საბალეტო სპექტაკლ "გორდასთვის" 167 კოსტიუმი შეიქმნა
01-02-2016
საბალეტო სპექტაკლ "გორდასთვის" 167 კოსტიუმი შეიქმნა
"გორდას" აღდგენის პროცესში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის დროზე ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად ცეკვავდნენ


12 თებერვალს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ოპერის განახლებულ შენობაში პირველ საბალეტო პრემიერას, დავით თორაძის "გორდას" წარმოადგენს. ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით შექმნილი სპექტაკლის აღდგენის ინიციატივა საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლზე საბალეტო დასის პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობდა. "გორდას" დეკორაციები მხატვარ დავით მონავარდისაშვილს ეკუთვნის, კოსტიუმები კი
- ანა კალატოზიშვილს. ორკესტრს უდირიჟორებს რევაზ ტაკიძე. განახლებულ "გორდაზე" მუშაობის დეტალებს კოსტიუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი გვიმხელს:

- მოგეხსენებათ, დავით თორაძის ბალეტი "გორდა" ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ სპექტაკლში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავადვე ასრულებდა. 1996 წელს
"გორდა" ბალეტმაისტერმა ზურაბ კიკალეიშვილმა აღადგინა - სპექტაკლი თეატრის რეპერტუარებში რამდენიმე ათეული წელი იყო წარმოდგენილი. ამჯერად ბალეტის აღდგენა ნინო ანანიაშვილმა გადაწყვიტა... გამიხარდა, როდესაც კოსტიუმების შესაქმნელად მიმიწვიეს. მართალია, მსოფლიო დონის ბალერინასთან სხვა სპექტაკლებშიც ვთანამშრომლობდი, თუმცა "გორდა" ბევრად მასშტაბური და გრანდიოზული საბალეტო დადგმაა. პირველ რიგში, აღნიშნული შემოთავაზება ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა გახლდათ, რადგან ერთდროულად რამდენიმე გარემოება უნდა გამეთვალისწინებინა - კოსტიუმები ცეკვის დროს ბალერინებისა და ბალერონებისთვის კომფორტული უნდა ყოფილიყო, თანაც მინდოდა, ეთნოგრაფიული ტანისამოსი სცენაზე თანამედროვე ელემენტებით წარმომედგინა. ეთნოგრაფიული კოსტიუმის საბალეტო სივრცეში ადაპტირება ყოველთვის რთულია, მაგრამ ვფიქრობ, გამოწვევას თავი წარმატებით გავართვით. საბედნიეროდ, კოსტიუმებზე მუშაობისას ჩემი და ნინო ანანიაშვილის აზრებიც თანხვედრაში აღმოჩნდა.

- სპექტაკლი პერსონაჟების სიმრავლით გამოირჩევა, რომელთა შორის, აღმოსავლური ქვეყნების წარმომადგენლებიც ჭარბობენ. მათი კოსტიუმებიც თანამედროვე ეპოქასთან ადაპტირებულია?
- დიახ, საკმაოდ საინტერესო კოსტიუმები შეიქმნა სპარსელი, ინდუსი თუ სხვა პერსონაჟებისთვისაც. მათ ტანისამოსშიც ეთნოგრაფიული ხასიათია წარმოდგენილი, რაც საკმაოდ დიდი შრომის შედეგია. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის სულ 167 კოსტიუმი შეიქმნა. განახლებული საბალეტო დადგმა იმითაც გამორჩეულია, რომ მასზე პროფესიონალთა გუნდი ინტენსიურად მუშაობდა. მეტიც, "გორდას" აღდგენის პროცესში ის ადამიანებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც თავის დროზე ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად ცეკვავდნენ. მათთან მუდმივი კონსულტაციები მქონდა, უამრავი ახალი დეტალი და ნიუანსი აღმოვაჩინე, რომელიც მაყურებლისთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. მიხარია, რომ საბალეტო დასი კუთვნილ სცენაზე სწორედ ლეგენდარული "გორდათი" ბრუნდება.

- მაყურებელზე საბალეტო დადგმის გარდა განსაკუთრებულ გავლენას კოსტიუმების ფერებიც ახდენს. "გორდაზე" მუშაობისას ძირითადად რა ფერთა გამა გამოიყენეთ?
- 25 წელია თეატრში კოსტიუმების მხატვარი ვარ, არაერთ სპექტაკლსა თუ ფილმზე მიმუშავია. ყოველთვის მეუბნებიან, რომ ჩემს ხელწერას მაშინვე ცნობენ, რადგან კოსტიუმებში ძირითადად პასტელურ გამას ვიყენებ, მაგრამ "გორდა" ამ მხრივაც განსხვავებულია. ეთნოგრაფიულ ტანისამოსზე უამრავი ხელნაწერი თუ წიგნი წამიკითხავს და აღსანიშნავია, რომ ისტორიულ მასალებში აღწერილი ქართული ტანსაცმელი ერთფეროვანი სულაც არ არის. მაგალითად, დღეს არსებობს კლიშე, რომ ჩოხა აუცილებლად ბორდოსფერი, შავი ან თეთრი უნდა იყოს. არადა, ჩვენი წინაპრები ტანსაცმელში სხვადასხვა ფერს ერთდროულად იყენებდნენ, ზუსტად ისე, როგორც ფარდაგებში, ფერწერასა თუ ხატწერაში. სწორედ ამიტომ, "გორდას" კოსტიუმების ფერებშიც არ შევზღუდულვარ. თითქმის ყველა ფერი გამოვიყენე, რამაც მთლიანობაში ვიზუალურად კარგად აღსაქმელი კოსტიუმები შეგვაქმნევინა.
დანარჩენი მაყურებელმა განსაჯოს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით