"30-50 წლის შემდეგ მსოფლიოს მართავს ის, ვინც ამინდს მართავს" - ქართველები ანტარქტიდაზე - კვირის პალიტრა

"30-50 წლის შემდეგ მსოფლიოს მართავს ის, ვინც ამინდს მართავს" - ქართველები ანტარქტიდაზე

ყოველდღიურად დირექტივები გვეძლეოდა, თუ რამდენ ხანს შეიძლებოდა გარეთ გაჩერება. ჩვენ ამ ნორმებს ვიცავდით, თუმცა ერთი მონაწილე მაინც გაგვეყინა. ნასვამი იყო და საღამოს სასადილოდან სახლში რომ წავიდა, გზა აერია. იქ დავკრძალეთ, სასაფლაოზე, რომელზეც იმჟამად 21 კაცი განისვენებდა...

"ცნობისმოყვარე პინგვინები მასპინძლებივით იქცევიან, რომ მიუახლოვდები, შემობრუნდებიან და გიყურებენ. არ გესხმიან თავს და არც გარბიან, რადგან მათთვის უცხოა მტერი"

"ანტარქტიდაზე წასასვლელად ძალიან მკაცრი გამოცდა გავიარეთ. იმავე პროგრამას გავდიოდით, რომელსაც კოსმონავტები"

საბჭოთა სამეცნიერო ექსპედიციები დედამიწის უკიდურეს სამხრეთში, ყინულოვან ანტარქტიდაზე, ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსპედიციის მონაწილეებს შორის სხვადასხვა დროს 3 ქართველიც იყო: გარსევან კურდღელაშვილი, თეიმურაზ გრიგალაშვილი და ლაშარ ფულარიანი. "ჩემი ექსპედიციაში მონაწილეობიდან 40 წელი გავიდა და მას შემდეგ არც ერთი ქვეყნის სამეცნიერო ექსპედიციის შემადგენლობაში ქართველს მონაწილეობა აღარ მიუღია", - დანანებით გვითხრა ლაშარ ფულარიანმა, რომელსაც ანტარქტიდული შთაბეჭდილებების შესახებ სასაუბროდ შევხვდი.

- როდესაც შევიტყვე, რომ პირველი საბჭოთა ანტარქტიდული ექსპედიცია შედგა, მოსვენება დავკარგე. ჩემი პროფესიული არჩევანიც ანტარქტიდაზე მოხვედრის სურვილმა განაპირობა - 1960 წელს დავამთავრე უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. მამაჩემის შემდეგ, ჩემთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, ლევან გოთუამ, და პირველმა მთამსვლელმა ქალმა, ალექსანდრა ჯაფარიძემ მიმიყვანეს ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურში და უფროსს სთხოვეს, ამ ბიჭს ყველაზე მძიმე სამუშაო მიეცით, რადგან ანტარქტიდაზე აპირებს გამგზავრებასო. მანაც ყაზბეგის მაღალმთიან სადგურზე გამამწესა, რომელიც ზღვის დონიდან 3 650 მეტრზეა. იქ 2 წელი სხვადასხვა პროფესიით ვიმუშავე და დიდი გამოცდილებაც მივიღე. შემდეგ კახეთის სეტყვის საწინააღმდეგო სამსახურში გადავედი, მერე კი 10 წელი თბილისის აეროლოგიური სადგურის ხელმძღვანელად დამნიშნეს. ამ ხნის განმავლობაში არ გამნელებია ანტარქტიდაზე ფეხის დადგმის სურვილი.

1974 წლის ნოემბრის ბოლოსთვის გავემგზავრე ანტარქტიდის ექსპედიციაში. ჩვენი გემი, "პროფესორი რიზი", ლენინგრადიდან გავიდა. დაახლოებით 40 დღის შემდეგ ყინულმჭრელ "ობზე" გადავბარგდით და ყინულის ჭრით მივადექით ანტარქტიდის აღმოსავლეთ სანაპიროს. აქ მდებარეობდა ობსერვატორია "მირნი". ანტარქტიდაზე გამოვიზამთრე და წელიწადი და 4 თვის შემდეგ, 1976 წლის მარტში, უკან დავბრუნდი.

რაც წარმომედგინა, იმაზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა ანტარქტიდა - კლიმატით, უცხო გარემოთი, სილამაზით... ანტმოსფერული მოვლენების აღქმა, ოკეანის გამოძახილი, ეს ყველაფერი უცნაურ და უცხო ფერებში ირეკლებოდა ჩემ თვალწინ. იმის გამო, რომ არ იყო არავითარი ცოცხალი ორგანიზმი, ხელს თუ გავიჭრიდით, თვეების განმავლობაში არ გვიხორცდებოდა. მზარეულის დამხმარეები ვიყავით ხოლმე და ერთხელ ხახვის გაფცქვნისას ქინქლა რომ დავინახეთ, ისე გაგვიხარდა, ყველას ვაჩვენებდით. თევზი ძალიან ბევრი იყო, ანკესს რომ ჩაუშვებდი წყალში, სატყუარა არ სჭირდებოდა, იმწუთასვე ედებოდა თევზი ნემსკავს. იქ წყლის ბინადრები ცოცხალი მიკროსკოპული ორგანიზმებით, კრილით იკვებებიან. ცნობისმოყვარე პინგვინები მასპინძლებივით იქცევიან, რომ მიუახლოვდები, შემობრუნდებიან და გიყურებენ. არ გესხმიან თავს და არც გარბიან, რადგან მათთვის უცხოა მტერი.

- სულ რამდენი წევრი იყავით ექსპედიციაში?

- ობსერვატორია "მირნი" მთავარი ოფისი იყო. ექსპედიციაში სხვადასხვა პროფესიის 52 კაცი ვიყავით: მეტეოროლოგები, ჰიდროლოგები, გეოფიზიკოსები, ოკეანოგრაფები, ამას ემატებოდა სატრანსპორტო მუშაკები, მზარეულები, ექიმები, წყლის მომმარაგებლები.

წყალს ყინულისგან ვხდიდით. ყინულის ნაჭრებს ქვაბში ვადნობდით და წყლის სისტემაში მიედინებოდა.

- დასალევადაც მოიხმარდით?

- რა თქმა უნდა. ანტარქტიდაზე ხომ ბაქტერია თითქმის არ არის. რაც შეეხება საცხოვრებლებს, - მანამდე მიმდინარე ექსპედიციების დროს აგებული სახლები ყინულზე იდგა. დროთა განმავლობაში ეს სახლები, სითბოს გამო, თანდათან ყინულში იძირებოდა. ზოგიერთი 6-5 მეტრზე იყო ჩასული. ასეთ სახლებში ცხოვრება კომფორტული იყო სითბოს გამო, ქარიც არ გაწუხებდა, მაგრამ ხანძარსაშიში იყო. ჩვენი ექსპედიციის დროს ხანძარი მოხდა, ამის შემდეგ ყინულის სახლები ალუმინის სახლებმა შეცვალა, რომლებიც ამერიკელების გამოცდილებით (ალასკაზე ჰქონდათ ასეთი სახლები) ხიმინჯებზე იდგა და ქვეშ ქარი მოძრაობდა. ამიტომ არ იძირებოდა.

"ექსპედიციების დროს აგებული სახლები ყინულზე იდგა, მაგრამ დროთა განმავლობაში სითბოს გამო, თანდათან ყინულში იძირებოდა. ასეთ სახლებში ცხოვრება კომფორტული იყო, მაგრამ ხანძარსაშიში. ჩვენი ექსპედიციის დროს ხანძარი მოხდა, ამის შემდეგ ყინულის სახლები ალუმინის სახლებმა შეცვალა, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ქვეშ ქარი მოძრაობდა. ამიტომ არ იძირებოდა"

7 ასეთი შენობა გვქონდა, თითოეულ შენობაში 15-18 ოთახი იყო: ლაბორატორია, სახელოსნო, საცხოვრებელი... ვცდილობდით, ერთნაირი პროფესიის ხალხი ერთ შენობაში გაგვემწესებინა, ვინაიდან გარეთ გასვლა, მით უმეტეს, ზამთარში, გვიძნელდებოდა... სასადილოში, რომელიც 70 მეტრის მოშორებით იყო, დღეში 3-ჯერ გავდიოდით. აბანოც ცალკე გვქონდა. რუსებს უყვართ ორთქლის აბანო და ძალიან კარგად ჰქონდათ მოწყობილი.

საწყობი 7 კმ-ის მოშორებით გვქონდა -Y ყინულის ორმოში ვინახავდით პროდუქტებს. მოშორებით იმიტომ იყო, რომ ხანძრისა და სხვა ექსტრემალური სიტუაციისგან დაცული გვქონოდა სარჩო. კვირაში ერთხელ ტრაქტორებით მივდიოდით და მარაგი მოგვქონდა.

- ტემპერატურა რამდენ გრადუსამდე ეცემოდა?

