მაკა ასათიანი "მაესტროს" თანამშრომლებისგან სოლიდარობას ითხოვს - რას სთავაზობს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე მათ?! - კვირის პალიტრა

მაკა ასათიანი "მაესტროს" თანამშრომლებისგან სოლიდარობას ითხოვს - რას სთავაზობს ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე მათ?!

"ქალბატონი ბაია ცრუობს. კარგი იქნება ჟურნალისტები იმ საბუთებს თუ გამოართმევთ და კარგად ჩაიხედავთ. იქ ყველაფერი გარკვევით წერია"

ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელი მაკა ასათიანი ამ წუთებში კომპანიის თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრას მისი იურისტიც ესწრება. სანდო წყაროზე დაყრდნობით, მაკა ასათიანმა "მაესტროს" გადაყენებულ გენდირექტორთან ბაია გადაბაძესთან ერთად, თანამშრომლებისგან სოლიდარობა და გვერდში დგომა მოითხოვა.

მანვე შესთავაზა ჟურნალისტებს სანამ ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდებიან, დღესვე ყველამ დააფიქსიროს თავიანთი პოზიცია. ასათიანმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს გარანტია მისცა, რომ სამი თვის განმავლობაში ხელფასს აიღებენ, თუმცა რა იქნება 3 თვის მერე, ეს თავადაც არ იცის.

სანდო წყაროსვე ცნობით, თანამშრომლებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც "მაესტროს" გენდირექტორმა ბაია გადაბაძემ კომპანიის წილების გადანწილების სქემაზე ისაუბრა და დოკუმენტებიც გაასაჯაროვა, მის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ მეწილეები.

იხილეთ: "ირაკლი რუხაძე "მაესტროს" ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა" - რაზეა საუბარი სკანდალურ მიმოწერაში?!

მაესტროს მფლობელმა, მაკა ასათიანმა დაადასტურა, რომ "მაესტროს" დათმობის მიზნით შეთავაზებები არსებობდა.

"რაც ტელეკომპანიას ვფლობ, მუდმივად ხდება შეთავაზება გასხვისებაზე. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო დავრწმუნებულიყავით იმ ადამიანის წარმომავლობაში ვისგანაც ეს შეთავაზება მოდიოდა, რადგან "მაესტრო" თავისუფალი არხია. ასევე მინდა ვთქვა, რომ არც მე და არც ჩემი ქმარი პოლიტიკაში წასვლას არ ვაპირებთ და არც ბიზნესის ლობირებისთვის გამოგვიყენებია ტელევიზია".

"მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, ის გაეცნო დოკუმენტებს და დაადასტურა, რომ ირაკლი რუხაძეს სურდა "მაესტროს" "ხელში ჩაგდება": "დოკუმენტი მეც ვნახე, სადაც რუხაძე 7,5 მილიონს სთავაზობს "მაესტროს" სახელის სანაცვლოდ მაკა ასათიანს. დასტურდება, რომ იგი ცდილობდა "მაესტროს" ხელში ჩაგდებას. პირდაპირ ცდილობს გახდეს მფლობელი".

პაატა კიკვიძე, მამუკა ღლონტის ადვოკატი:

"ბაია გადაბაძის მიერ გასაჯაროებული მიმოწერიდან, თუ ის სინამდვილეს შეესაბამება, ცალსახად ჩანს, რომ ადგილი აქვს მედიაკომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდების მცდელობას. როცა კომპანია გადახდის უუნაროა და ეს პრობლემა გააჩნია, როდესაც ტელეკომპანიას სოლიდური დავალიანება აქვს, ეჭვები იბადება ამ კომპანიის ეკონომიკურ ინტერესთან მიმართებაში. ასეთი კომპანიის შესყიდვის სურვილი ძნელად წარმოასადგენია, რომ ვინმეს გაუჩნდეს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, ამ მიმოწერაში არ არის მითითებული კომპანიაში შემოსვლის შემდეგ ვინმე თუ იღებს კომპანიის პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობას. ჩანს სურვილი ბრენდის მითვისებისა არამართლზომიერად. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა, კერძოდ საკონტროლო პაკეტის შეძენა გაჩეჩილაძის სახელზე იმას ნიშნავს, რომ ამ პირს სურს ტელეკომპანიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება".

"მაესტროს" ყოფილმა მეწილემ, გიორგი ებრალიძემ კი ბაია გადაბაძე სიცრუეში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბრალდებები თითქოს ყოფილმა პარტნიორებმა ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ წერილი გაუგზავნეს დანარჩენ პარტნიორებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი აპირებდნენ საკუთარი წილების მესამე პირზე გაყიდვას და პარტნიორებს სთავაზობდნენ, მათი წილები ორნახევარ მილიონად სამ დღეში ეყიდათ, არ შეესაბამება სიმართლეს.

"ქალბატონი ბაია ცრუობს. კარგი იქნება ჟურნალისტები იმ საბუთებს თუ გამოართმევთ და კარგად ჩაიხედავთ. იქ ყველაფერი გარკვევით წერია. წერია, რომ იქ ჩვენ 3 დღის ვადას კი არ ვაძლევთ შესყიდვაზე, არამედ ჩვენ ვაძლევთ 3 დღის ვადას მოფიქრებისთვის. 3 დღის განმავლობაში მათ უნდა ეთქვათ აპირებენ თუ არა ამ ტიპის შესყიდვას. ამის შემდეგ ჩვენ ველოდებოდით 5 დღე და შემდეგ კიდევ დავუმატეთ და საბოლოოდ სადღაც 8 დღე გამოვიდა. ამ სამი დღის და 8 დღის განმავლობაში ჩვენ წინადადებაც კი არ მიგვიღია შესყიდვის შესახებ".