"დღეს დოჩანაშვილი თუ წაკითხული გაქვს, კარგ ტონად ითვლება" - კვირის პალიტრა

"დღეს დოჩანაშვილი თუ წაკითხული გაქვს, კარგ ტონად ითვლება"

რატომ განაწყენდა გურამ დოჩანაშვილი ტელესპექტაკლის - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" - გამოსვლის შემდეგ

"წიგნს ბავშვობიდან უნდა შეეთვისო, თუ "სამი მუშკეტერი" ბავშვობაში არ წაიკითხე, მერე უკვე დაგვიანებულია - რომც წაიკითხო, ვეღარ გაიგებ"

"წიგნის თაროს" სტუმარია რეჟისორი ზურაბ კანდელაკი. ბატონი ზურაბი ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა და ის დროც გაიხსენა, როდესაც ერთ პატარა ოთახში უბრალო ვიდეოკამერით გადაიღო არაჩვეულებრივი ტელესპექტაკლი - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"...

- წიგნს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უკავია. ჩემთვის კითხვა ისევე აუცილებელია, როგორც პური და წყალი. წიგნის სიყვარული დედამ და ბებია-ბაბუამ ჩამინერგეს. ბაბუაჩემს შინ უამრავი საინტერესო წიგნი მოჰქონდა, თვითონაც არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა, აკრძალულ ლიტერატურას მაკითხებდა. თავის დროზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა "სამმა მუშკეტერმა", "დონ კიხოტმა", "ჰამლეტმა", რომელიც მაშინ სკოლაში ისწავლებოდა. ძალიან მიყვარს ფოლკნერის, თომას მანის, ლევ ტოლსტოის ნაწარმოებები...

- ქართველი მწერლებიდან ვის გამოარჩევდით?

- ყველა ქართველი მწერალი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს ოთარ ჭილაძე, ოთარ ჩხეიძე, ჭაბუა ამირეჯიბი. მიხარია, როდესაც საინტერესო ქართულ ნაწარმოებს აღმოვაჩენ...

- წიგნების გადაკითხვა გიყვართ?

- დღეს ინფორმაციის ისეთი ნაკადი მოდის, რომ ძნელია, რამეს მიუბრუნდე. 7-8 წლის წინ ავად გავხდი და ვიწექი. მაშინ გადავიკითხე თომას მანის "ჯადოსნური მთა", რომელმაც უფრო მეტად მომხიბლა და არანაკლებ დიდი ემოცია დამიტოვა, ვიდრე პირველი წაკითხვისას. ლიტერატურა იმით არის დიდი, რომ მასში ყოველთვის აღმოაჩენ ახალს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ შესუსტდა წიგნის მიმართ საზოგადოების ინტერესი?

- ვფიქრობ, ეს საკითხი კომპლექსურად არის განსახილველი. სოციალურ პრობლემებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ერთვის დროის სიმცირე... რეკლამას ისეთ ნაწარმოებებს უკეთებენ, რომ ნორმალურ ადამიანს მისი წაკითხვის შემდეგ შესაძლოა წიგნის მიმართ ინტერესი სამუდამოდ დაეკარგოს.

წიგნს ბავშვობიდან უნდა შეეთვისო, თუ "სამი მუშკეტერი" ბავშვობაში არ წაიკითხე, მერე უკვე დაგვიანებულია - რომც წაიკითხო, ვეღარ გაიგებ. ფილმი კარგია, მაგრამ როდესაც გაცოცხლებულ პერსონაჟს უყურებ, ხვდები, რომ ის რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფია, მე კი ჩემი ათოსი, ჩემი დ,არტანიანი მყავდა... თუმცა ზოგჯერ მსახიობის მიერ შესრულებული როლი ისეთი შთამბეჭდავია, რომ მის ტყვეობას თავს ვეღარ აღწევ. ვისაც ვასო გოძიაშვილის ლუარსაბ თათქარიძე უნახავს, სხვა ლუარსაბს ვეღარ წარმოიდგენს; მას შემდეგ, რაც ოდრი ჰეპბერნმა ამერიკულ "ომსა და მშვიდობაში" ნატაშა როსტოვა ითამაშა, ეს გმირი მხოლოდ ამ მსახიობთან ასოცირდება.

- ძალზე პოპულარული იყო თქვენი ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"...

- იმხანად გურამ დოჩანაშვილს შორიდან ვიცნობდი, ახალგაზრდა, იმედის მომცემი მწერალი იყო, თუმცა ეს ნაწარმოები წაკითხული არ მქონდა. ჩვენთან მუშაობდა რეჟისორი გიორგი გამსახურდია. მას წაეკითხა ეს ნაწარმოები, ძალიან მოსწონებია და სცენარიც გაეკეთებინა. მომიტანა - ხომ არ დაინტერესდებიო. მეც მომეწონა. პირველი კითხვაც დაისვა: "ვინ უნდა ითამაშოს?" - და ყველამ ერთხმად ვუპასუხეთ: "რა თქმა უნდა, ეროსი მანჯგალაძემ!" ვასიკო კეჟერაძის როლი ეროსისაც ძალიან მოეწონა. ინტერვიუერის როლი კი ჟანრი ლოლაშვილმა შეასრულა.

სპექტაკლი პატარა ოთახში ერთი პატარა კამერით შეიქმნა; მსახიობს თუ რამე შეეშლებოდა, ყველაფერი თავიდან უნდა დაგვეწყო... ამიტომ კადრს მიღმა დარჩა ერთი ბრწყინვალე დუბლი, სადაც ეროსი არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს... თუმცა სპექტაკლში ერთი პატარა ხარვეზი მაინც მოხვდა, რომელიც აღარ გავასწორეთ და მგონი, ვერავინ ამჩნევს. სხვათა შორის, ამ სპექტაკლში რეჟისორი კარლო ღლონტიც თამაშობს, რადგან შესანიშნავი არტისტული მონაცემები ჰქონდა... როგორც კი გავიდა სპექტაკლი ეთერში, ნაწარმოებმაც საოცარი პოპულარობა მოიპოვა...

- ბატონ გურამსაც მოეწონა?

- ბატონი გურამი ცოტა გაგვინაწყენდა, რადგან გადაღება მასთან არ შევათანხმეთ. იმხანად ასე იყო - ნაწარმოები თუ დაიბეჭდებოდა, შეგეძლო, სცენარი გაგეკეთებინა და გადაგეღო. მოგვიანებით შევურიგდით ბატონ გურამს და სპექტაკლიც ძალიან მოეწონა. შემდეგ გამოსცა "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე" - და მომიტანა. მე ვუთხარი, ამასაც დავდგამთ-მეთქი... ეს ჩემი ბოლო ტელესპექტაკლი იყო. შემდეგ რადიოში გადმოვედი და სპექტაკლებს ახლა აქ ვაკეთებ. ისე, ამ თვალსაზრისით რადიო გაცილებით საინტერესოა. რადიოსპექტაკლის მოსმენა და წიგნის კითხვა ერთი და იგივეა.

- ახალგაზრდა მწერლების ნაწარმოებებს თუ ეცნობით?

- თვალს ვადევნებ, თუმცა გამორჩევა გამიჭირდება.

- პროექტ "ქართული პროზის საგანძურზე" რას გვეტყვით, რომელიც მედიასახლმა "პალიტრამ" წამოიწყო?

- შესანიშნავი პროექტია, რადგან წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ვერ ვიტყვი, რომ ხალხი არ კითხულობს, მაგრამ ასეთი ბიძგები სჭირდებათ, ლიტერატურამ უფრო მეტად რომ დააინტერესოს. ძალიან მიხარია, რომ პირველად გურამ დოჩანაშვილის წიგნი დაიბეჭდა. დღეს დოჩანაშვილი თუ წაკითხული გაქვს, კარგ ტონად ითვლება. ეს სასიხარულოა, რადგან დიდი მწერალი ხდება მოდური და არა ისინი, გამუდმებით ტელეეკრანზე რომ ჩანან და ყველაფერზე გამოხატავენ თვალსაზრისს...

დავით ოქრუაშვილი

"ყველა სიახლე" #10