ქართული წირვა-ლოცვა ათონის მთაზე და დიონისიატის ტაძრი, რომელის მთავარ კარს ქართველი ოსტატის ინიციალები დაამშვენებს - კვირის პალიტრა

ქართული წირვა-ლოცვა ათონის მთაზე და დიონისიატის ტაძრი, რომელის მთავარ კარს ქართველი ოსტატის ინიციალები დაამშვენებს

150-წლიანი პაუზის შემდეგ ერთი წელია, რაც ათონის მთაზე აღდგა ქართული წირვა-ლოცვის ტრადიცია. წირვას მღვდელ-მონაზონი, არქიმანდრიტი გრიგოლი ატარებს

რამდენიმე წელია, რაც ნიკოლოზ ბადურაშვილი ათონის მთაზე მოღვაწეობს. მალე მისი ნახელავი ხის კარით დიონისიატის ტაძრის 500-წლოვანი მთავარი კარი შეიცვლება. "20 წელია, ხეზე ვმუშაობ და ვხატავ, ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ვცადე, სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მხოლოდ იმ საქმეს უნდა მოვკიდებოდი, რასაც დღეს ვაკეთებ", - მეუბნება ხელოვანი.

- 2000 წელს, როცა სამების ტაძრის შენება დასრულებული იყო და ხის სამუშაოები იწყებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა გავბედეთ და მუშაობა დავიწყეთ. ისე გვიხაროდა, რომ ანაზღაურება ნაკლებად გვაინტერესებდა. თან ვმუშაობდი, თან ვსწავლობდით. მაშინ გავიცანი ჩემი მომავალი მოძღვარი - მამა იაკობ უშიკიშვილი და ახალი ცხოვრება დავიწყე. დავდიოდი მონასტრებში. ბეთანიაში მამა გაბრიელ ჯახველაძე გავიცანი, რომელიც მალე ათონის მთაზე გაემგზავრა. ერთი წლის მერე მოწვევა გამომიგზავნა. წავედი, როგორც მომლოცველი. იქ რომ ნახეს ჩემი ნამუშევრები, საბუთები მომიწესრიგეს და დამტოვეს. 3 წელი ზოგრაფის ტაძარში (ბულგარელების ტაძარი) ორი კანკელი გავაკეთე. მერე ვატოპედის (ბერძნების) მონასტერში გადავედი.

ამ მონასტრის კოშკზე 300 წლის წინანდელი საათის მექანიზმი და ხმლიანი კაცის ქანდაკებაა. კაცს ხელში ჩაქუჩი და რკინის თეფში უჭირავს. ნახევარ საათში ერთხელ ჩაქუჩს თეფშზე ურტყამს - სიკვდილის მოახლოებას გვახსენებს. ეს ფიგურა ჩემი ნამუშევრით შეიცვალა, ის ძველის ასლია და მისი სიმაღლე 2 მეტრია.

- ძველი ნაკეთობების კოპირებას ახდენთ, თუ მათ მიხედვით ქმნით ახალს?

- ორიგინალის კოპირება ხდება. ორიგინალს კი მუზეუმში ათავსებენ. აქ ყველა მონასტერს თავისი მუზეუმი აქვს.

