დედაქალაქის საშიში უბნები
08-02-2016
დედაქალაქის საშიში უბნები
2000 წელს საქართველოს გეოლოგიური სამსახურის საინფორმაციო ბიულეტენში თბილისის მასშტაბით 60 მეწყერსაშიში უბანი, 10-ზე მეტი ღვარცოფ-ტრანსფორმირებადი ხევი და შეტბორვის რამდენიმე უბანი ფიქსირდებოდა.

2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დედაქალაქის გეოდინამიკური მდგომარეობა გაუარესდა. გასული წლის 13 ივნისის სტიქიის დროს მხოლოდ ერთ ხეობაში გეოლოგებმა 60-ზე მეტი ახალწარმოქმნილი მეწყრული უბანი დააფიქსირეს. რამდენიმე დღის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა დაასრულა მდინარე გლდანისხევის აუზის გეოლოგიური კვლევა. მხოლოდ ამ ერთ ტერი­ტორიაზე 91 ახალი მეწყრული ადგილი და
5 ღვარცოფული ხევი დაფიქსირდა.

მდინარე გლდანისხევის აუზი

მერაბ გაფრინდაშვილი, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი: - მდინარე გლდანისხევის აუზი 64 კვკმ-ია. მხოლოდ ამ ერთ აუზში 91 მეწყრული სხეული და 5 ღვარცოფული ხევი დაფიქსირდა. მართალია,­ ამ მდინარის სათავე მცხეთის რაიონშია, მაგრამ უშუალოდ თბილისზე ზემოქმედებს. გამოვყავით ის 12 უბანი, სადაც
დამცავი­ ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს. დამეწყრის რისკით ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არის მამკოდის სააგარაკე დასახლება, სადაც დღეს მუდმივად ცხოვრობს მოსახლეობა. არ შეიძლება მდინარის ჭალა-კალაპოტის საცხოვრებლად ათვისება, ვინაიდან ჭალა 10-12 წელიწადში ერთხელ აუცილებლად დაიტბორება და რა სავალალო შედეგებიც მივიღეთ ვერეს ხეობაში, იგივე შეიძლება მოხდეს.

"მშენებლობის პროცესში გამაგრებითი სამუშაო ჩატარდა(!)"

- როდესაც ქალაქის ურბანული დაგეგმარება იწყება, მთავარი საფუძვლის შესწავლა, ანუ გეოლოგიური კვლევაა. საბურთალოზე ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მუშაობამ მომიწია. საცხოვრებელ კორპუსს­ აშენებდნენ და მშენებლობის პროცესში გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დასჭირდათ(!). ვურჩიე, უსაფრთხო ადგილას ეკეთებინათ ბიზნესი, პასუხად კი მივიღე, რომ ცენტ­რალური უბნები უფრო სარფიანია, პერიფერიებში კი უძრავ ქონ­ებას ვერ ყიდიან... აუცილებლად უნდა არსებობდეს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მოითხოვს კვალიფიციურ ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს მშენებლობის ნებართვას. ხშირად საქმე მშენებლის სინდ­ისამდე მიდის... არის შემთხვევები, როცა გეოლოგი იძლევა დასკვნას, რომ აშენდეს, მაგალითად, 8-სართულიანი სახლი, მაგრამ მესაკუთრე ან მშენებელი კიდევ რამდენიმე სართულს ადგამს. არადა, საძირკველი 8 სართულზეა გათვლილი. ასეთი სახლები მიწისძვრის დროს მაღალი რისკის შემცველია. უნდა კონტროლდებოდეს სამშენებლო მასალაც.

