"ჩემი ქურქი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ოპერის თეატრის გახსნა?" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქურქი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ოპერის თეატრის გახსნა?"

იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენად ძვირფასად იმოსება, არამედ იმას, თუ რამდენად გეძვირფასება ხელოვნება.

"მოცეკვავე მამაკაცების სიმცირეს განვიცდით, მშობლებს არ სურთ, მათმა ვაჟებმა ბალეტი იცეკვონ."

12 თებერვალს თბილისის ახალგახსნილ ოპერისა და ბალეტის თეატრში მორიგი პრემიერაა, საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის მიერ აღდგენილ "გორდას" წარმოადგენს. სპექტაკლის პირველი პრემიერა 1949 წლის 30 დეკემბერს შედგა, როდესაც კომპოზიტორ დავით თორაძის ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანმა დადგა. ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი მთავარ როლსაც თავად ასრულებდა. ამჯერად ორმოქმედებიან ბალეტში მთავარ, გორდას როლს ესპანელი მოცეკვავე, ბორდოსა და რომის ოპერის თეატრების წამყვანი სოლისტი იგორ იებრა და ქართული საბალეტო დასის სოლისტი დავით ანანიაშვილი (ანანელი) იცეკვებენ.

"კვირის პალიტრა" "გორდას" რეპეტიციებს დაესწრო. სპექტაკლი იმდენად შთამბეჭდავია, რომ კოსტიუმების გარეშე, სამუშაო პროცესშიც კი აღაფრთოვანებს მაყურებელს. ქალბატონ ნინოსთან გასაუბრებას რეპეტიციის დროს გამოცხადებულ შესვენებაზე ვახერხებ. იგორ იებრა დარბაზიდან ადევნებს თვალს რეპეტიციას და ცდილობს, მათ რიტმსა და მანერას აჰყვეს. იგორი ერთადერთი უცხოელი არ არის ამ სპექტაკლში. სცენაზე ქართველ მოცეკვავეებთან ერთად დგანან იაპონელი, იტალიელი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. მეც ამ თემით ვიწყებ მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავთან ინტერვიუს:

- ქალბატონო ნინო, "გორდას" ინტერნაციონალური შემადგენლობა იცეკვებს. ეს მარკეტინგული სვლა თუ დამთხვევაა?

- ორივე ერთად. ბასკი იგორ იერბა ახლახან, გასტროლებზე ყოფნისას გავიცანი და შევთავაზე "გორდას" როლი. ის გარეგნობითაც ჰგავს ქართველს. ვიმედოვნებ, "გორდაში" არა მხოლოდ უცხოელები, უცხოეთში მოღვაწე ჩვენი მოცეკვავეები - მაია მახათელი, ელენე გლურჯიძე, თემურ სულუაშვილი და სხვებიც იცეკვებენ და სპექტაკლის ისედაც მდიდარი ბიოგრაფია კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

- მუდმივმოქმედ დასში მრავლად გყავთ უცხოელები...

- ძირითადად, ბიჭები - იტალიიდან, იაპონიიდან, პერუდან. მოცეკვავე მამაკაცების სიმცირეს განვიცდით, მშობლებს არ სურთ, მათმა ვაჟებმა ბალეტი იცეკვონ. როდესაც 60 ბიჭი გყავს, იქიდან ათიც რომ გამოვიდეს მოცეკვავე, ძალიან კარგია და როდესაც ათი გყავს და ერთიც ვერ გიმართლებს, ძალიან რთულია მუშაობა. თუმცა, საბედნიეროდ, მასას მაინც ჩვენი ბიჭები წარმოადგენენ. "გორდაში" ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავეები გვეხმარებიან. ორი მათგანი მუდმივად არის ჩვენს დასში.

- ამბობენ, რომ "გორდას" ფინალი შეცვალეთ.

- მინდოდა შეცვლა. "სურამის ციხის" ლეგენდას, რომელიც საფუძვლად დაედო "გორდას" ლიბრეტოს, ტრაგიკული ფინალი აქვს, კედელში მარხავენ ბიჭს. იმის გამო, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი კომუნისტების ეპოქაში ცხოვრობდა და მაშინ ყველგან, მათ შორის სპექტაკლშიც, ყველაფერი ბედნიერად უნდა დასრულებულიყო, ჭაბუკიანისა და ოთარ ეგაძის დადგმა ჰეფი ენდით მთავრდება. მე დავაპირე, ლეგენდის მსგავსად დამესრულებინა სპექტაკლიც, მაგრამ შემოქმედებითი გუნდი მთხოვდა, არ გვინდა ამდენი ტრაგედიაო. ამიტომაც უმნიშვნელო ცვლილებები შევიტანე. შევეცადე ჭაბუკიანის სპექტაკლი ახლებურად წარმომედგინა. ვიდეოჩართვაც გამოვიყენეთ. ძალიან ვღელავთ სცენაზე რეპეტიციისთვის დროის სიმცირის გამო. ქორეოგრაფიული ტექსტით კი მზად ვართ, მაგრამ სცენაზე პირველად 4 თებერვალს დავდექით. იმის გამო, რომ თეატრი ოპერის სპექტაკლით იხსნებოდა და სცენაზე მათი დეკორაციების შეცვლა არ შეიძლებოდა, სარეპეტიციო გრაფიკშიც ვერ ჩავეწერეთ.

- თეატრის განახლებამ საბალეტო დასის ცხოვრებაში რა შეცვალა?

- ძალიან ბევრი რამ. ბალეტს აქვს ერთი პრობლემა, ვერ ვიყენებთ ბევრ სცენურ მექანიზმს, რადგან ჩვენი იატაკი გვჭირდება. სამაგიეროდ, განათების ახალი სისტემა საოცარ ეფექტს ქმნის. თუ წინათ მაყურებელი ხუთი წუთი ელოდა დეკორაციების შეცვლას, ახლა წამებში იცვლება სურათები.

- ნოემბერში ცნობილი ჩეხი ქორეოგრაფის, ირჟი კილიანის სპექტაკლი დადგით...

- სწორედ კილიანის სპექტაკლის ჩაბარების დროს გავსინჯეთ სცენის შესაძლებლობები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ირჟი კილიანის ბალეტისთვის, რომელშიც მოცეკვავეები არა მუსიკაზე, არამედ საკუთარ ხმებზე ცეკვავენ. ასეთი სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა მხოლოდ ახლა მოგვეცა.

- თბილისის დასი მოსკოვის დიდ თეატრში საგასტროლოდ მიგყავთ? ამბობენ, ხარჯს მთლიანად მასპინძლები ფარავენ.

- ჩემი პედაგოგი რაისა სტრუჩკოვა-ლაფაური 90 წლის გახდებოდა. ის შესანიშნავი ქართველი მოცეკვავის და პედაგოგის, ალექსანდრე ლაფაურის მეუღლე იყო. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და ვასწავლი, მისი დამსახურებაა. ამიტომაც 19 თებერვალს თბილისის თეატრში მას ვუძღვნი იური პოსოხოვის მიერ ქართულ მელოდიებზე დადგმულ სპექტაკლს "ლეა", რომელშიც მეც ვცეკვავ. იმავე პროგრამას გავიმეორებ მოსკოვის დიდ თეატრში, მის საიუბილეო საღამოზე. მარტში ალექსეი ფადიჩევის რედაქციით ახალ" გედის ტბას" წარმოვადგენთ. ანდრის ლიეპა შემოგვთავაზებს ფოკინის საღამოს. ჩვენს ლამაზ თეატრში პირველად გაჟღერდება სტრავინსკი, "ფასკუნჯს" წარმოვადგენთ. ყოველივე კი, "ჟიზელით" დასრულდება. მარტში იტალიასა და ესპანეთში მიგვაქვს ბალანჩინისა და ფოკინის პროგრამა. ზაფხულში ამერიკაში გავემგზავრებით, ჯექსონის თეატრში.

- თეატრის გახსნის შემდეგ საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელებში იმაზე მსჯელობდა, ვის რა ქურქი ეცვა...

- ოპერის თეატრი იქნება ადგილი, სადაც მოსვლა ხალხს გაუხარდება. მიხვდებიან, რომ თუ ადამიანებმა ლამაზად ჩაიცვეს, კი არ უნდა გვეწყინოს, უნდა გაგვიხარდეს. იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენად ძვირფასად იმოსება, არამედ იმას, თუ რამდენად გეძვირფასება ხელოვნება. ოპერაში დაუბანელები და ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით უნდა მოვიდნენ? მეწყინებოდა, ჩემი ქურქი რომ არ შეემჩნიათ, რადგან 12 წელია თბილისში ვარ და ვერსად ვერ მოვახერხე მისი ჩაცმა. ხალხი ჩაცმულობაზე ლაპარაკობდა, ნაცვლად იმისა, ეთქვათ, რა ბედნიერებაა, რომ საქართველოში ასეთი თეატრი გვაქვსო. ჩემი ქურქი უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ოპერის თეატრის გახსნა?

მთელ მსოფლიოში არის მაყურებელთა კატეგორია, რომელმაც შესაძლოა პარტერში ვერ იყიდოს ბილეთი, მაგრამ საიდანაც შეეძლება ცქერა, იქიდან მიიღებს სიამოვნებას. ჩვენ მათთვის ვმუშაობთ და გვინდა ასეთი მაყურებლის რიცხვი კიდევ უფრო გავზარდოთ. გეპატიჟებით, მოდით, გვნახეთ და მერე წერეთ, რაც მოგესურვებათ.