რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისში შენობები? - კვირის პალიტრა

რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისში შენობები?

მიწისძვრებმა ჰაიტიზე, ჩილეში, პაკისტანსა და თურქეთში შეაშფოთა მსოფლიო. პანიკა გამოიწვია ამერიკელი მეცნიერების ცნობამ, კერძოდ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA-ს მკვლევარ რიჩარდ გროსის თქმით, ჩილეს ცხრაბალიანმა მიწისძვრამ დედამიწა ღერძიდან გადახარა, რამაც მისი ბრუნვა ააჩქარა. ამის გამო დღე-ღამის ხანგრძლივობამაც ცვლილება განიცადა.

"კვირის პალიტრამ" სცადა, გაერკვია, რამ გამოიწვია ეს კატაკლიზმები და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ჭელიძის თქმით, ბუნებაში ახალი არაფერი ხდება, ძლიერი მიწისძვრები ყოველთვის იყო, მაგრამ დედამიწა და კაცობრიობა დღემდე არსებობს. არც ღერძის გადახრა ან მისი ბრუნვის აჩქარებაა საპანიკო, რადგან დედამიწა ისედაც გადახრილია 23 გრადუსით. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა წელიწადის სეზონური ცვლილებები

- გროსის განცხადებით, ჩილეს მიწისძვრის შემდეგ დედამიწა ღერძიდან 8 სანტიმეტრით გადაიხარა და 1,26 მიკროწამით აჩქარდა. გადახრის მასშტაბიც და აჩქარების სიდიდეც ძალიან მცირე მაჩვენებელია იმისათვის, რომ ბუნებაში არსებითი ცვლილება გამოიწვიოს. დახრა, ძირითადად, იწვევს სეზონურობის ცვლილებას, განაპირობებს სეზონურ ხანგრძლივობას დროში, შესაბამისად, გავლენას ახდენს კლიმატზე. გროსის განმარტებით, 2004 წელს სუმატრის მიწისძვრამ დედამიწის უფრო მეტად გადახრა და აჩქარება გამოიწვია, ვიდრე ბოლოდროინდელმა რყევებმა, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.

ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ და მასმედიის ამ მოვლენით დაინტერესებამ გამოიწვია შიში ხალხში, თორემ წარსულში უარესებიც მომხდარა. მაგალითად, 1960 წელს ჩილეში მიწისძვრამ მთებიც კი დაანგრია. ეს იყო დედამიწის ისტორიაში რეგისტრირებულ მიწისძვრათა შორის უძლიერესი - 9,5 მაგნიტუდა.

სეისმოლოგიაში მიწისძვრის სიხშირის და ძალის აღსანიშნავად გამოიყენება ორი პარამეტრი, - მაგნიტუდა და ბალი.  მაგნიტუდა აღნიშნავს ეპიცენტრში რყევების სიხშირეს, ბალის სიდიდე კი დგინდება იმის მიხედვით, თუ რა დამანგრეველი ძალა ჰქონდა ბიძგებს. შერყევის ძალა მაქსიმალური მხოლოდ ეპიცენტრშია. მისგან დაშორებით კი თანდათანობით მცირდება. მაგალითად, თუ ეპიცენტრში რყევის სიხშირე 9 ან 9,5 მაგნიტუდაა, ბიძგები შორ მანძილზე კლებულობს და ცვალებადი პარამეტრით, ბალით აღინიშნება.

- რა იწვევს ძლიერ მიწისძვრებს?

- დედამიწის ქერქი შედგება ფილაქნებისგან, რომლებიც ერთმანეთს ეხახუნება, ეჯახება ან ერთმანეთის ქვეშ იძირება. ჩილეში ე.წ. ნასკას ფილაქანი ჩაიძირა სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ფილაქნის ქვეშ. დედამიწის წიაღში მიწისძვრის შედეგად მძიმე, მკვრივი ქერქის ჩაძირვამ ააჩქარა დედამიწის ბრუნვა. ამასთან, მიწისძვრა იწვევს განსაზღვრულ იმპულსებს, რომელთაგან გამოწვეული ფიზიკური პროცესების გამო დედამიწის დახრა წარმოსახვითი ღერძის მიმართ მცირედით იცვლება.

