"ფრანკომ განაცხადა, საბჭოთა კავშირში გაფანტული ბავშვები ჩვენ აღარ გვჭირდებაო" - კვირის პალიტრა

"ფრანკომ განაცხადა, საბჭოთა კავშირში გაფანტული ბავშვები ჩვენ აღარ გვჭირდებაო"

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიმართულებით ესპანეთიდან გემი დაიძრა, რომელსაც 5 ათასი ბავშვი მოჰყავდა...

"ღიმილის ბიჭებში" "ბანდერა როსას" მამა და მისი მეგობარი ლუის ფერნანდესი ასრულებენ. ისინი ერთი გემით ჩამოვიდნენ საქართველოში"

სამოქალაქო ომის დროს (1936-39 წწ.) ესპანეთმა მსოფლიოს დიდ ქვეყნებს - ინგლისს, ამერიკას და საბჭოთა კავშირს ბავშვების შეფარება სთხოვა. 1937 წელს საბჭოთა კავშირის მიმართულებით ესპანეთიდან გემი დაიძრა, რომელსაც 5 ათასი ბავშვი მოჰყავდა. მათ შორის იყო ჩვენი რესპონდენტის - ტერეზა სუარეს-ინაშვილის მამა დარიო სუარეს-ორდონესი.

- ოთხშვილიან ოჯახში მამა ნაბოლარა იყო და ის გამოგზავნეს საბჭოთა კავშირში. თავდაპირველად ბავშვები ლენინგრადის ბავშვთა სახლში გაამწესეს. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ბავშვების კვების რაციონში თეთრი პური შეუმცირებიათ. დირექტორს გამოუცხადებია, თეთრ პურს მაშინ შეჭამთ, როდესაც დავინახავ, რომ შავი პური მთლიანად მიირთვითო. მამა ამ ამბავს რომ იხსენებდა, იცინოდა, - დირექტორს მანამდე ეგონა, ჭკუა იხმარა, სანამ დამლაგებლებმა შავი პურით გამოტენილი მაგიდის უჯრები არ იპოვეს სასადილოშიო.

მამა იმ დღეებსაც იხსენებდა, როდესაც მუცლის ტიფის ეპიდემიამ იფეთქა ლენინგრადში. ამ დაავადებას მათი მეგობარი, ულამაზესი ესპანელი გოგონა ანა-მარია შეეწირა. გოგონა უსახელო სასაფლაოზე რომ არ დაეკრძალათ, ღამით ბავშვთა სახლის ბიჭები მორგში შეპარულან, მისი ცხედარი ზეწარში გამოუკრავთ და ჩუმად დაუმარხავთ. საფლავზე თვითონვე გაუკეთებიათ ჯვარი. ბლოკადის დროს გაყინული ლადოგის ტბით სამშვიდობოს თავდაპირველად სწორედ ესპანელი ბავშვები გაიყვანეს და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ბავშვთა სახლში გაანაწილეს. ასე აღმოჩნდა მამა თბილისში. აქ დაამთავრა ტექნიკუმი, შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო და მუშაობას სართავ-სატრიკოტაჟო ფაბრიკაში შეუდგა, სადაც გაიცნო დედაჩემი - ევგენია ინაშვილი. სუარეს-ინაშვილების ოჯახს 3 შვილი შეეძინა. მე უფროსი ვარ, ბებიის მოსახელე. ჩემს ძმებს კი, ერთს დედაჩემის ძმის სახელი დაარქვეს, გიორგი, მეორეს - ხოსე, ჩვენი ესპანელი ბაბუის პატივსაცემად.

- თბილისში სად ცხოვრობდით?

