რას უქადის ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას
08-02-2016
რას უქადის ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას
"რობოტები უახლოეს დროში მსოფლიოში 5 მილიონ ადამიანს დატოვებენ უმუშევარს"

ტექნოლოგიური რევოლუციის წინასწარმეტყველი რეი კურცვაილი წერდა: "დადგება დრო, როცა ადამიანი შექმნის ხელო­ვნურ ინტელექტს, როცა ადამიანური ისტორია დასრულდება და უკვე მის ბედს ვეღარ ვიწინასწარმეტყველებთ". დღეს ზოგიერთმა მეცნიერმა განგაშიც კი ატეხა. "კომპიუტერები სიჩქარესა და მეხსიერების მოცულობას 18 თვეში­ ერთხელ აორმაგებენ. არის საშიშროება, რომ კომპიუტერებს გონება განუვითარდეთ და ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში. მათ შეუძლიათ, ყოველ ჩვენგანს ჭკუით აჯობონ; ადამიანები კი კომპიუტერებთან კონკურენციას ვეღარ შეძლებენ, რადგან
მათ შესაძლებლობებს შენელებული ბიოლოგიური ევოლუცია ზღუდავს", - განაცხადა ბრიტანელმა თეორეტიკოსმა, ფიზიკოსმა სტივენ ჰოუკინგმა. მას მხარი ისეთმა ადამიანმაც აუბა, რომელმაც კომპიუტერული პროგრამების სრულყოფა 13 წლის ასაკში დაიწყო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპიუტერული კომპანიაც შექმნა - ბილ გეიტსმა! "ადამიანებს უნდა აწუხებდეთ ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული საშიშროება, -
ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში,­ - მანქანები გააკეთებენ ბევრ საქმეს ჩვენ მაგივრად და ეს სულაც არ იქნება ჭკვიანური". რასაკვირველია, არიან ამ მოსაზრების მოწინააღმდეგენიც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, - ტექნოლოგიურმა რევოლუციამ დედამიწაზე რაღაც არსებითი უნდა შეცვალოს. მეცნიერების პროგრესსა და სავარაუდო მომავალზე ფიზიკოს გია ბუსხრიკიძეს ვესაუბრებით...

- დღეს ბევრს საუბრობენ ხელოვნურ ინტელექტზე. ცნობილი მეცნიერის, გია დვალის­ სიტყვებიც მახსენდება: "ფრთხილად უნდა ვიყოთ.... სად უნდა დავადგინოთ ზღვარი, რა მომენტიდან გახდა კომპიუტერი, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური, რომ ცნობიერება შეიძინა­ და აზროვნებს? თუ ჩავთვლით, რომ კომპიუტერი გახდა ცნობიერი, მაშინ მას უფლებებიც უნდა მიანიჭო! ხომ არ შეიძლება, გყავდეს ცნობიერი არსება, რომელსაც უფლებები არ ექნება და მონასავით გეყოლება?!"...

- სანამ მეცნიერები დაიწყებდნენ ხელოვნურ ინტელექტზე საუბარს, ამ თემებზე ფანტასტმა მწერლებმა ნაწარმოებები შექმნეს. მეცნიერ რეი კურცვაილს ზოგჯერ "მოაზროვნე მანქანასაც" ეძახიან, ხოლო მისი წინასწარმეტყველებებიდან უკვე იმდენი ასრულდა, წესით, ადამიანი უნდა დაფიქრდეს. მაგალითად, სწორედ მან იწინას­წარმეტყველა, რომ 1997 წელს კომპიუტერი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონთან­ გაიმარჯვებდა და ასეც მოხდა - ამ წელს კომპიუტერმა გარი კასპაროვი დაამარცხა.

არ ვიცი, რა დავარქვა - შემაშფოთებელი თუ საიმედო, მაგრამ მისი დანარჩენი წინასწარმეტყველებები ასეთია: 2020 წლისთვის პერსონალური კომპიუტერის "გონი" ადამიანის ტვინის სიმძლავრის ტოლი გახდება; 2029 წელს კომპიუტერი დაამტკიცებს, რომ ინტელექტი აქვს; 2030-იანი წლებისთვის სიცოცხლე გახანგრძლივდება, რადგან ადამიანს საკვებს ნანოტექნოლოგიები შეურჩევს - ისინი გამოთვლიან, კონკრეტული ადამიანისთვის რა იქნება სასარგებლო; 2040-იან წლებში­ ადამიანის სხეული ნანორობოტების დახმარებით შეძლებს ნებისმიერი ფორმის მიღებას, ხოლო შინაგანი ორგანოები შეიცვლება ფაქტობრივად უცვეთი კიბერნეტიკული მოწყობილობებით; 2045 წელს კი დადგება ტექნოლოგიური სინგულარობა, რაც ნიშნავს, რომ ამის შემდეგ კაცობრიობის ბედის განჭვრეტა შეუძლებელი გახდება.

- შესაძლოა, ადამიანი უკვდავი გახდეს?
- სხვათა შორის, რეი კურცვაილს 2013 წელს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, - თურმე უამრავ წამალს სვამთ, სიცოცხლის სკანირებას ხომ არ ელოდებით, რომ უკვდავი გახდეთო. მან უპასუხა:­ "რთულია იმის თქმა, რომ მარადიულად ვიცხოვრებ. უკვდავება ჯერ არ არის რეალობა, თუმცა სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიებს შეუძლიათ მისი მოახლოება. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ იმ დრომდე ვიცოცხლებ, როცა საკუთარი­ თავის "დასეივება" "შემეძლება".
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის უდიდეს პროგრესსაც მოასწავებს, მაგრამ ვერც იმის გარანტია გვექნება, რომ ეს ხელოვნური "გონი" ადამიანს არ დაუპირისპირდება.
ახლახან იაპონელმა მეცნიერებმა, ხელოვნური ინტელექტის პრინციპებზე დაყრდნობით, შექმნეს რობოტი უფროსი­, რაც თვითორგანიზებად ნეირონულ ქსე­ლს გულისხმობს. თვითორგანიზებადი ნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიას ადამიანის ტვინის მსგავსად შეუძლია დამახსოვრება, შესწავლა და ცოდნის გამოყენება. ასევე შეუძლია ხმოვანი, ვიზუალური და შეგრძნებით მიღებული­ ინფორმაციის აღქმა, საჭირო მომენტში ბრძანებების გაცემა და სიტუაციის კონტროლი.

- ვისურვოთ, რომ "რკინის უფროსებს" თავში ცუდი არაფერი მოუვიდეთ, თუმცა, ისიც ცხადია, რომ რობოტიზაცია ადამიანებს მასობრივი უმუშევრობით გვემუქრება.

- სტატისტიკური გამოთვლებით, რობოტები უახლოეს დროში მსოფლიოში 5 მილიონ ადამიანს დატოვებენ უმუშევარს. მაგალითად, ბოლო ათწლეულში აშშ-ში ინდუსტრიული რობოტების რაოდენობამ 72%-ით იმატა. როგორც ამბობენ, ხელოვნურ ინტელექტს მოჰყვება "შემოქმედებითი­ სიკვდილი", რობოტები გაზრდიან შრომის ნაყოფიერებას, თუმცა შეამცირებენ შემოქმედებით უნარებს.

გაიზრდება უმუშევრობა და ამით გამოწვეული სტრესები. რობოტებით ადამიანების ჩანაცვლების ნიმუშად სან-ფრანცისკოს მაგალითიც გამოდგება: აქ შექმნეს რობოტები, რომლებიც ბურგერებს ამზადებენ და სწრაფი კვების რესტორნებში მომუშავეებს ანაცვლებენ. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტიც: არაბთა გაერთიანებული საამიროები 2017 წლისთვის რობოტი პოლიციელის სამუშაოზე მისაღებად ემზადება. რობოტებმა შესაძლოა, პრეტენზიები არ გამოთქვან, მაგრამ მათთან ერთად მუშაობა აუტანელი იქნება - მათ ხომ ადამიანური შეგრძნებები არ ექნებათ...

თუმცა, ადამიანი იმდენად ჭკვიანია, რომ მეიმედება, კეთილი გონი გაიმარჯვებს. ზოგადად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოდესღაც ჩვენი მზეც და დედამიწაც მოკვდება. ვარსკვლავების სიკვდილი თეორიულად ასეა გააზრებული: ვარსკვლავი ფეთქდება და გარშემო აფრქვევს ნივთიერებათა კოლოსალურ ნამსხვრევებს. ჩვენი მზის ჩაქრობა დაახლოებით 5 მლრდ წლის შემდეგ ივარაუდება. თუმცა, ამბობენ, რომ გაცივების შემდეგაც ის დიდხანს იქნება და ინათებს, ოღონდ იქნება ჯუჯა თეთრი ვარსკვლავი. ასევე მოუვა დედამიწას. თუმცა, როგორც ჰოუკინგი ამბობს: "თუ დედამიწაზე კატასტროფა მოხდება, ეს არ იქნება კაცობრიობის დასასრული, რადგან ამ დროს კოსმოსში უნდა ვიყოთ გასული. ჩვენ ვერასგზით შევქმნით მდგრად კოლონიებს სივრცეში დაახლოებით 100 წელიწადი, მაგრამ კოსმოსს უსათუოდ ავითვისებთ!"

ოდესმე მაინც დადგება კოსმოსის კოლონიზაციის დრო, რადგან ადამიანის გონებასაც ისეთივე ამოუწურავი აზროვნების შრეები აქვს, როგორიც თვით სამყაროს - ადამიანი შეეცდება, ის ბარიერები გადალახოს, რაც კოსმოსის კოლონიზაციაში ეღობება.

- ქართველების რა როლს ხედავთ ამ საოცარ მომავალში, თუნდაც კოსმოსის კოლონიზაციაში?
- ქართველებს გვყავდა დიმიტრი უზნაძე, რომელსაც კაცობრიობის ფსიქოლოგიური მეცნიერება დიდ პატივს სცემს... როცა შვეიცარიაში საქმე დიდი კოლაიდერის აწყობაზე მიდგა, მის შექმნაში ლამის მთელი ინტელექტუალური მსოფლიო მონაწილეობდა და ერთი ნაწილი ქართველებმაც ააწყვეს.

"ხელოვნური შვილები" მოხუცებისთვის

დღეს იაპონია სიცოცხლის ხანგრძლივობით ყველაზე "ხანში შესული" ქვეყანაა, ამიტომაც დაიწყეს ფიქრი, როგორ მომსახურებოდნენ მოხუცებულთა არმიას. გარდა იმისა, რომ მოხუცები კუნძულზე, ფეშენებელურ თავშესაფრებში დაასახლეს და იდეალურ პირობებში ჰყავთ, მათ "ხელოვნური შვილებიც" გაუჩინეს, რომ მათზე სიბერეშიც ეზრუნათ. სწორედ ამიტომაც შეიქმნა რობოტი "პარო" - საყვარელი სელაპი, რომელიც შეხებაზე რეაგირებს, გამოსცემს ხმებს და სახელის დაძახებაზე "მშობლისკენ" იხედება. ითხოვს ჭამას, ანუ საწოვარას ფორმის დამტენის პირში ჩადებას, მერე კი კმაყოფილი იღიმება; გატრუნული თვალებს ხუჭავს, როგორც კი თავზე ხელის გადასმას იგრძნობს. ღამით სძინავს და დღისით თამაშობს. ერთი სიტყვით, "Pპაროს" წყალობით მოხუცებს­ მოწყენა არ ემუქრებათ. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ "პაროზე" მზრუნველი მოხუცები ნაკლებად ჭირვეულობენ და ნაკლები წამლებიც სჭირდებათ.

ხუან კარლოსს მიესალმება... "იაპონელი" რობოტი

ტექნოლოგიების წარმოებაში იაპონიას ჯერჯერობით ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაეჯიბრება. ეს უზარმაზარი ტექნოლოგიური ნახტომები იაპონელებს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობას აგრძნობინებს და თავის მოწონების საფუძველსაც აძლევს; 2008 წელს იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ და დედოფალმა მიჩიკომ იაპონიაში სტუმრად მყოფ ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-სა და ესპანეთის­ დედოფალ სოფ­იას უპირველესად წარუდგინეს ადამიანის მსგავსი რობ­ოტი, რომელმაც მისალმებისას ესპანეთის მეფეს, იაპონელ­ების მსგავსად, თავი დაუკრა, რითაც ფრიად ასიამოვნა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით