"პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი..." - რა უნდა ვიცოდეთ დიდი საეკლესიო კრების შესახებ!.. - კვირის პალიტრა

"პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი..." - რა უნდა ვიცოდეთ დიდი საეკლესიო კრების შესახებ!..

"მსოფლიოს ავტოკეფალიურ, მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებობენ დაპირისპირებული მხარეები, რომელთა ინტერესების ჭიდილი უფრო გამოიკვეთება დიდ საეკლესიო კრებაზე"

წელს, 16-28 ივნისს, საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, გაიმართება დიდი საეკლესიო კრება, რომელსაც მხოლოდ მართლმადიდებელი იერარქები, სამღვდელოების, ბერმონაზვნებისა და ღვთისმეტყველთა გარკვეული რაოდენობა დაესწრება. ეს საკითხი დაიგეგმა შვეიცარიაში, შამბეზიში გამართულ მართლმადიდებელ მღვდელმთავართა შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიის აზრით, კრეტის კრებაზე არსებული სახით არ უნდა გასულიყო სამი თემა: ერთიანი კალენდრის შესახებ, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება"და მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება მსოფლიო საქრისტიანოსთან...

შამბეზიში გადაწყდა, რომ დღის წესრიგში საერთო კალენდრის თემა აღარ იქნება, მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება მსოფლიო საქრისტიანოსთან ნაწილობრივ ჩასწორდა, ხოლო დოკუმენტი, "ქორწინება და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები", საქართველოს ეკლესიის აზრით, სათანადოდ არ შეცვლილა, რის გამოც (ისევე, როგორც ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელმა), საქართველოს ეკლესიამ ოქმებს ხელი არ მოაწერა. "საკითხი უნდა დამუშავდეს. მზადდება განსახილველი ტექსტების ქართული ვარიანტი, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მიიჩნევა, რომ დიდ კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება საერთო მართლმადიდებლური აღიარება და არა საყოველთაო სავალდებულო ხასიათი. მაგალითად, თუ რუსეთის ეკლესია აღიარებს მართლმადიდებელ ეკლესიაში შერეულ ქორწინებას, ეს სავალდებულო არ გახდება იმ ეკლესიებისთვის, რომლებიც ძველ პოზიციაზე დარჩებიან.

"კრემლის საეკლესიო პოლიტიკა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის სურვილები"

რელიგიურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიოს ავტოკეფალიურ, მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის არსებობენ დაპირისპირებული მხარეები, რომელთა ინტერესების ჭიდილი უფრო გამოიკვეთება დიდ საეკლესიო კრებაზე.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მიიჩნევს, რომ თვალში საცემია ბერძნული და რუსული (სლავური) პლატფორმა. ორივე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მომხრე ჰყავდეს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც მათ ლიდერობას განაპირობებს.

- ეს ორი სუბიექტი დილემისა და დამაბნეველი არჩევანის წინაშე აყენებს დანარჩენ დამოუკიდებელ ეკლესიებს. მაგალითად, კონსტანტინოპოლის, ანუ მსოფლიო საპატრიარქოს პრეტენზია აქვს, საკუთარი შეხედულებები, ინიციატივები და მიდგომები აბსოლუტურ თუ შეუვალ ავტორიტეტად ცნონ. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის ცნება პოლიტიკური რუკიდან გაქრა, ახლა ის ავანსადღა ლიდერობს და დღეს ისლამისტური თურქეთის ტერიტორიაზე, თავის სამწყსოში, 15-20 ათას მართლმადიდებელს მოიცავს, მსოფლიოში კი 1 მილიონამდე, რაც არ იძლევა მსოფლიო საპატრიარქოს"ტიტულის ქონის კადნიერებას. შესაბამისად, ის არ უნდა იყოს ამა თუ იმ კანონის ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის საპატრიარქოს აგრესია და თვითნებობა, როცა ის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე საკუთარ მისიასა და ექსპანსიურ პოლიტიკას ძალისმიერი მეთოდებითა და დეზისტორიის პროპაგანდით ახორციელებს. გარდა ამისა, ჯიუტად არ ანიჭებს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის სტატუსს, არ აღიარებს მის ჯერჯერობით თვითგამოცხადებულ და სქიზმატ"პატრიარქ ფილარეტს, რომელსაც 22 მილიონზე მეტი ადამიანი ემორჩილება უკრაინაში. ფაქტია, რომ დღეს რუსეთის ეკლესია არის კრემლის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი ინსტრუმენტი.