დედამიწის ბრუნვის ღერძის გადახრა მხოლოდ მიწისძვრების გამო არ ხდება. სხვათა შორის, ამ მოვლენას აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარე. თუ ერთი შემთხვევა დედამიწის ბრუნვას აჩქარებს, სხვა - ანელებს. მოკლედ, ბუნება თვითონ არეგულირებს პროცესებს. გროსი იმასაც კი ამბობს, რომ  მუდმივი მიმართულების ქარები უფრო ძლიერად მოქმედებს დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე, ვიდრე მიწისძვრები.

- შეუძლია მეცნიერებას ზუსტად განსაზღვროს, სად როგორი მასშტაბის მიწისძვრაა მოსალოდნელი?

- მიწისძვრების ზუსტი პროგნოზი ურთულესი საქმეა. რყევის ძირითადი გენერატორი არის დედამიწის ქერქის რღვევა. რაც უფრო მეტად ირღვევა ქერქი, მით ძლიერია რყევა. რყევების დაწყების ზუსტი დრო კვლავ თავსატეხად რჩება. მეცნიერებმა იციან, სად და რა სიძლიერით შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ არ იციან, როდის.

- მიახლოებითი დროის განსაზღვრაც არ შეიძლება?

- მიწისძვრამდე ბევრად ადრე გახდა ცნობილი, რომ ჰაიტი განწირული იყო. 2008 წლის მაისში იქ ჩავიდა ამერიკელი მეცნიერი კალე, რომელმაც ხელისუფლებას აუხსნა, რომ ჰაიტიში მოსალოდნელი იყო კატასტროფა. კალეს მოუსმინეს, მაგრამ ზომები არ ან ვერ მიიღეს. წელიწად-ნახევრის შემდეგ კი ტრაგედია დატრიალდა. არადა, ის გრძელვადიანი პროგნოზი ნამდვილად გადაარჩენდა  250 ათას ჰაიტელს. ნგრევას ხელი შეუწყო უხარისხოდ ნაგებმა შენობებმაც.

სიფრთხილე თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. მოგეხსენებათ, ჩილეს მიწისძვრის შემდეგ როგორც კი ცუნამის საფრთხე გაჩნდა, სტიქიური ზონებიდან ხალხის ევაკუაციამ მსხვერპლი თითქმის გამოირიცხა. საბედნიეროდ, ცუნამი უფრო პროგნოზირებადია, რადგან იგი მიწისძვრიდან განსაზღვრული დროის შემდეგ ჩნდება და ხალხის საევაკუაციოდ რამდენიმე საათი რჩება.

- საქართველო როგორ ზონაში მდებარეობს?

- ხუმრობით შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკასა და სეისმოლოგიაში საქართველოს ერთნაირი მდგომარეობა აქვს. ჩვენი ქვეყანა რუსეთისა და არაბეთის ფილაქნებს შორის მდებარეობს. რუსეთის ფილაქანი თითქმის უძრავია, არაბეთისა კი მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით წელიწადში 2 სმ სიჩქარით. ასე რომ, ჩვენ ვიჭყლიტებით ორ ფილაქანს შორის, ქანები ზემოთ მიიწევს, ამიტომაც არის საქართველოში ასეთი მაღალი მთები. თუმც ჩვენთან  მაინც არ არის მოსალოდნელი დიდი მიწისძვრები.

