"ეს, ფაქტობრივად, აღმოჩენაა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ეს, ფაქტობრივად, აღმოჩენაა" (ექსკლუზივი)

დიდი მხატვრების ორიგინალების ფოტოებს პირველად "კვირის პალიტრა" აქვეყნებს...

"მაქვს პირველი კლასის ევროპელი მხატვრის შედევრიც, რომლის ვინაობის გამხელას ჯერჯერობით ვერიდები..."

უნიკალური კოლექციის მფლობელი მარინა გურგენიძე თავის კოლექციაზე საუბრობს და დიდი მხატვრების ორიგინალების ფოტოებს პირველად "კვირის პალიტრაში" აქვეყნებს...

- ბავშვობიდან მიყვარდა ნახატები და შესაძლებლობაც მქონდა, შედევრები შემეძინა. ეს ჩემი უდიდესი სულიერი სიმდიდრეა! ასლებს ვერასოდეს აღვიქვამდი ნამდვილ ხელოვნებად. მაქვს პირველი კლასის ევროპელი მხატვრის შედევრიც, რომლის ვინაობის გამხელას ჯერჯერობით ვერიდები...

- გვიამბეთ თქვენს კოლექციაზე...

- 1987 წელს გიგო გაბაშვილის "მოხუცის პორტრეტი" ერთი ოჯახისგან შევიძინე. იმ ოჯახს წლების წინ ხევსურეთში შეუძენია. როგორც მითხრეს, ხატვისას მოხუცი ხევსური ხელში ჩაჰკვდომია გიგო გაბაშვილს... შემდეგ ეს ნახატი რამდენჯერმე გაყიდულა, ერთ-ერთ ოჯახს ხორბლის ვალი ჰქონია და რომ ვერ გაუსტუმრებია, "მოხუცის პორტრეტი" მიუცია. ეს ნამუშევარი მხოლოდ ერთხელ გამოიფინა 2011 წელს. მაშინ ბევრმა გამოთქვა შეძენის სურვილი, მაგრამ ვერ გავასხვისებდი. გამოფენის შემდეგ გაბაშვილზე წიგნიც გამოსცეს. იმ დროს ქუთაისში ვიყავი და "მოხუცის პორტრეტის" წიგნში შეტანა ვერ მოხერხდა. ამიტომაც ამ ნამუშევრის ფოტო ახლა პირველად ქვეყნდება.

გაბაშვილს ისეთი ნამუშევრები აქვს, თითქმის შეუძლებელია გაყალბება. ხელთ მაქვს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას საექსპერტო დასკვნა: "მოხუცის პორტრეტი", ფერწერული ნიმუში თავისი მხატვრულ-სტილისტიკური ნიშნებით, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ნაწარმოები გიგო გაბაშვილს მიეკუთვნება". ასევე მაქვს კულტურის სამინისტროს კომისიის დასკვნაც, რომ ეს ნამდვილად გიგო გაბაშვილის მიერ შესრულებული ორიგინალია.

- თქვენს მდიდარ კოლექციაში კიდევ რომელი მხატვრების ორიგინალებია?

- მაქვს გიგო გაბაშვილის მოწაფის, ვლადიმერ ცაგარელის მთელი კოლექცია (65 ნამუშევარი). ცაგარელმა 1923 წელს დახატა "ბაგრატის ტაძარი", რომლის ორიგინალი მე მაქვს. იმ პერიოდის "ბაგრატის ტაძარზე" არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება და ეს ნახატი, ფაქტობრივად, აღმოჩენა და ისტორიული მტკიცებულებაა... მოგეხსენებათ, რამხელა ამბავი იყო ატეხილი რესტავრირებულ ბაგრატის ტაძარზე. დღეს ტაძარი იმდენად სახეცვლილია, რომ ეს დაცინვაა... ასევე აღმოჩენაა ნახატი "მაიაკოვსკის სახლი ბაღდათში", სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ეს სახლი არსად დაფიქსირებულა, გარდა ცაგარელის ნახატისა, ამიტომაც ექსკლუზიურია... ცაგარელის ნამუშევრები არასოდეს გამოფენილა და ვფიქრობ, მისი გაცნობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გიგო გაბაშვილი "მოხუცის პორტრეტი"

- ამბობთ, რომ ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები ადვილი გასაყალბებელია და ერიდებით მის გამოქვეყნებას...