- ნაძალადევის რაიონში, ფაბრიკის თანამშრომელთათვის აგებულ ხუთსართულიან კორპუსში. მამა, მიუხედავად იმისა რომ ქართული კარგად ესმოდა და კითხულობდა, მაინც რუსულად მეტყველებდა. არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. მისი სიმღერა შემორჩენილია ფილმში "ღიმილის ბიჭები" - თუ გახსოვთ ის მომენტი, პარაშუტით რომ ეშვებიან, ისმის ესპანური სიმღერა: "ბანდერა როსა", რომელსაც მამა და მისი განუყრელი მეგობარი ლუის ფერნანდესი ასრულებენ. ისინი ერთი გემით ჩამოვიდნენ საქართველოში და სამუდამოდ მეგობრებად დარჩნენ.

- ესპანეთში გამგზავრების საშუალება როდის მოგეცათ?

- ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ესპანეთის ხელისუფლებაში ფრანკო მოვიდა. მან განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში გაფანტული ბავშვები ჩვენ აღარ გვჭირდება, კომუნისტები მათ თავიანთი იდეოლოგიით გაზრდიდნენო. წარმოიდგინეთ, როგორ ინერვიულებდნენ ამ ბავშვების ოჯახები. თითქოს ომს გამოარიდეს, არადა, გამოვიდა, რომ შვილები დაკარგეს.

მოგვიანებით, 1956 წელს, გამოცხადდა, რომ ყველა ესპანელს, ვისაც სურდა, შეეძლო, სამშობლოში დაბრუნებულიყო. ჩვენმა ოჯახმაც გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ დედაჩემის დედას ინსულტი დაემართა და დედამ - ვერ დავტოვებო. ბევრი ბჭობის შემდეგ გადაწყდა: მე და მამა უნდა გავმგზავრებულიყავით, დედა და გია კი საბჭოთა საქართველოში დარჩებოდნენ, დედას ვაი-ვიშით ჩაულაგებია ჩემოდანი, გავუცილებივართ და შინ მობრუნებულა. ატირებული კარზე ზარის ხმას გამოურკვევია - მე და მამა აეროპორტიდან მოვბრუნდით.

1967 წელს მამიდამ ვიზა გამოგვიგზავნა და მთელი ოჯახი გავემგზავრეთ ესპანეთში. ასტურიაში ზუსტად ისეთი ბუნება იყო, როგორიც ჩვენთან, გურიაში=. მამას მშობლები უკვე გარდაცვლილი იყვნენ. მისი დის - მამიდა მერსედესის შეხვედრა კი ისეთი ამაღელვებელი იყო, დღესაც მიჭირს ცრემლის გარეშე გახსენება. ეზოში იდგა ვედროებით ხელში. მამა რომ დაინახა, ვედროები დაყარა და ტირილი დაიწყო. მერსედესის ძმა ჩამოვიდაო, ერთმანეთს გადასძახეს მეზობლებმა და იქაურობა ხალხით გაივსო. მიუხედავად იმისა, რომ მამა ამ დროს უკვე 42 წლის იყო, მამიდა ღამით დგებოდა და ამოწმებდა, საბანი ხომ არ გადაიხადაო.

- ქართველი რძალი როგორ მიიღეს?

- დედას რაც უნდა გაეკეთებინა, ყველაფრით აღფრთოვანებული იყვნენ. ერთხელ მამიდამ მაღაზიაში გამგზავნა ნახევარი კილო პომიდვრის საყიდლად. მე ჩვენებურ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებს ვიყავი მიჩვეული, ტალახიანი ხილი და ბოსტნეული რომ ერთმანეთში იყო არეული, იქ კი პროდუქტი თავის სექციაში ელაგა, საუკეთესო და გაწკრიალებული. ვიანგარიშე და ჩემი პატარა ჭკუით, ჩვენი ფულით 8 კაპიკი გამოდიოდა კილო პომიდორი. ამიტომ ავდექი და 3 კილო ვიყიდე. რომ მივიტანე, მამიდას ამაყად განვუცხადე, იაფი იყო და ამდენი იმიტომ ვიყიდე-მეთქი. ამაზე ბევრი იცინეს.

- მამამ ესპანეთში საცხოვრებლად წასვლა არ მოინდომა?

- ვერ მოასწრო - 59 წლისა გარდაიცვალა. თბილისშია დასაფლავებული.

