"აი, შენ! ლამაზ გოგონას ამოარჩევდა, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, ფარდას გადასწევდა და..." - რეზო ჩხიკვიშვილი დარაბებს მიღმა - კვირის პალიტრა

"აი, შენ! ლამაზ გოგონას ამოარჩევდა, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, ფარდას გადასწევდა და..." - რეზო ჩხიკვიშვილი დარაბებს მიღმა

კვირის პალიტრის არქივიდან

სპექტაკლის დაწყებამდე ფარდიდან ცალ თვალს დარბაზში მსხდომ ასობით ლამაზ გოგონას შეავლებდა; შენ - არა, შენ - არა, აი, შენ! იმ ერთს ირჩევდა, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, ფარდას გადასწევდა და... მთელ სპექტაკლს მისთვის თამაშობდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იზრდებოდა. ეზოს ატამანი რეზო მეზობლის ბავშვებს შეკრებდა და მოუწოდებდა: "წავედით ფათერაკების საძებნელად!" ბავშვობისას ნამდვილად ფათერაკიანი იყო, მერე კი... არც ერთი ნაბიჯი ცხოვრებაში გაუაზრებლად არ გადაუდგამს...

რეზო ჩხიკვიშვილის მშობლები ექიმები იყვნენ. ოჯახს სურდა, რეზოც ექიმი ყოფილიყო. რეზოსაც მოსწონდა, რომ ექიმს ყველა მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სისხლის დანახვისას დღესაც გული მისდის. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გვერდი აუარა ამ პროფესიას, ის გახლდათ, რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, ოხუნჯსა და ოინბაზ მოსწავლეს ხშირად ეუბნებოდნენ: "შენ ნამდვილი მსახიობი ხარ!" იმდენი უძახეს, გაუჯდა სმენაშიც და გონებაშიც.

სკოლაში აქტიური ბავშვი იყო, "გამოსაჩენს" რომ ეძახიან, ზუსტად ისეთი. ყველა ღონისძიებაზე რეზოს უნდა წაეკითხა ლექსი.

ზუსტად ისე კითხულობდა, როგორც არიგებდნენ - ხმამაღლა და გამოთქმით. ეგონა, რომ გადასარევად გამოსდიოდა და ამიტომ, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება აიკვიატა. ვერაფრით გადააფიქრებინეს მშობლებმა.

დედა: - ბატია, მაინც ვერ ჩააბარებს, ჯობია, თვითონვე აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე.

მამა: - უხერხულია ასე მოუმზადებელი ბავშვის გამოცდებზე გასვლა, ნაცნობ რეჟისორს ვაჩვენებ, იქნებ გვირჩიოს რამე.

რეჟისორი: - ყველაფერი მინახავს, ბევრი უნიჭოსთვის მომისმენია, მაგრამ მსგავსი ჯერ არ შემხვედრია. ნუ დაღუპავთ ამ ბავშვს!

სცენა - გულდაწყვეტილი რეზო, ფერდაკარგული რეჟისორი და დარცხვენილი მამა. წუთიერი დუმილი. მოურიდებელი რეჟისორი სიმყუდროვეს არღვევს:

- გამოცდებამდე თეატრალურ ინსტიტუტში იარე კონსულტაციებზე, იქნებ, რაღაც აითვისო.

ჩაბარების დროც დადგა. პირველ და მეორე ტურში როგორღაც გავიდა. მერე მესამე, გადამწყვეტი გამოცდა. იქიდან კი "საწყალი სამიანით" გამოვიდა. გაუმართლა, ბევრი კონკურენტი არ აღმოჩნდა იმ წელს, შესაბამისად, თეატრალური ინსტიტუტის სოხუმის განყოფილების სტუდენტი გახდა და რეჟისორ ლილი იოსელიანის ჯგუფში ჩაირიცხა.

"უნიჭო" რეზომ მეორე კურსზევე შეატყო თავს, რომ გაიზარდა ფიზიკურად და გაიზარდა პროფესიულადაც. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში რეჟისორმა ანზორ ქუთათელაძემ მიაქცია ყურადღება, იმხანად რუსთავის თეატრის ხელმძღვანელმა. თავის თეატრში მიიწვია.

პირველივე როლი, რომელიც რუსთავის თეატრში მიიღო, იყო კოკა მხეიძის გმირი სპექტაკლში, "დარაბებს მიღმა გაზაფხულია". სიმართლე უნდა ითქვას, როლით დიდად არ მოხიბლულა, რომელიმე კლასიკური პერსონაჟის განსახიერება ერჩივნა, მაგრამ რაც იყო, იყო! ამ დროს ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - რეზოს ჯარში იწვევდნენ.

რეზო: - მამა, პირველი როლი მივიღე, ახლა რომ ჯარში წავიდე, ორი წლის შემდეგ დავბრუნდები, მერე კი...

მამა: - მოვიფიქრებთ რამეს! იქნებ სცადო და დააჯერო ექიმები, რომ კუჭის წყლული გაქვს.

ექიმმა მამამ შვილს ყველა სიმპტომი აუხსნა, მსახიობმა შვილმა კი ექიმები ნიჭიერად გააცურა. და ტყუილების წყალობით, "რიგითობას" გადაურჩა...

გასაოცარი წარმატება მოუტანა როლმა. ის დღე იყო და ის, ერთი თბილისელი, ნუკრივით ლამაზი ბიჭი ყველაზე პოპულარულ, სასურველ და სანატრელ მამაკაცად იქცა თავისი თაობის გოგონებისთვის.

რამდენი ჭორი დადიოდა მასზე და ეკაზე - გოგონაზე, რომელიც სპექტაკლში პარტნიორობას უწევდა - სცენაზე ერთმანეთს კოცნიდნენ, კოცნა კი მაშინ საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხალხს ათასგვარი ჭორი შეეთხზა. ეკა გათხოვილი იყო, ორი შვილი ჰყავდა, მის ქმართან რეზო მეგობრობდა კიდეც. თუმცა, მაინც გაუთავებელი ჭორები, ჭორები, ჭორები!..

რეზო ჩხიკვიშვილი საქართველოში ცამეტი წელი მოღვაწეობდა. ერთადერთი, რასაც დარდობს და გული სწყდება - ჰამლეტი ვერ განასახიერა.

თემურ ჩხეიძე: - რეზო, მინდა შენ განასახიერო ჰამლეტი.

რეზო: - ერთი წლით გერმანიაში მივემგზავრები, ჩამოვალ და მერე იყოს...

შეთანხმდნენ. თუმცა, ვერ შეასრულეს. ერთი გერმანული წელი თხუთმეტად იქცა, გერმანიაში წავიდა და დღემდე იქ არის.

ქართულ სცენაზე ბევრი კარგი როლი განასახიერა - ბოლოს იყო კალიგულა. დღესაც ახსოვთ რეზოს კალიგულა, თუმცა კოკა მხეიძის როლი და "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", ვერც ერთმა გადაფარა.

მაშინ, როცა თამაშობდა დრამაში - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", მის ცხოვრებაში დარაბებს მიღმა არავინ იყო - სიყვარული არ იყო. ამას განიცდიდა, ეძებდა, სიგიჟემდე უნდოდა ვიღაც შეჰყვარებოდა. სცენაზე გრძნობებისგან იცლებოდა, პარტერში კი არავინ იჯდა, ვისთანაც სცენის მიღმა გრძნობით აივსებოდა. მერე გზა იპოვა - სპექტაკლის დაწყებამდე ფარდიდან ცალ თვალს დარბაზში მსხდომ ასობით ლამაზ გოგონას შეავლებდა; შენ - არა, შენ - არა, აი, შენ! იმ ერთს ირჩევდა, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა, ფარდას გადასწევდა და... მთელ სპექტაკლს მისთვის თამაშობდა.

თაყვანისმცემელ გოგონებს ვერ აუდიოდა. ზოგს ხვდებოდა, ზოგთან ფლირტი ჰქონდა, ზოგს ტელეფონით ელაპარაკებოდა. მოკლედ, სიყვარულს ეძებდა. იპოვა! ურთიერთობა დაიწყო წერილებით, შემდეგ შეხვედრის დროც მოვიდა. მივიდა, ნახა და... პირდაპირი მნიშვნელობით, ყბა ჩამოუვარდა! ხუთი წლის განმავლობაში ძლიერი სიყვარული აკავშირებდათ. თავდავიწყებული რომანტიკოსი იყო. აკრძალული ურთიერთობა ჰქონდათ, ტაბუდადებული, მალავდნენ. ეს მორევი, დიდი გრძნობის მორევი, ცოლის მოყვანამდე გაგრძელდა.

საკუთარი თავისა და ცხოვრების გამო, სამწუხაროდ პირველი სასიყვარულო ურთიერთობა დათმო. ალბათ, ეს იმდროინდელი ფასეულობების და ქართული მენტალიტეტის შედეგიც იყო.

"ჩიორა" როცა გადაიღეს ცისფერი ეკრანისთვის, 1985 წელს, პოპულარულ რეზო ჩხიკვიშვილს სთხოვეს, ჩიორა გაეხმოვანებინა. მსახიობს დრო არ ჰქონდა. ბოლოს, გამონაკლისი დაუშვა - ფილმის გასახმოვანებლად ერთი კვირა, ღამის 12-დან დილის 7 საათამდე მუშაობდა. სწორედ ამ პროცესში, ეკრანზე იხილა პირველად ხათუნა ჩაგელიშვილი, გოგონა, რომელიც "ჩიორაში" მთავარ როლს თამაშობდა. გაიცნო და, არც მეტი, არც ნაკლები, არ მოეწონა! ხმამაღლა გამოთქვა აზრი. ბუნებრივია, ადრესატამდე ხმა მივიდა, ალბათ გოგონამ გულში ჩაიდო.

პრემიერის ბილეთები ერგო რეზოს. მეგობრებთან ერთად მივიდა, დარბაზში პირადად იხილა ხათუნა, დაინახა, მოეწონა, და... აკითხავდა ინსტიტუტში, სასეირნოდ დაჰყავდა, ანებივრებდა, დადიოდნენ ასე, წაიყვანდა რეზო ხათუნას, მიიყვანდა სახლამდე, წაიყვანდა-მიიყვანდა. ბოლოს, წაიყვანა და აღარ მიუყვანია. დღესაც ერთად ცხოვრობენ, ორი შვილი ჰყავთ. ბავშვები პატარები იყვნენ, როცა რეზო ოჯახით გერმანიაში გადასახლდა. უფროსი ალექსანდრე უკვე 23 წლის არის, საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს, ჰოლანდიაში. მამის ასლია, საოცრად ჰგავს - მანერები, დგომა, სიარული, ღიმილი, ხმის ტემბრი, ნაკვთები... ერთხელ, სურათი იპოვა, სადაც მისი ასაკის რეზო სიგარეტს ეწეოდა - გაოცებული უცქერდა სურათს, მერე ეჭვით იკითხა, კი მაგრამ, მე როდის ვეწეოდი სიგარეტს? მეორე შვილი სრულიად განსხვავებულია, თუმცა ძალიან სიმპათიური.

გერმანიაში, ევროპის კულტურის დედაქალაქად წოდებულ ქალაქ ესენის თეატრში რეზო ჩხიკვიშვილი შემთხვევით მოხვდა, დაუგეგმავად. "ოიდიპოს მეფე", 1992 წელს, აფხაზეთის ომის გამო, გერმანიის სცენაზე გაიტანეს. 10-ჯერ ქართულ ენაზე ითამაშეს სპექტაკლი. მაყურებელმა და თეატრის დირექციამ სწორედ იქ გაიცნეს რეზო ჩხიკვიშვილი. მიიწვიეს. კონტრაქტი ერთწლიანი იყო, თუმცა გაუგრძელეს, უკვე თხუთმეტი წელია ამ თეატრშია. ეს იშვიათობაა გერმანიაში, ყველა თეატრში ხელმძღვანელობა და დასი 5 წლით ირჩევა, შემდეგ იცვლება. თუ ძალიან კარგი აღმოჩნდა მსახიობი, კიდევ 5 წლით უგრძელებენ კონტრაქტს. როგორც ჩანს, რეზო ჩხიკვიშვილი სამმაგად - ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი აღმოჩნდა, სამ ხუთწლიან "მთავრობას" გაუძლო...

იღბალმა კიდევ ერთხელ გადმოხედა წყალობის თვალით - შემოქმედებით საქმიანობაში ზედიზედ 9 დღე აღმოაჩნდა თავისუფალი, მთელი 9 დღე! სწორედ ამ დროს დათო დოიაშვილმა "მუსიკის ჰანგების" გადმოქართულებული ვერსიის სცენაზე დადგმა განიზრახა... რეზოს მთავარი როლი შესთავაზა. რეზო დათანხმდა. პრემიერამდე დრო ცოტა იყო - მხოლოდ 8 დღე. დოიაშვილმა საოცრება მოახდინა, 24 საათიდან 18 საათს რეპეტიციებზე ატარებდნენ. სპექტაკლი რეკორდულ დროში მაღალპროფესიულად მომზადდა. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა - აქ სულ სხვა თვალებია, სხვა ტაში, სხვა სუნთქვა, სხვა ემოცია. აქ მას ყველაფერი უყვარს. ეს მისთვის ყველაფერია - საქართველო მისი ოცნება და ტკივილია.

ჰო, კიდევ, დარაბებს მიღმა ახლა მასთან ნამდვილად გაზაფხულია...

"ბომონდი" #2