განსახილველია დიპტიქის (ეკლესიათა რიგითობა) თემაც, რაზეც უწმინდესმა თავის მიმართვაში მიანიშნა, როცა განაცხადა, ძმობა-თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალულნი, ამჯერად თავს ვიკავებთ ამ თემის კრებაზე კატეგორიულად დაყენებისგან, რითაც ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას და გვჯერა, რომ ახლო მომავალში ეს პრობლემა ჩვენთვის დადებითად გადაწყდებაო."ისტორიული სამართლიანობის საფუძველზე საეკლესიო იერარქიაში მეხუთე ადგილი გვეკუთვნის, რომელიც უზურპაციის გზით რუსეთმა მიისაკუთრა, კონსტანტინოპოლი კი მეექვსე ადგილზე გვიხსენიებს... რაც შეეხება კრების "მსოფლიოობას", დიდ და საყოველთაო მამათა შეკრება იმ შემთხვევაში ფასდებოდა მსოფლიო კრებად, როცა კრებაზე დოგმატურ საკითხებს ამტკიცებდნენ. მერვე საუკუნის შემდეგ მსოფლიო კრება არ ჩატარებულა...

ეკლესია მარადიულად ახალ გზებს ეძებს, ოღონდ ძველი მიზნებითა და მასალით, რათა ყველასათვის გასაგები გახადოს ქრისტეს პიროვნების არსი და დაგვანახოს ადამიანის როლი მასში. კრებაზე განსახილველი საკითხების შინაარსიც მოწმობს მის მნიშვნელობას. განიხილავენ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში, სირიის ომს, ქრისტიანთა დევნის ფაქტებს აფრიკის კონტინენტზე და უკრაინაში არსებულ მდგომარეობას...

ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენელი თვლის, რომ მარხვის წესი, რომელიც დღეს არის მიღებული, სამონაზვნო ტრადიციაა და დღევანდელი ადამიანისთვის მისი დაცვა რთულია. ამიტომ, შესაძლოა, შეამსუბუქონ. მაგალითად, გახსნილდეს თევზით ისეთ მარხვებში, როგორიცაა მიძინების მარხვა, ასევე, სადღესასწაულო დღეებში, დიდმარხვის კვირა დღეებში.

3 საკითხი, რომელსაც ილია მეორე არ დაეთანხმა

საეკლესიო სამართლის სპეციალისტი ვლადიმერ ნარსია აცხადებს, რომ ერთიანი კალენდრის საკითხი ერთ-ერთი აქტუალური თემაა თანამედროვე აღმოსავლური მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე ქრისტიანული ეკლესიებისათვის (14 თვითმართვადი ეკლესია პლუს ამერიკის ავტოკეფალიური ეკლესია, რომელიც სრული აღიარებით არ სარგებლობს). ერთიანი კალენდარული საკითხის შესახებ კონსენსუსი გულისხმობს 14 წევრი ეკლესიის მიერ ყველა ძირითადი საეკლესიო დღესასწაულის საერთო კალენდრის მიხედვით აღნიშვნას:

"იმის გამო, რომ კალენდარი არ წარმოადგენს დოგმატური მნიშვნელობის საკითხს, შამბეზის წინამოსამზადებელ კრებაზე გადაწყდა, ყველა ეკლესია დარჩენილიყო იმ კალენდარზე, რომელსაც აქამდე მოიხმარდა. 1922 წელს ორჯერ მარცხით დასრულდა კალენდრის შეცვლის მცდელობა.