- ყველაზე ცივ ადგილს მსოფლიოში გეოფიზიკური პოლუსი "ვოსტოკი" წარმოადგენდა, სადაც 1983 წელს ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა - -89.2 °ჩ დაფიქსირდა. სიცივის დროს სხეული ფიზიკურ თვისებებს იცვლის - ყინული სრიალის უნარს კარგავს და ასფალტივით ხდება. მაგალითად, უროს დარტყმით რკინის ციგა იმტვრევა, რკინის კასრებს ძირი სძვრება და მინასავით ილეწება. თუ ცეცხლს საავიაციო ნავთს დაასხამთ, ჩააქრობს, ნავთი ფაფასავით ბლანტი ხდება.

ზამთრობით "მირნიში" ტემპერატურა -25-35 გრადუსს აღწევდა. ეს საშუალო ტემპერატურად ითვლება. თუმცა საშინელება იყო გამუდმებული ქარები. ქარის ზუზუნი ჩვეული ხმა იყო ჩვენთვის. გარეთ სპეციალური სამოსით გავდიოდით, რომელიც ძაღლის ბეწვისა და ტყავისგან იკერებოდა. კორპუსებს შორის თოკები იყო გაჭიმული და შენობებს შორის ამ თოკებზე მოჭიდებულები დავდიოდით. ყოველდღიურად დირექტივები გვეძლეოდა, თუ რამდენ ხანს შეიძლებოდა გარეთ გაჩერება. ჩვენ ამ ნორმებს ვიცავდით, თუმცა ერთი მონაწილე მაინც გაგვეყინა. ნასვამი იყო და საღამოს სასადილოდან სახლში რომ წავიდა, გზა აერია. იქ დავკრძალეთ, სასაფლაოზე, რომელზეც იმჟამად 21 კაცი განისვენებდა, ძირითადად, ხანძრის, ან გაყინვის გამო გარდაცვლილები.

"ყველაზე ცივ ადგილს მსოფლიოში გეოფიზიკური პოლუსი "ვოსტოკი" წარმოადგენდა, სადაც 1983 წელს ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა -89.2 °C დაფიქსირდა"

- ირგვლივ ხომ სულ ყინულია და სამარე როგორ ითხრებოდა?

- კუნძული ხასუელი იყო ახლოს, კლდის კუნძული, იქ ყინული არ მაგრდებოდა და საფლავი ადვილად იჭრებოდა.

- როგორ არჩევდნენ ექსპედიციის წევრებს?

- ძალიან მკაცრი გამოცდა გავიარეთ. იმავე პროგრამას გავდიოდით, რომელსაც კოსმონავტები.

- ალბათ, ანაზღაურებაც მაღალი იყო.

- ჩვენი ჯამაგირი ინახებოდა, რადგან იქ თანხა არ გვეხარჯებოდა. მთლიანი გასამრჯელოთი 2 ავტომანქანა მომივიდოდა. თუმცა ჩემამდე რომ ჯამაგირი ჰქონდათ, წინა ექსპედიციის წევრებს, მისი ოდენობა ჩვენსას 30-40%-ით აღემატებოდა.

- კიდევ გამგზავრების სურვილი აღარ გაგჩენიათ?

- ანტარქტიდის ექსპედიციაში წამსვლელთა 2 კატეგორია არსებობს: ისეთები, რომელებიც 2-3-ჯერ იყვნენ ნამყოფნი ფინანსური ინტერესის გამო. ასეთი დაახლოებით მონაწილეთა ნახევარი იყო. მეორე ნახევარი, ჩემსავით, ერთჯერად ვიზიტს სჯერდებოდა. უნდოდა, ამ ყველაფრის ნახვა.

- რა მისია გეკისრებოდათ ?

- მე ოთხწევრიანი აეროლოგიური ჯგუფის წარმომადგენელი ვიყავი. ჯგუფს ჰქონდა რადიოლოკატორი და სპეციალურად დამუშავებული, 2 მეტრი სიგრძის ბუშტები, რომლებიც ჰელიუმით რომ გაიბერებოდა, 3-4 მეტრამდე იზრდებოდა. მათ ატმოსფეროში ვუშვებდით. ბუშტი ზემოთ 30-40 მ/წმ სიჩქარით ადიოდა და ყოველ 100 მეტრში გადმოსცემდა პარამეტრებს. რადიოლოკატორით ვაფიქსირებდით ყოველ 1 წუთში ტემპერატურის, წნევის, სინოტივის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების მონაცემებს. ამ სამუშაოს დღე-ღამეში 2-ჯერ ვასრულებდით. ინფორმაციას გადავცემდით მოსკოვის და ყველა კონტინენტის ცენტრებს, რომელთაც შემდეგში ყველა პროგნოსტიკური ორგანიზაცია იყენებდა.

მსოფლიოში ძალიან დიდი პროგნოსტიკური ქსელი არსებობს. როგორც ამბობენ, 30-50 წლის შემდეგ მსოფლიოს მართავს ის, ვინც ამინდს მართავს. ამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დარგი.

- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- 81 წლის ვარ, დღესაც ვმუშაობ გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შერბილების სამსახურის უფროსის მოადგილედ.

1978 წელს ანტარქტიდაზე პირველი ადამიანი დაიბადა

ანტარქტიდა კონტინენტია დედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო. ის პლანეტის ყველაზე ცივი ადგილია და თითქმის სრულად არის დაფარული ყინულით, რომლის სისქეც 1,6 კილომეტრს აღწევს. კონტინენტის ფართობი 14 მლნ კვკმ-ს შეადგენს. ამასთან, ანტარქტიდა დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტია, რომლის ზედაპირის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მეტია, კონტინენტის ცენტრში კი 4 000 მეტრს აღწევს.

"ნასას" მიერ ჩატარებული ყინულქვეშა რელიეფის კვლევისას ანტარქტიდაზე აღმოაჩინეს ასტეროიდული წარმოშობის უილკსის მიწის კრატერი. კარსტული ძაბრის დიამეტრი 482 კმ-ს შეადგენს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კრატერი წარმოიქმნა დედამიწაზე ასტეროიდის დაცემის შედეგად დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ. ასტეროიდის ჩამოვარდნისა და აფეთქებისას წარმოშობილმა მტვერმა წარმოქმნა მრავალსაუკუნიანი აცივება და მაშინდელი ფლორის და ფაუნის დიდი ნაწილის გადაშენება. დღეს ეს კრატერი დედამიწაზე ყველაზე დიდია. ანტარქტიდაზე ყველაზე სქელი ყინულის საფარია და ის პლანეტაზე არსებული მტკნარი წყლების დაახლოებით 80%-ს შეიცავს. ყინულის სიმძიმის გამო კონტინენტმა 0,5 კმ-ით ჩაიწია.

ანტარქტიდა გამოირჩევა უკიდურესად მკაცრი კლიმატით. აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე საბჭოთა სადგურ "ვოსტოკში" 1983 წლის 21 ივლისს, დედამიწაზე მეტეოროლოგიური გაზომვების ისტორიის მანძილზე დარეგისტრირდა ჰაერის ყველაზე დაბალი ტემპერატურა: -89,2 °ჩ. ეს სარეკორდო მაჩვენებელი იყო 2010 წლის 10 აგვისტომდე, როცა ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა ანტარქტიდის ერთ-ერთ წერტილში -93,2 °С დააფიქსირა.

გლობალური დათბობის გამო ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე აქტიური ფორმირება დაიწყო ტუნდრამ. მეცნიერთა პროგნოზით, 100 წლის შემდეგ ანტარქტიდაზე შეიძლება გაჩნდეს პირველი ხეები... თუ ყინული მთლიანად დადნება, მსოფლიო ოკეანის დონე 60 მეტრით აიწევს...

ანტარქტიდის მკაცრი კლიმატი ხელს უშლის ამ კონტინენტზე დასახლებას, მაგრამ დათბობის შემთხვევაში მისი ათვისება შესაძლებელია. ანტარქტიდაზე და მის შემოგარენ კუნძულებზე არსებობს ბევრი მიტოვებული დასახლება. XIX საუკუნეში ანტარქტიდის კუნძულებზე არსებობდა რამდენიმე ვეშაპმჭერი ბაზა. მეორე მსოფლიო ომის წლებში იქ გაჩნდა არგენტინისა და ჩილეს სამხედრო ბაზებიც.

დღეისათვის ანტარქტიდაზე არ არსებობს მუდმივი მოსახლეობა, აქ მდებარეობს რამდენიმე ათეული სამეცნიერო სადგური, სადაც წლის განმავლობაში 4 000 კაცი ცხოვრობს. 1978 წელს არგენტინის სადგურ "ესპერანსაში" დაიბადა ანტარქტიდის პირველი ადამიანი - ემილიო მარკოს პალმა.

ანტარქტიდის შესახებ შეთანხმების თანახმად, ანტარქტიდა არ ეკუთვნის არც ერთ სახელმწიფოს. იქ ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობა. სამხედრო ობიექტების განლაგება, სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა აკრძალულია! 1980-იან წლებში ანტარქტიდა გამოაცხადეს უბირთვო ზონად, რამაც გამორიცხა მის ტერიტორიულ წყლებში გემ-ატომმავლების გამოჩენა, მატერიკზე კი ატომური ენერგობლოკების გამოჩენა.

ეკა სალაღაია