გათხოვება - სახლიდან გაქცევის პერსპექტივა თუ "მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"
08-02-2016
გათხოვება - სახლიდან გაქცევის პერსპექტივა თუ "მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია"
ტრადიციული ქართული გაგებით, ნაადრევად ოჯახის შექმნა პრობლემა სულაც არ არის, რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია.

20 წლის გოგონას ნათესავები და მეზობლები თავს აბეზრებენ შეკითხვებით: "აღარ თხოვდები?" "როდემდე უნდა იყო მარტო". ტრადიციული ქართული გაგებით, ნაადრევად ოჯახის შექმნა პრობლემა სულაც არ არის, რეალობა კი რადიკალურად განსხვავებულია. სინამდვილეში ადრე გათხოვებამ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე შეიძლება შეუქმნას. ხშირად თინეიჯერი 18-19 წლამდე ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელია, შესაბამისად, მისი ორგანიზმი სქესობრივი აქტისა და ორსულობისთვის მზად არ არის, მშობიარობა კი შეიძლება
ფატალური შედეგით დასრულდეს. ამას გარდა, მოზარდი ფსიქოლოგიურად მზად არ არის დიდი პასუხისმგებლობისთვის, ამიტომ მენტალურმა ავადმყოფობებმაც შეიძლება იჩინოს თავი. ბიჭები ცოლის მიმართ ინტერესს მალევე კარგავენ. თავს იჩენს ფინანსური პრობლემები. საბოლოო ჯამში, წყვილი ერთმანეთს უუცხოვდება და ოჯახი ინგრევა. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ დღევანდელი თინეიჯერები ამ თემასთან დაკავშირებით,
ამიტომ მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ:

მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნა?

თორნიკე შეყილაძე, 19 წლის: - ოჯახი ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შექმნას. როცა საზოგადოებაში ადგილი აქვს დამკვიდრებული, შეუძლია თავის რჩენა და, შესაბამისად, დამოუკიდებელია. როცა კაცმა იცის, რომ ცოლი მუდამ შინ არის გამოკეტილი, მის მიმართ ინტერესი ეკარგება. ხოლო როცა ცოლი არჩენს ქმარს, პატივისცემა ქრება, მას საყვარელი მამაკაცივით კი არა, უფრო შვილივით ექცევა.

ვაკო ყიფიანი, 18 წლის: - ნაადრევად შექმნილი ოჯახი ადრე თუ გვიან ინგრევა. ცოლის მოყვანისთვის სიყვარული საკმარისი არ არის. გაჭირვება ამ გრძნობას კლავს. დროთა განმავლობაში ვნებაც ქრება, რადგანაც კაცს ერთ ქალთან სექსი ბეზრდება.

რა უბიძგებს თინეიჯერს ნაადრევად დაოჯახებისკენ

მარი ხუფენია, 15 წლის: - თავისუფლების დეფიციტი. მშობლები გოგონებს მკაცრად აკონტროლებენ. მაგალითად, არ უშვებენ ბარში, კლუბსა თუ კინოში. არ აძლევენ შეყვარებულთან შეხვედრის საშუალებას. თინეიჯერები ფიქრობენ, რომ გათხოვებით თავისუფლებას მოიპოვებენ.

სოფი ტორაძე, 18 წლის:
- მოზარდები ჰორმონების გააქტიურების გამო ოჯახდებიან. სქესობრივ მოთხოვნილებებს ქორწინების გარეშე ვერ იკმაყოფილებენ.

რა მიგაჩნიათ ნაადრევად დაოჯახების უარყოფით და დადებით მხარეებად?

ქეთი ლაღიძე, 16 წლის: ნაადრევად დაოჯახების ერთადერთი პლუსი შვილია. უარყოფითი - თავისუფალი დროის არარსებობა. საკუთარი თავისთვის ვეღარ იცლი. შენი პიროვნებაც ნელ-ნელა ქმრის ჩრდილში ექცევა.

ბექა მოსელიძე, 17 წლის:
- სასიამოვნოა, როცა შინ დაბრუნებულს ვინმე გელოდება. ცოლი მზად არის, გაგიშალოს სუფრა, შენ მაგივრად იზრუნოს ბევრ წვრილმანზე, თავს მარტოსულად არ იგრძნობ და რეგულარული სექსიც გექნება. ცუდი ის არის, რომ ოჯახის მენეჯმენტის წარმართვა გიწევს, ვეღარ ერთობი ძმაკაცებთან ერთად, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ცოლზე ფიქრი გიწევს.

მეგობარი, რომელიც ნაადრევად დაოჯახდა


თაკო ჩიტაძე, 19 წლის: - ჩემი ბავშვობის მეგობარი 20 წლის ასაკში გათხოვდა. მიუხედავად ამისა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერები არიან. ამჟამად ჩემი მეგობარი ორსულადაა. ქმარი თავს ევლება და არაფერს აკლებს.

თამუნა შანყულაშვილი, 16 წლის:
- ჩემი კლასელი 14 წლისა გათხოვდა. ულამაზესი გოგონა იყო, ახლა ისე გასუქდა, შეხედვა აღარ მინდა. მახსოვს, დამცინოდა, რა არის, სულ მეცადინეობ, სწავლაში ჩაივლის მთელი შენი ცხოვრებაო. 12 წლის უკვე წარბებს იკეთებდა და ტონალურ კრემს ისვამდა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ყველაზე შეუფერებელი აირჩია. გათხოვების შემდეგ მალევე დაორსულდა და მეგობრებს ჩამოშორდა. მისი ქმარი კი უსაქმურობს. ცოტა ხნის წინ ქუჩაში დავინახე. სევდიანი სახე ჰქონდა. მისი ქმარი წინ მიდიოდა, ეს კი, ბავშვით ხელში, უკან მონასავით მისდევდა.

ეთმობა თუ არა სკოლაში დრო ნაადრევ ქორწინებაზე მსჯელობას

რეზიკო თავდიშვილი, 17 წლის: - არც ერთ მასწავლებელს და არც სკოლის ფსიქოლოგს ჩვენთან ამ თემაზე არ უსაუბრია. სამაგიეროდ, ხშირად ჭორაობენ, რომელი მოსწავლე ვისი შეყვარებულია. არადა, აუცილებელია, მოზარდებთან ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარის განხილვა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ არ ვიცით, წინ რა გველოდება.

ნინო ალავიძე, 14 წლის: - ერთხელ ლიტერატურის გაკვეთილზე ნაადრევად დაოჯახებაზე ჩამოვარდა საუბარი. მასწავლებელმა გვირჩია, რომ ასეთ თემებზე საუბრისგან თავი შევიკავოთ. მაგალითად მოგვიყვანა პარალელურ კლასში დატრიალებული ტრაგედია. 14 და 15 წლის მოზარდები შეუღლდნენ. ქმარმა მეზობელზე იეჭვიანა და გოგოს უმოწყალოდ სცემა. ამის მოსმენის შემდეგ, ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია, არადა, ვფიქრობ, რომ პირიქით, უნდა გვემსჯელა.

თათული ღვინიანიძე
ლილი
14 თებერვალი 2016 20:22
თქვენი ვერაფერი გამიგია ,სექსი სექსი არ არის გინდ თვრამეტი წლისა ქორწინებაში იყვეს გინდ ქორწინების გარეშე? მაშ რატომღა ეწევით პროპაგანდას თავისუფალ სექსზე ადრეულ ასაკში?
hm
14 თებერვალი 2016 14:09
/18-19 წლამდე ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელია/

აი ეს რომელმა შტერმა დაწერა, ზუსტდა მაგ ასაკშია ფიზიოლოგიურად მომწიფებელი, ტუმცა ტვინიტ კი ვერა!
ვერც გამოციებიტ, ვერც სოცილაურად და ეკონომიურად


რედაქტორის რჩევით