ასეთი საფრთხე მოსალოდნელია მხოლოდ ე.წ. ცეცხლოვან რკალში, რომელიც გარს უვლის წყნარ ოკეანეს, ანუ ჩილეს, კალიფორნიას, ალასკას, იაპონიას, სუმატრას. სწორედ იქ ხდება 9-ბალიანი მიწისძვრები. ჩვენ ვიმყოფებით ალპურ-ჰიმალაიურ ზოლში, სადაც სეისმურობა აქტიურია ატლანტის ოკეანიდან ინდოეთის ჩათვლით. ამიტომაც ამ ზოლში ხშირია მიწისძვრები, მათ შორის ძლიერიც. ხომ გახსოვთ სპიტაკი და რაჭა? რაჭაში დაფიქსირდა მაქსიმალური ბიძგი, რაც შეიძლება საერთოდ მოხდეს საქართველოში.

შეიძლება უძლიერესი მიწისძვრა დაფიქსირდეს რომელიმე რეგიონში, მაგრამ იქ ხალხი არ ცხოვრობდეს და საფრთხის რისკიც ნაკლები იყოს. საქართველოში სეისმური საშიშროების მატარებელია მთიანი რეგიონები, კავკასიის მთიანეთი და ჯავახეთის ზეგანი, სადაც მოსახლეობა ძალიან ცოტაა და შესაბამისად, მსხვერპლის რისკიც ნაკლებია. მაქსიმალური მიწისძვრა, რომელიც შეიძლება მოხდეს საქართველოში,  ეპიცენტრში იქნება 7 ან 7,5 მაგნიტუდა.

- სპიტაკის მიწისძვრა თითქმის ათი ბალი იყო, ასეთივე საფრთხე კავკასიაში კიდევ არის მოსალოდნელი?

- არაბეთსა და რუსეთს შორის მდებარე რეგიონი დასერილია უამრავი პატარა რღვევით, რაც მიწისძვრებს იწვევს. სპიტაკიც იმავე მიზეზით დაინგრა, რის გამოც ჰაიტი გასწორდა მიწასთან - ორივე რღვევის ზოლზე მდებარეობს, მაგრამ გათვლილი არ ყოფილა მაქსიმალური უსაფრთხოება. სეისმურობის სიძლიერე არასწორად იყო დაფიქსირებული. საბჭოთა კავშირის დროს "სახმშენს" არ აძლევდა ხელს რესპუბლიკებში მაღალი სეისმურობის ჩვენება, რადგან ეს აძვირებდა მშენებლობას.

სეისმოლოგები კი ეჭვობდნენ, რომ სპიტაკის ზონაში დიდი მიწისძვრა იყო მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, "სახმშენის" დაჟინებით ჩვენება მხოლოდ 7 ბალზე გაიცა, მაშინ, როდესაც 9 და თითქმის 10-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლი საბჭოთა ჩინოსნების უპასუხისმგებლობის შედეგი იყო და სხვა არაფერი. ამის შემდეგ შეიცვალა სეისმური დარაიონება. საქართველოშიც რამდენიმე თვის წინ მიიღეს ახალი სეისმური დარაიონების რუკა, რომელიც ჩვენს ინსტიტუტში მომზადდა.

- გამოდის, მიწისძვრისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება მყარი, ძლიერი ბიძგების გამძლე შენობაა.

- დიახ, ასე ნამდვილად შეგვიძლია მიწისძვრის ეფექტის შემცირება. ჰაიტის ტრაგედიასთან შედარებით, ხუთასჯერ ძლიერი იყო ჩილეს მიწისძვრა, მაგრამ ხუთასჯერ ნაკლები ხალხი დაიღუპა. მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიწისძვრა არ კლავს, კლავს დანგრეული შენობა. თურქეთში 6-ბალიანმა მიწისძვრამ 50-ზე მეტი კაცი შეიწირა, რადგან ალიზის სახლები დაენგრათ. ჩვენთან, რაჭაში კი, შედარებით უკეთესი შენობების გამო 6-ბალიან ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამიტომ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება მშენებლობის ხარისხს.

- რამდენბალიან მიწისძვრას გაუძლებს დედაქალაქის სახლები?