ვატოპედიდან დიონისიატის მონასტერში გადმოვედი. აქ სამი ქართველი მეგობარი მყავს - ვანო ოდიშელაშვილი, იოსებ ტაბატაძე, მალხაზ შამანაური. ორი მათგანი ოქრომჭედელია, ერთი - ხის ოსტატი. მათ დამაკავშირეს ბერმონაზონ სიმეონს, რომელსაც ძალიან უყვარს ხელოვნება. ჩემი ნამუშევრები რომ ნახა, შემომთავაზა, გამეკეთებინა დიონისიატის მონასტრის კარი. ახლანდელი კარი 500 წლის წინანდელია და ძალიან არის დაზიანებული. დიონისიატის მონასტერი XV საუკუნისაა, სიძველით ათონის მთის მონასტრებს შორის მეხუთეა: 1. დიდი ლავრა (ბერძნების ტაძარი), 2. ვატოპედი, 3. ივერონი (უწინ ქართველების იყო, დღეს ბერძნებისაა), 4. ხილანდარი (სერბების), 5. დიონისიატის მონასტერი (ბერძნების). დიონისიატის ტაძრის კარზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყე. ეს მთავარი ტაძრის ცენტრალური კარია. დროთა განმავლობაში ტაძრის კარიბჭე იზრდებოდა და ოსტატებიც კარის ზომას ცვლიდნენ, რასაც ახლდა ორნამენტების დამატებაც. მასზე თითქოს მსგავსი ორნამენტებია გამოსახული, თუმცა ხელწერა სხვადასხვაა. ძირითადად დატანილია ბიზანტიური ორნამენტები, თუმცა აზიური დეტალებიც ბევრია. კარის სიმაღლე 2.85 სმ-ია, სიგანე - 1,20 სმ, მისი თითო ფრთა 60 სმ-ია. ახლა ახალი კარის შეღებვა-მოოქროება მიმდინარეობს. ჩონჩხი მუხისაა, ორნამენტები პანტა მსხლის ხეზეა ამოტვიფრული. ძველი კარიც ამგვარივე მასალისაა. მომცეს კურთხევა, რომ ამ კარს ჩემი ინიციალები მივაწერო ქართულ ენაზე.

- ოჯახზე მიამბეთ.

- მეუღლე, თამარ ჩხიკვაძე, ეკლესიაში გავიცანი, ორივენი მამა იაკობის სულიერი შვილები ვიყავით. ის ახლა თბილისში ცხოვრობს ჩემს შვილებთან ერთად. 6 თვეში ერთხელ ვახერხებ ჩამოსვლას.

- ბევრი შემოთავაზება გაქვთ?

- დიახ და ზოგიერთზე უკვე უარიც ვთქვი - ფიზიკურად ვერ მოვასწრებ. სიმონ-პეტრას მონასტერს უნდა გავუკეთო 2 კანკელი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ივერონთანაც. 150 წელიწადია, რაც იქ ქართველ ოსტატს არ უმუშავია.

ათონის მთას ღვთისმშობლის ბაღს ეძახიან. დღეს აქ, სხვადასხვა მონასტერში 17 ქართველი მონაზონი ცხოვრობს. სიმონ-პეტრას კელიაშიც მოღვაწეობენ ქართველი მამები.

150-წლიანი პაუზის შემდეგ ერთი წელია, რაც ათონის მთაზე აღდგა ქართული წირვა-ლოცვის ტრადიცია. წირვას მღვდელ-მონაზონი, არქიმანდრიტი გრიგოლი ატარებს.

- რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც პირველად დადგით ფეხი ათონის მთაზე?

- თითქოს ზღაპარში მოვხვდი. რუსები, სერბები, ბულგარელები - ხშირად გამომელაპარაკებიან ხოლმე და რომ გაიგებენ, ქართველი ვარ, მაშინვე გაიძახიან, - "ივერონ! ივერონ!""- იციან, რომ ქართველების მონასტერი იყო. ბედნიერებაა, როდესაც აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს.

ათონის მთა

ათონის მთა ნახევარკუნძულია. მიმოსვლა ძირითადად გემით ხდება. სამანქანო გზა არის, მაგრამ ჩაკეტილი - მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იხსნება. არქიტექტურა შუა საუკუნეების და უფრო ძველია.

პირველი მონასტერი - დიდი ლავრა - IX საუკუნეში აშენდა. ათონის მთის სიგრძე 96 კილომეტრია, 17 კილომეტრს აღწევს მისი ყველაზე განიერი ადგილი. სულ 20 მონასტერია, მათგან 17 - ბერძნებისაა, თითო სერბების, ბულგარელების და რუსების. ჩვენი ივერონის მონასტერი დღეს ბერძნების ხელშია. მის ფრესკებზე ქართული კვალი ფაქტობრივად წაშლილია. თუმცა, ივერონის მუზეუმში ბევრი მნიშვნელოვანი ქართული ნივთი ინახება. მათ შორისაა თორნიკე ერისთავის აბჯარი - ეს მონასტერი მისი შემოწირულობით აშენდა და თავადაც ათონზე აღიკვეცა მონაზვნად X საუკუნეში. აქვეა მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ძვირფასი ხატებიც.

ეკა სალაღაია