- სუარესებიდან საქართველოში ყველაზე კარგად თქვენს ძმას, ხოსეს იცნობდნენ, რომელიც ფილმ "მზიურით" გახდა ცნობილი.

- ხოსემ უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავრა, სამეგრელოში 5 წელი სკოლის დირექტორად მუშაობდა. მერე თბილისში დაბრუნდა. სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი. ჩემს ესპანელ ნათესავებს უნდოდათ, ესპანეთში გავთხოვილიყავი, მაგრამ აქ გავთხოვდი. მეან-გინეკოლოგი ვარ და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ. გიაც აქ დაოჯახდა, მაგრამ ახლა ესპანეთში ცხოვრობს. ჩემმა ძმისშვილმა და მისმა საქმრომ გადაწყვიტეს, ჯვარი საქართველოში დაიწერონ. ქორწილსაც აქ გადავიხდით და ჯვრისწერამდე სიძეც აქ მოინათლება მართლმადიდებლად.

ფრანსისკო ფრანკო - კომუნისტების მოძულე დიქტატორი

1936 წლის ივლისში ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც 1939 წლის აპრილში ფრანკოს გამარჯვებით დასრულდა. სხვადასხვა ცნობით, ამ ომში 190 000-დან 500 000-მდე ადამიანი დაიღუპა. საბჭოთა კავშირის მსგავსად, 1937 წლიდან ესპანეთშიც დაიწყო რეპრესიები და ყველა სასიკვდილო განაჩენს ფრანკო აწერდა ხელს.

1940 წლის 23 ოქტომბერს ფრანკოსა და ჰიტლერის პირველი შეხვედრა შედგა. ფრანკომ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში შეძლო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. ამ შეხვედრაზე ფრანკომ გაბედა, ფიურერისთვის უარი ეთქვა გიბრალტარის აღებაში ესპანეთის მონაწილეობაზე, ისევე როგორც უარი განაცხადა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობაზე. ამან გაანაწყენა ფიურერი. მან ფრანკოს წინააღმდეგ ცისფერი დივიზიის გამოყენება სცადა, რათა ესპანეთში თავისი მორჩილი ხელისუფლება მოეყვანა, მაგრამ ამაოდ... ფრანკომ ჰიტლერის ზეწოლის შემდეგ მაინც დათმო და თვალი დახუჭა გერმანიიდან დევნილი ებრაელების შემოდინებაზე. მისი წყალობით 60 000 ებრაელი გადარჩა. ამ დამსახურების გამო, მიუხედავად ჰიტლერთან თანამშრომლობისა, თანამედროვე ისრაელის ისტორიაში ფრანკოს სახელი საპატიო ადამიანთა შორის მოიხსენიება.

50-იანი წლების მეორე ნახევარში ფრანკოს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ევროპის ერთ-ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარებით მეორე ადგილი დაიკავა. 60-იანი წლების დასასრულს მიიღეს კანონი პრესის თავისუფლებისა და არაპოლიტიკური შეკრებების, ასევე ადამიანის უფლებების შესახებ. ამან საფუძველი მოუმზადა ქვეყანას, მშვიდობიანად გადასულიყო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ფრანკომ გადაწყვიტა, თვითონ ეზრუნა მომავალი მონარქის აღზრდაზე. ხუან კარლოსს შეასწავლა სამხედრო საქმიანობა, 1969 წელს კი ესპანეთის მეფედ გამოაცხადა.

1973 წელს ფრანკომ თავისი ნებით დატოვა მთავრობის მეთაურის პოსტი. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დღეს ესპანური რადიოთი გადმოსცეს მისი უკანასკნელი სიტყვები: "დაე, მაპატიოს ყველამ, როგორც მთელი გულით მე ვპატიობ მათ, ვინც ჩემს მტრებად იწოდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ მტრებად არ ვთვლიდი". ფრანსისკო ფრანკო დაკრძალულია მადრიდში, იმავე სასაფლაოზე, სადაც ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულები განისვენებენ.

ეკა სალაღაია