"მზიურის" ტერიტორია

"მზიურის" ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, რომელიც არ უნდა აშენებულიყო! მოსახლეობამ საცხოვრებელი უნდა აირჩიოს არა პრესტიჟულობიდან, არამედ გეოლოგიური მდგრადობიდან გამომდინარე. მე მირჩევნია ვიცხოვრო ზაჰესში, სადაც მდგრადი ტერიტორიაა, ვიდრე ვერეს ხეობის­ ფერდობზე და ვაკეში მცხოვრებად ვითვ­ლებოდე. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო ამ ხეობის უსისტემოდ ათვისება... ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმჯობესია, გატარდეს პრევენციული ღონისძიება, რადგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაცილებით ძვირი ჯდება, აღარაფერს ვამბობ მსხვერპლზე...
მდინარე ვერეს ხეობა იმდენად აქტუალური იყო, რომ ჩვენს ძველ გეოლოგიურ სამსახურს, რომელიც 1995 წლამდე ფუნქცი­ონირებდა, "მზიური" დავარქვით. პრესტიჟული უბანი ვერეს მიმდებარედ საერთოდ არ უნდა დასახლებულიყო!

საქართველო გეოლოგიურ რუკაზე

საქართველო მთიანი რეგიონია, ტერიტ­ორიის 70%-ში გარკვეული პროცესები სხვადასხვა მასშტაბურობით ვლინდება.
კახეთში - ღვარც­ო­ფული­, მცხეთა-მთ­იანეთში კი მეწყ­რულ-ღვარცოფული პროცესებია. შიდა ქართლში მეწყრებია. გურ­იაშიც ვხვდებით მეწყრულ უბნებს, მთიან აჭარაში ვლინდება ღვარცოფიცა და მეწყერიც. მესტიაში ღვარცოფებია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი კი ძალიან მძიმე კერაა... საქართველოს მასშტაბით 50 000-ზე მეტი მეწყრული უბანი და 3 000 ღვარცოფული წყალსადინარია დაფიქსირებული.

ბაგების ხევი

სტიქიის პრევენციისთვის


გასულის საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოს ტერიტორიის 50% შესწავლილი იყო. სტიქიური პროცესები მუდმივ დინამიკაშია და მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. უახლოეს პერიოდში იგეგმება ქვეყნის მთელი ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რაც გააადვილებს რისკის შემცველი ტერიტორიების გამოვლენას და საფუძვლად დაედება შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ხელს შეუწყობს სტიქიური უბედურებების მინიმიზაციას და რაც მთავარია, აგვაცილებს მსხვერპლს.

რისკის შემცველი უბნები
- თბილისი "8-ბალიან ზონაში" მდებარეობს და ეს საყურადღებოა. რაც შეეხება­ კონკრეტულ უბნებს, მთაწმინდიდან მომდინარე ხევები ღვარცოფსაშიშია. წყალი კოლექტორებში ჩაედინება, მაგრამ მათი გამტარუნარიანობა ცალკე საკითხია... რამდენიმე­ წლის წინ ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედია სწორედ მთაწმინდიდან წამოსულმა ღვარცოფმა გამოიწვია. კოლექტორებმა ვერ გაატარეს ღვარცოფული მასა...

მეწყრულია მუხათგვერდის ფერდობები,­ ასევე თბილისის შემოვლითი გზა (ავჭალა-მარტყოფის მონაკვეთი). ცოტა ხნის წინ იქ ალტერნატიული გზა გაკეთდა, თუმცა­ მშენებლობის პროცესში კიდევ ახალი მეწყერი­ წარმოიშვა... რთული ვითარებაა ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, სადაც მეწყერი მრავალსართულიან კორპუსს შეეჯახა; პრობლემურია ნუცუბიძის ფერდობიც, იქ არამდგრადი ქანებია; დიდ დიღომში სუსტი გრუნტებია; პრობლემურ ხეობას წარმოადგენს ბაგების ხევი; მეწყერსაშიში უბანია "მზიურის" ტერიტორიაც; ვახუშტის ხიდიდან თამარ მეფის ხიდამდე ქვათაცვენის ზონაა; საშიშია ვერეს ხეობაში არსებული საავტომობილო გზაც, რომელიც "მზიურის" ტერიტორიაზე გადის; ასევე ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მონაკვეთი...

თორნიკე ყაჯრიშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით