გაიცანით "ვერა" - ეროვნული ბიბლიოთეკის "რკინის ლედი" - კვირის პალიტრა

გაიცანით "ვერა" - ეროვნული ბიბლიოთეკის "რკინის ლედი"

დაახლოებით 80 სანტიმეტრი სიგრძისა და 40 სანტიმეტრი სიგანის მინისაბაგირო, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის პირველიდან მეორე კორპუსამდე მოძრაობს, დიდი ხანია, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, შეუგრძნია გაყვითლებული წიგნების სურნელი და ცოტა ხნით წარსულში უმოგზაურია, მის თვალსა და ყურს ნამდვილად არ გამოეპარებოდა სამკითხველო დარბაზში, სამარისებურ სიჩუმეში რკინის რელსებზე მოსრიალე ხმაურიანი პატარა ყუთი, რომელიც დროდადრო სამკითხველო დარბაზის ფანჯარაში შემოდის. ვინც ჯერ არ იცნობთ, გაიცანით - ეს "რკინის ლედი" "ვერა" გახლავთ, რომელიც ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან თანამშრომლად ითვლება და დაკისრებულ მოვალეობას დღემდე პირნათლად ასრულებს.

დაახლოებით 80 სანტიმეტრი სიგრძისა და 40 სანტიმეტრი სიგანის მინისაბაგირო, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის პირველიდან მეორე კორპუსამდე მოძრაობს, დიდი ხანია, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ფასდაუდებელ სამსახურს უწევს. რკინის კონსტრუქცია, რომელსაც წინ და უკან დაბურული შუშის კარი აქვს, დღეში დაახლოებით 50 რეისს აკეთებს. მისი მთავარი ფუნქცია საცავიდან სამკითხველო დარბაზამდე წიგნების გადაზიდვაა.

საბაგირო 80-იან წლებში ერთ ქართველ ინჟინერს დაუპროექტებია და თვითონვე დაუმონტაჟებია. მზისა და თოვლ-წვიმისაგან ფერგადასული მინისაბაგირო თავდაპირველად მუქი ლურჯი ყოფილა. გახუნებულ ყუთზე ახლაც კარგად იკითხება მისი სახელი:"ვერა".

17 წელია, მაია მერაბიშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელია. დედამისსაც წლების განმავლობაში საცავში ქართული ფონდის ნაწილი ებარა. ბავშვობიდან კარგად ახსოვს საბაგირო "ვერა", რომელიც მაშინ ძალიან დიდი ეგონა.

მაია მერაბიშვილი: -"ჩემთვის ბიბლიოთეკა მშობლიური სახლივითაა. ფაქტობრივად, აქ გავიზარდე. გაოცებული ვუყურებდი "ვერას" მუშაობას, რომელიც მაშინ ძალიან დიდი მეჩვენებოდა, არადა, როგორც ხედავთ, მომცრო ზომისაა.

მე მაბარია ქართული ფონდის 258 000-მდე წიგნი. ამ წიგნებს ბევრი მკითხველი ჰყავს, მაგრამ "ვერას" მხოლოდ წიგნებისთვის არ ვიყენებთ - ახალი წლის დღეებში თანამშრომლები ერთმანეთს ტკბილეულს ვუგზავნით ხოლმე..."

25 წელია, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელია მაკა პიტავაც. ის ამჟამად ბიბლიოთეკის საცავების დირექტორია. მას და კიდევ 40 თანამშრომელს, რომლებსაც ქართული, რუსული და უცხოური საგანძურის მცველები ჰქვიათ, ეს პატარა რკინის მოწყობილობა დიდ სამსახურს უწევს.

მაკა პიტავა: - ჩვენს საცავებში სამი მილიონი წიგნია. რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა მკითხველი მოთხოვნის ბარათს შეავსებდა და წარადგენდა, საცავიდან გამოეყოფოდა წიგნი, რომელიც თანამშრომლებს მოჰქონდათ. ისინი ერთი კორპუსის საცავიდან დაახლოებით 50 მეტრს ფეხით გადიოდნენ და თითოეული წიგნი სამკითხველო დარბაზამდე მიჰქონდათ, შემდეგ კი უკან აბრუნებდნენ. ეს ძალიან მძიმე შრომა იყო. ერთ თანამშრომელს დღეში 20-ჯერ მაინც უწევდა საცავიდან სამკითხველო დარბაზამდე გასვლა და უკან დაბრუნება. მას შემდეგ, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის ორივე კორპუსს "ვერა" ემსახურება, უამრავი ადამიანის დრო, ენერგია და შრომა დაიზოგა.

დღის განმავლობაში ჩემი გუნდი რამდენიმე ასეულ და ხშირად რამდენიმე ათას მკითხველს ემსახურება. ლიტერატურას ჩვენი მცველები საცავიდან სამკითხველო დარბაზს "ვერას" დახმარებით აწვდიან, დღის ბოლოს კი უკან ისევ "ვერა" აბრუნებს.

ლეგენდები "ვერაზე"

ზუსტად არავინ იცის, ამ რკინის ყუთს რატომ უწოდეს ქალის სახელი. ერთი ვერსიით, მისმა დამპროექტებელმა მეუღლის პატივსაცემად დაარქვა, მეორე ვერსიით - უიმედოდ შეყვარებული ქალბატონის სახელის უკვდავსაყოფად. ერთი კია - "რკინის ლედის" წლებმა ვერაფერი დააკლო.

მაკა პიტავა: - "ვერა" ეროვნულ ბიბლიოთეკაში გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც მსმენია, გადამზიდი ირაკლი ცაგარელმა დაამონტაჟა. სამწუხაროდ, ამ მოწყობილობის შექმნის შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს. არის ვერსია, რომ ავტორმა საყვარელი ქალის სახელი დაარქვა..."

მანანა ქიტაშვილი, მთავარი ბიბლიოთეკარი: - 1972 წლიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობ. რამდენიმე თვის წინ გვესტუმრა ხანში შესული მკითხველი და რაღაც წიგნი მოითხოვა. ვიდრე მის დაკვეთას ვასრულებდით, "ვერას" ხმაური შემოესმა. თვალები გაუბრწყინდა და აღტაცებით შენიშნა, არც კი მეგონა, ჩემი "ვერა" ამდენ ხანს თუ იმუშავებდაო... იმ დღის შემდეგ ის აქ აღარ გვინახავს.

იშვიათად, მაგრამ ხანდახან, როცა განსაზღვრულზე მეტი ტვირთის გადაზიდვა უწევს, პროტესტის ნიშნად "ვერა" ჩერდება, მაგრამ მას ჰყავს მზრუნველი, რომელსაც ვურეკავთ და ჩვენი დამხმარე მალევე იწყებს მუშაობას. იმედი გვაქვს, კიდევ დიდხანს იმუშაAვებს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ "ვერა" ყველაზე პუნქტუალურია და უშრეტი ენერგიით გამოირჩევა."

"რკინის ლედი", რომელსაც საცავიდან სამკითხველო დარბაზამდე უამრავი წიგნი გადაუტანია, დღესაც მუშაობს, ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეძლებს. მერე კი, როცა მისი ექსპლუატაციის ვადა ამოიწურება, სხვა ექსპონატთა გვერდით ღირსეულ და საპატიო ადგილს დაიკავებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი