"უმადური კაცი ფინთია" ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"უმადური კაცი ფინთია" ბლიცინტერვიუ

"ყველაზე დიდი სიმშვიდე იქნება, თუ შეგნებულად შევძელი მისვლა იმ შეუცნობელთან, რასაც სიკვდილი ჰქვია"

"ახლა ვფიქრობ, ადამიანს პირდაპირ უნდა უთხრა ყველაფერი და თავის ადგილზე დასვა. დღევანდელი სინამდვილე ამას ითხოვს"

თემურ წიკლაური, მომღერალი:

თავისუფლება ჩემთვის არის...

- თუ უფლის გზით ივლი, თავისუფალი ხარ. მთლად თავისუფალი ადამიანი არ არსებობს. არჩევანი უზარმაზარია, თუმცა ჩემი არჩევანი ყველაზე სწორი მგონია.

რამ შეიძლება გამაბრაზოს...

- ბევრმა რამემ. ყველაზე მეტად არ მიყვარს უმადურობა, უმადური კაცი ფინთია. არა მარტო ადამიანის, ქვეყნის უმადური, დედაშვილობის უმადური, სიცოცხლის უმადური... მაბრაზებს უმადურობა.

სტიმულს მაძლევს...

- ბოლო დროს დაახლოებით 20 ახალი სიმღერა ჩავწერე. მეუბნებიან, კონცერტები არ ტარდება, არაფერი ხდება, რად გინდა ეს სიმღერებიო. ასეთი პასუხი მაქვს: კომბლეც ხომ თლიდა კომბლებს, ჭერში აწყობდა, რა იცი, რაში გამომადგესო, აი, ასე ვარ მეც... განგებამ ასეთად მომავლინა, რაღაც დამავალა, მომცა ხმა, მომცა სმენა და კიდევ გონი განსაზღვრისა. მე უნდა ვიმღერო. ეს არის ჩემთვის სტიმული.

როცა მაქებენ...

- რომ გითხრა, ქებით შეწუხებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. ხშირად მსიამოვნებს კიდეც, მაგრამ ხანდახან მიუღებლად მიმაჩნია.

ვნანობ....

- ვნანობ, რომ ბევრი დრო დავხარჯე და არ დავუთმე უფრო დიდი დრო ჩემს საქმეს. მაგრამ იმ მდინარეში ვეღარ შევალ, რომელმაც ჩაიარა... კიდევ ერთი - მე ყოველთვის ვმღერი, ტყუილუბრალოდ პირს არ ვაღებ. ოდესმე რომ მომეტყუებინა ჩემი მსმენელი, აუცილებლად ვინანებდი.

ყველაზე მშვიდად ვგრძნობ თავს...

- მე სტიქაროსანიც ვარ. როდესაც საკურთხეველში შევდივარ, უზარმაზარი შფოთია სულის, ხოლო იქ ყოფნა უკვე სიმშვიდეა... უზარმაზარი სიმშვიდე ისადგურებს გულში, როდესაც აღსარებას ვაბარებ. ალბათ, ყველაზე დიდი სიმშვიდე იქნება, თუ შეგნებულად შევძელი მისვლა იმ შეუცნობელთან, რასაც სიკვდილი ჰქვია.

მენატრება...

- ჩემი შვილი, გიორგი... ახლა 38 წლის უნდა იყოს, ყოველთვის მენატრება.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- არც მოსვლა უკითხავთ და არც წასვლას დამეკითხება არავინ. ასე რომ, არ ვიცი, ვერ გიპასუხებ. ალბათ, ოპერას მივხედავდი და მეტ დროს დავუთმობდი. მაგრამ ერთია, ისევ საქართველოში ვიცხოვრებდი.

სურვილები მომავალ თაობას...

- თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო, ხომ გაგიგია. ჩვენი ქვეყნის დანიშნულება წარსულში გამოიხატა და ამ დროშიც იხატება. თქვენ თუ თქვენი ქვეყანა არ გეყვარებათ, სხვა მას როგორღა შეიყვარებს? არაჩვეულებრივი ენა გვაქვს, საოცარი კულტურა, ამიტომ ნუ ეძებთ ბედნიერებასა და წარმატებას სხვაგან, აქ შექმენით, აქ იბრძოლეთ, აქ იშრომეთ.

გოგა პიპინაშვილი, მსახიობი:

თავისუფლება ჩემთვის არის...

- ვთვლი, რომ თავისუფალი ვარ, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში თავისუფლების მიღწევის კოეფიციენტი მაინც დაბალია, რადგან სოციუმი, რომელშიც ცხოვრობ, ბუნებრივია, გზღუდავს. ყველაფერს რომ თავი დააღწიო, ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევს, რომელიც შეიძლება შეუსაბამო იყოს იმ გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ. შესაბამისად, გარკვეული პროცენტით ვარ თავისუფალი. სხვანაირად არ გამოვა.

ტყუილი გამართლებულია, როცა...

- არის შემთხვევები, როცა შესაძლებელია თქვა პატარა ტყუილი, მაგრამ რაც უფრო თავისუფლად და ტყუილის გარეშე ცხოვრობს ადამიანი, მით მყარია მისი ნაბიჯები. ნებისმიერ შემთხვევაში, სიმართლით ცხოვრება ჯობია. ჩემთვის ბევრჯერ დაუსვამთ კითხვა, უკავშირდება თუ არა სცენა ტყუილს. არა, მეგობრებო, მე არავის ვატყუებ, ეს თქვენ, მაყურებლები იტყუებთ საკუთარ თავს, როდესაც ყიდულობთ ბილეთს, მოდიხართ სპექტაკლზე და სურვილი გაქვთ, ნახოთ ჩემი სახით ვიღაც პიროვნება.

რამ შეიძლება გამაბრაზოს...

- მე ძალიან გაბრაზებული ვარ... ყოველდღე, როგორც კიბეს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთს მეორე ემატება და ადამიანები ერთმანეთს შორდებიან. შორდებიან ისე, რომ გულისყურით არ უსმენენ ერთმანეთს. მე იმით მეამაყებოდა ჩემი ქვეყანაც და ჩემი ერიც, რომ შეგვეძლო ერთმანეთის ტკივილის გაზიარება, ერთმანეთის გამხნევება. დღეს ეს ყველაფერი დაიკარგა.

ადვილად პატიობთ ადამიანებს?

- ვერა, განსაკუთრებით ვერ ვპატიობ არაპროფესიონალიზმს, ამის გამო ვცდილობ, ჩავკეტო ჩემი წრე, ეს წრე კი ნელ-ნელა პატარავდება.

შეცდომას ადვილად აღიარებთ?

- კი, თუმცა ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემს პოზიციას თავგამოდებით ვიცავ, მაგრამ მარტივად შემიძლია მივიღო შენიშვნა ადამიანისგან, გავიგო და გავიაზრო. შესაბამისად, მე სულ ვსწავლობ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვსწავლობ ჩემი პატარა მოსწავლეებისგანაც კი. როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ ყველაფერი იცის და შეცდომას არ დაუშვებს, იქ მთავრდება ის ადამიანი და მისი საქმეც. მთელი ჩვენი ცხოვრება გაკვეთილია, რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ.

გადაწყვეტილებებს ადვილად იღებთ?

- ძნელად, ამიტომაც მეგობრებმა გოგა გადაუწყვეტელი დამარქვეს. ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ვსვამ და ვიდრე ამომწურავი არ იქნება პასუხი, ვერ ვწყვეტ. თუმცა რისკიანიც ვარ.

მიზნის მისაღწევად...

- ხშირად მიზანი, რომელსაც ვისახავ ხოლმე, წყლის ნაყვაა... ექსკლუზივია, რასაც ახლა გეუბნებით: მხატვრული ფილმის გადაღება გადავწყვიტე. რაკი კინოცენტრმა უარი მითხრა გადაღებაზე და არაკომპეტენტურმა პირებმა ასე გადაწყვიტეს, მეც არ ავდგები და არ ვყოფილვარ ღირსი-მეთქი, არ ვიტყვი. ხელს არ ჩავიქნევ, პირიქით, ვეცდები, მათაც თვალი ავუხილო და გპირდებით, რომ ეს ფილმი დღის სინათლეს აუცილებლად იხილავს.

ვნანობ...

- ვნანობ, რომ ბევრი დრო დავკარგე ორჭოფობაში. ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ ადამიანს პირდაპირ უნდა უთხრა ყველაფერი და თავის ადგილზე დასვა. დღევანდელი სინამდვილე ამას ითხოვს.

თბილისმა დაკარგა...

- თბილისელობა, რომელიც ჩემთვის ცალკე ცნება იყო. მთელი ცხოვრება ვამაყობდი, თუმცა სულაც აღარ მინდა ამ თბილისის თბილისელობა. როცა ჩემი თბილისი არსებობდა, მაშინ ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვასაც კი ვერ იტყოდა მამაკაცი, დღეს კი ეს ტელე თუ კინოეკრანებიდან იღვრება. მითხარით, რა არის ეს? თავისუფლების ხარისხი? აი, აქედან იწყება ჩემთვის ყველაფერი და იქ მთავრდება, როდესაც არანაირი ცენზი აღარ არსებობს.

თამთა ასათიანი