შევხვდი. იმავე დღეს მოსკოვის დიდ თეატრში პარიზის "გრანდ-ოპერის" გასტროლები გაიხსნა და "ზაფხულის ღამის სიზმარს" ჩემი მიწვევით ზვიად გამსახურდია დაესწრო... მას ჩემი კულტურის მინისტრად დანიშვნა სურდა..."

"მაია პლისეცკაია 337-ჯერ ვნახე ერთსა და იმავე სპექტაკლში. ყოველი ნახვისას თითქოს პირველად ვხედავდი. მისი ხიბლიც სწორედ ის არის, რომ არასოდეს მეორდება. იმპროვიზაციის დიდი ნიჭი აქვს. სასწაული იყო "მომაკვდავი გედი". ის მომაკვდავი კი არა, "უკვდავი გედია"...

1993 წელს მაია პლისეცკაია საქართველოში ჩამოვიყვანე და ქართველმა მაყურებელმა სცენაზე მისი სასწაული იხილა. "ლაღიძის წყლებში" წავედით, სადაც მაიამ ყველა სახეობის წყალი მიირთვა და თქვა: პა-დე-ბურე (ფეხის წვერებზე მოძრაობა) გულის კარდიოგრამაა და "ლაღიძის წყლები" - თბილისის გულის კარდიოგრამაო..."

"...ცისფერმა ვარდებმა ძალიან გამიტაცა... როცა სვიატოსლავ რიხტერს მივართვი, ისე მოეწონა, 40 დღე აცოცხლა - ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა და ბახის მუსიკას უსრულებდა ვარდებს. ამბობენ, რომ ვარდს ძალიან უყვარს კლასიკური მუსიკა..."

მანანა გაბრიჭიძე