- დიახ, ასეა! მაქვს ლადო გუდიაშვილის გრაფიკა, რომელიც პარიზში 1923 წელს არის შექმნილი, სადაც გამოსახულია ქალები ირემთან. ნახატს ფრანგულად აქვს ავტორის ხელმოწერა... შემდეგ ეს ნახატი ლადო გუდიაშვილმა გააჩუქა. მას წარწერაც აქვს: "ძვირფას და შესანიშნავ ადამიანს, ბრწყინვალებით და სილამაზით დაჯილდოებულ ქალბატონს, მარო მდივნიშვილს. სიყვარულით ლადო გუდიაშვილი, 1967 წელი". ერთ-ერთი ოჯახისგან სრულიად შემთხვევით შევიძინე ეს ნახატი.

- თქვენს კოლექციას ამშვენებს ნატო გაბუნიას პორტრეტიც. ვინ არის ავტორი?

- ნატო გაბუნია ძალიან ლამაზი და მეტად საინტერესო ქალი გახლდათ. მოგეხსენებათ, ის ილია ჭავჭავაძის პირველი სიყვარული იყო... სამწუხაროდ, ამ ნახატის ავტორი უცნობია, თუმცა, ვისგანაც შევიძინე, მითხრა, რომ რუსი მხატვრის ნამუშევარია. ისე შევიძინე, არც ვიცოდი, ვინ იყო გამოსახული. შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის ბიბლიოთეკის გამგემ წიგნი მაჩვენა, სადაც ნატო გაბუნიას ფოტოც არის. ის ფოტო და ჩემი ნახატი, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა. ნატო ძალიან უყვარდა დრამატურგ ავქსენტი ცაგარელს. იქორწინეს კიდეც.

- კულტურის სამინისტრო არ ინტერესდება თქვენი კოლექციით?

- გიგო გაბაშვილის ნამუშევარი რომ შევთავაზო, დარწმუნებული ვარ, ტირილს დაიწყებენ, შესაძენად ფული არა გვაქვსო...

ჩემი მეგობარი გიორგი კალანდია ცდილობს, მუზეუმი გაამდიდროს უნიკალური ნამუშევრებით. კარგი იქნება, თუ კულტურის სამინისტრო დაინტერესდება და "ხელოვნების სასახლეში" ნატო გაბუნიას პორტრეტსაც განათავსებს. ამ ულამაზესი მსახიობის პორტრეტი სასახლეს უნდა ამშვენებდეს! მუზეუმში უნდა იყოს ვლადიმერ ცაგარელის "ბაგრატის ტაძარიც"...

დასაფასებელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა "სოთბის" აუქციონზე შეიძინა ფიროსმანის ნახატი და მუზეუმს გადასცა. მან რომ ჩემი კოლექციის შესახებ იცოდეს, ალბათ, ქველმოქმედებას გასწევდა და მუზეუმისთვის შეიძენდა იმ ნამუშევრებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის...

ჩემს კოლექციაში განსაკუთრებულია გიორგი (ჟორა) ხალატოვის ნახატი. ის სამხატვრო აკადემიის მხატვარ-რესტავრატორი გახლდათ. შემდეგ ლავრენტი ბერიამ წაიყვანა მოსკოვში და რესტავრირებული აქვს კრემლის წახნაგოვანი დარბაზი. ხალატოვი ბათუმშიც მუშაობდა და იქ ორი კაფე აქვს მოხატული. მისი ხელწერაც არის კედელზე... გიორგი ხალატოვი ეროვნებით ქურთი იყო. მან დახატა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნახატზე გამოსახულია, როგორ ხვდებიან ნიკოლოზ ბარათაშვილს გლეხები. ეს უნიკალური, ორმეტრიანი ნახატი ჩემს კოლექციას ამშვენებს და ძალიან მაღალი დონის ნამუშევარია...

ნატო გაბუნიას პორტრეტი "ამ ნახატის ავტორი უცნობია, თუმცა, ვისგანაც შევიძინე, მითხრა, რომ რუსი მხატვრის ნამუშევარია..."