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების საკითხი კი დაისვა... შერეული ქორწინება, როგორც თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევა, მოითხოვს პასუხს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან (ეს საკითხი გადაწყვეტილია კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში), ისტორიის ყოველი ახალი რეალობა მართლმადიდებლური სწავლებების ჩარჩოებში გათვალისწინებული უნდა იყოს. იმის გამო, რომ ქართული ეკლესიის სამოძღვრო პრაქტიკა არ არის დატვირთული ინტერკონფესიური, ინტერრელიგიური ქორწინების შემთხვევებით, საქართველოს პატრიარქმა იმიტომაც გააკეთა არჩევანი ჯვრისწერის ტრადიციის კონსერვატიული ფორმით შენარჩუნებაზე... ასევე სრული კონსენსუსი მოჰყვა ერთსქესიანთა ქორწინების მიუღებლად გამოცხადებას.

მესამე საკითხი შეეხებოდა მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულებას მსოფლიო საქრისტიანოსთან."ეს გულისხმობს თეოლოგიურ დისკუსიებს სხვადასხვა ქრისტიანულ და არაქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფებთან...

"პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი..."

მამა გიორგი თევდორაშვილი, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი: - კრეტაზე გაიმართება წმინდა და დიდი საეკლესიო კრება და არა მსოფლიო საეკლესიო კრება. უკვე ჩატარებულია შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება და თითოეულის მოწვევას განაპირობებდა ეკლესიისთვის დოგმატურად მნიშვნელოვანი საკითხები. ბოლო მსოფლიო კრებამ მერვე საუკუნეში განიხილა ხატმებრძოლობის ერესი. მას შემდეგ ეკლესიის წიაღში არ წარმოშობილა არც ერთი დოგმატური პრობლემა. დღეს მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობა არ დგას. წმინდა და დიდ კრებაზე გასატან საკითხთაგან არც ერთი არ არის დოგმატური, ეს მხოლოდ დისციპლინარული საკითხებია.

ჩვენი პატრიარქი კალენდრის შეცვლისა და არამართლმადიდებელთან ჯვრისწერის დაკანონების წინააღმდეგია. ადრე იყო ასეთი განჩინება - თუ ადამიანს სურდა ჯვრისწერა არამართლმადიდებელთან, უნდა დაედო პირობა, რომ შემდგომში მისი მეუღლე მოინათლებოდა და შვილებს მართლმადიდებლური წესით აღზრდიდა. ახლა კი თუ ჯვრისწერამდე არ მოინათლება, ისე ვერ შეუღლდება. ამ საკითხის ხელახალი განხილვა გამოიწვევს განხეთქილებას. ჩვენმა პატრიარქმა განჭვრიტა მოსალოდნელი შფოთი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

დისკუსიის საგანი გახდა საკითხი ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სურვილია, რომ ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებს მიღმა არსებული ეპარქიები (მაგალითად, ჩვენ გვაქვს ეპარქიები ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში და ა.შ.), შევიდნენ მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში. ეს გამოიწვევს დიდ მღელვარებას და არ არის იურიდიულად გამართლებული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს, რომის პაპს დაემსგავსოს. კათოლიკობაში რომის პაპი ითვლება ყველას მამად, ჩვენს შემთხვევაში კი კონსტანტინოპოლის ეკლესიას მხოლოდ პატივს მიაგებენ, როგორც ძმათა შორის უპირველესს და არა უფროსს. პატივისცემა და მორჩილება სხვადასხვა რამეა...

ამბობენ, ამ კრების, როგორც მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების ჩატარება სახიფათოაო. ბოლო კრება გაიმართა კონსტანტინოპოლში. ამჯერად ვერც ანტიქრისტე ჩაატარებს კრებას, რადგან ის ჯერ არ მოსულა.

ესქატოლოგიის (სწავლება მომავალი ჟამის შესახებ) მიხედვით, მანამდე მოსალოდნელია რიგი მოვლენები: მესამე მსოფლიო ომი, ალაქსას მეჩეთის ნგრევა, მის ადგილზე სოლომონის მესამე ტაძრის აშენება... ვინც დღეს რაღაც საბედისწერო კრებაზე ლაპარაკობს, არ ესმის, რა არის ნაქადაგები იოანეს აპოკალიფსში."

ეკა ლომიძე