- თბილისში 8 ბალზე სეისმომედეგობის გათვლაა საჭირო. დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შესაძლოა ნაკლები ან მეტიც იყოს რყევის ინტენსივობის სიმძლავრე. ეს დამოკიდებულია გრუნტის თვისებაზე. ამიტომაც აუცილებლად უნდა შევისწავლოთ გრუნტი ყველა რაიონში. მიწისძვრის დროს, ძირითადად, დამანგრეველია ჰორიზონტალური რხევები, რადგან ამ დროს ჩნდება ნგრევის გამომწვევი, განივი ტალღა. გრუნტი აძლიერებს ამ ეფექტს. თუ მაგარ გრუნტზე შედარებით მცირე ეფექტი ექნება რყევას, სუსტ გრუნტებზე, შესაძლოა, მოხდეს გაწყლოვანებაც, გათხიერებაც და სახლი კი არ დაინგრევა, დაწვება, გადაიხრება.

დღევანდელმა ხელისუფლებამ თბილისის განვითარების გეგმა ისე დაამტკიცა, სეისმურობა არ გაუთვალისწინებია. როდესაც გეგმავ ქალაქის განვითარებას, თავიდანვე უნდა იცოდე, სეისმური რისკებიდან გამომდინარე, სად როგორი მშენებლობაა მიზანშეწონილი. პროექტების შედგენისას გეოლოგები კი აკეთებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ არავინ იკვლევს, რა რღვევა და რა გრუნტია საფუნდამენტო ადგილთან, გააძლიერებს თუ არა ის სეისმურ რხევას. ამის გაკეთება კანონით არ არის გათვალისწინებული, ნებით კი ასეთი კვლევის ჩასატარებლად უფრო უცხოელები მოდიან ჩვენთან, ქართველები - ნაკლებად(?!), ჰესების მშენებლობის დროსაც კი იშვიათად გვაკითხავენ(!).

2002 წლის 7-ბალიანმა მიწისძვრამ თბილისში ძველი შენობები დაანგრია. ამიტომაც, მშენებლობა 8 ბალამდე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა საფრთხე გამოვრიცხოთ. მშენებლობის პროცესს მკაცრად უნდა გაკონტროლება და შენობები უმიზეზოდ აღარ გადაიხრება ან დაინგრევა.

- მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა რეალურია?

- დიახ, მაგრამ დაუშვებელია დამიზნებით იარაღად მისი გამოყენება, რადგან დედამიწა ძალიან არაერთგვაროვანია და არავინ იცის, სად მზადდება ბუნებრივი მიწისძვრა და რისი პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს ხელოვნურმა ბიძგებმა სხვა ადგილას.

"კვირის პალიტრა" შეეცადა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში დაედგინა, დედაქალაქის გენგეგმის განსაზღვრამდე რატომ არ ჩატარდა სეისმური კვლევები. როგორც გვითხრეს, სეისმური რისკების განსაზღვრა მშენებლებს ევალებათ, მერია კი უფლებას იძლევა, სად რა აშენდეს, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილის მალხაზ მუჯირიშვილის განმარტებით კი კონტროლი მაქსიმალურად მკაცრია.

- ნაგებობის პროექტის მომზადების დროს, არქიტექტორული ნაწილის გარდა, გათვალისწინებულია კონსტრუქციულიც. კონსტრუქციების სისტემა 8 ბალზეა გათვლილი. ქალაქის არქიტექტურის სამსახურში პროექტის შეთანხმების შემდეგ იწყება მშენებლობა. ჩვენ ყველა დამკვეთსა და მშენებელს ვაფრთხილებთ, რომ დაცული იყოს პროექტის შესაბამისობა, სამშენებლო და უსაფრთხოების წესები და ნორმები. ვამოწმებთ ნაგებობის პროექტთან შესაბამისობასა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ" კანონის შესაბამისად საჯარიმო სანქციებს ვაწესებთ.

- ერთი კვირის წინ გრიგალმა დაანგრია იოსებიძის ქუჩის #71-ში მშენებარე სახლის მეათე სართული. რა გარანტია გვაქვს, რომ კონსტრუქციები ისეა ნაშენი, რომ 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლოს?

- ამიტომაც ვცდილობთ მშენებლობისას დაშვებული დარღვევები გამოვასწორებინოთ მშენებლებს. საბედნიეროდ, უხეში დარღვევა არც ისე ხშირია, მაგრამ რაც კი გამოვლენილია, ყველა მათგანზე მიღებულია ზომები. უპირველესად, დამკვეთი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ფართი იოლად გაყიდოს. არსებობს სეისმომედეგობის ინსტიტუტი და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, თუნდაც დამკვეთს, მშენებლის კეთილსინდისიერებაში, შეუძლია შეამოწმებინოს. თუ ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, დამკვეთისგან მოვითხოვთ სეისმოლოგიურ დასკვნას. ზავრიევის სახელობის სეისმური კვლევის ინსტიტუტის დასკვნა ძალზე კომპეტენტურია.

KvirisPalitra.Geთურქეთი

1999 წლის 17 აგვისტოს თურქეთში, ქალაქ იზმითის მახლობლად, სტამბოლიდან 80 კმ-ის დაშორებით  დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. 9-10 ბალიანი მიწისძვრის შედეგად 17-დან 50 ათასამდე კაცი დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა 100-დან 200 ათასამდე ადამიანი. ვერ მოხერხდა ნანგრევებქვეშ მოყოლილი ათასობით ადამიანის გადარჩენა.

2010 წლის 8 მარტი. თურქეთში, ელიაზიგის პროვინციაში  5,9-ბალიან მიწისძვრას ადამიანთა მსხვერპლი და დიდი ნგრევა მოჰყვა. დაიღუპა 57 კაცი, 100-მდე დაშავდა.

სომხეთი

KvirisPalitra.Ge1988 წლის 7 დეკემბერი. კატასტროფული მიწისძვრა მოხდა სომხეთის სსრ-ის ჩრდილო-დასავლეთში. 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი. ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები: ლენინაკანი,  სტეფანავანი,  კიროვაკანი და 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. დაიღუპა 25 ათასზე მეტი კაცი, 514 ათასი - უსახლკაროდ დარჩა.

KvirisPalitra.Geჰაიტი

2010 წლის  12 იანვარი. კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი დიდი მიწისძვრის ეპიცენტრი (7 მაგნიტუდა) ჰაიტის რესპუბლიკის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 22 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.  ძლიერი ბიძგები რამდენჯერმე განმეორდა.

დაიღუპა 230 ათასი კაცი. პორტ-ო-პრენსში დაინგრა ათასობით საცხოვრებელი სახლი და თითქმის ყველა საავადმყოფო, ადმინისტრაციული შენობები. უსახლკაროდ დარჩა 3 მლნ-მდე ჰაიტელი.

ჩილე

KvirisPalitra.Ge2010 წლის 27 თებერვალი. ჩილეში მომხდარი 8,8-მაგნიტუდიანი მიწისძვრის ეპიცენტრი სანტიაგოს შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქის, კონსეფსიონიდან 90 კმ-ის დაშორებით იყო. უძლიერესმა რყევამ უმეტესად ბიო-ბიოსა და მაულეს რეგიონები დააზარალა. მიწისძვრამ 11 კუნძულსა და მაულეს სანაპიროზე ცუნამი გამოიწვია. განმეორებითი ბიძგები ჩილეში 28 თებერვალს და 1-ელ მარტსაც დაფიქსირდა.  მიწისძვრას ემსხვერპლა 600-ზე მეტი კაცი, 1200 დაიკარგა, დაზიანდა 1,5 მლნ-ზე მეტი შენობა.