ილიას რომანი ჰქონია მასზე 22 წლით უმცროს ნატო გაბუნიასთან

ნატო გაბუნია XIX საუკუნის ლეგენდა იყო. ახალგაზრდა გორელმა ქალმა სწრაფად გაიკაფა გზა მაღალი საზოგადოებისკენ. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო გორში, სადაც ის დავით ერისთავმა ნახა და 1879 წელს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში მოიწვია... ნატოსათვის საგანგებოდ წერდნენ პიესებს ი. ჭავჭავაძე ("მაჭანკალი"), ა. წერეთელი ("კინტო"), ა. ცაგარელი ("ხანუმა"), დ. კლდიაშვილი ("დარისპანის გასაჭირი").

ნატო გაბუნია მონაწილეობდა ოპერეტებშიც. მის ტკბილ ხმას აღტაცებაში მოჰყავდა თეატრის მოყვარულები. გაზეთი "დროება" წერდა: "მოუთმენელი ლოდინის შემდეგ დიდის სიამოვნებით ვეღირსეთ ბათუმში ქართული ტრუპპის (მსახიობთა, მომღერალთა და მუსიკოსთა შემოქმედებითი ჯგუფი) მოსვლას. ნ. გაბუნიას ქალმა თარზე ქართულად იმღერა. საზოგადოებამ დიდის აღტაცებით მიიღო ჩვენი ახალი ტრუპპა... ხალხმა ისევ მოითხოვა ნატო გაბუნიას გამოსვლა სცენაზე. თქვენ არ მომიკვდეთ, საზოგადოებამ ისეთი ყვირილით და ტაშის კვრით გამოითხოვა, რომ იქაურობა აიკლეს. იქამდი გაიტაცა იმისმა მშვენიერმა ხმამ ყველა, რომ ერთხელ და ორჯერ არ იკმარეს სიმღერა, მესამედ და მეოთხეჯერ მოითხოვეს, რომ უფრო კარგათ გაეგონათ მშვენიერი, ტკბილი ხმა. მეტის ტაშის კვრით ხელისგულებზე ბებერები გაგვიჩნდა" ("დროება", 1879 წელი).

მას თვით ილია ჭავჭავაძე ეტრფოდა. ამბობენ, რომ დიდი რომანიც ჰქონდა მასზე 22 წლით უმცროს ქალთან. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ თეატრიდან არტისტი დიდის ამბით გამოუყვანიათ, შუშხუნები აუშვიათ, ეტლში ჩაუსვამთ და შინ მიუყვანიათ, სადაც მეორე დღეს ოლღა გურამიშვილი ივანე მაჩაბელთან ერთად სწვევია და ქალი სადილად წაუყვანია.

"არ გასულა ერთი კვირა, მოვიდა რეპეტიციებზე ვანო მაჩაბელი და მითხრა, კნეინას ძალიან ეწყინა, პატარა ოთახი რომ გაქვსო, და თანაც რკინის ფეჩი გიდგას, შეიძლება ხმა წაგიხდეს, ნათბილარევი რომ გამოხვალ იმ პატარა ოთახიდანო. კნეინას სურს თავისთან ახლოს დაგაყენოს, ოთახი უკვე დაიქირავაო. მეორე დღეს გადამიყვანეს კნ. ოლღას მახლობლად იმავე ეზოში. სადილი, ჩაი მათთან მქონდა, რა თქმა უნდა, უზრუნველად", - იგონებდა ნატო გაბუნია.

ნატო გაბუნიამ ავქსენტი ცაგარელზე იქორწინა, მაგრამ ამ ქორწინებას ხელი არ შეუშლია ილიასა და ნატოს რომანისთვის... ილიას მეტად ჰყვარებია ნატოს სიმღერა დაირაზე. დავით კასრაძის მოგონებებში ვკითხულობთ: "წვეულებაზე ილიას გამოუტანინებია დაირა მასპინძლისთვის და თავისი ხელით გადაუცია ნატო გაბუნიასთვის. ნატოსაც ფიფინურები შეუჟღრიალებია დაირისთვის და დაუმღერებია "ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია". ილიას თვალზე ცრემლი მოსდგომია, ასთმასაც თავი გაუხსენებია. "ბატონო ილია, ბატონო ილია!" - გაისმა ნატოს ხმა, დაირა იქით მიაგდო და პატარა ბავშვივით მიუალერსა, გულზე მიიხუტა"...

მანანა გაბრიჭიძე