"ფაშისტი არ ვარ და სისულელეზე ხელს არ მოვაწერდი" - ვინ მოაწერა პეტიციაზე "განგაშის ზარები" ხელი?! - კვირის პალიტრა

"ფაშისტი არ ვარ და სისულელეზე ხელს არ მოვაწერდი" - ვინ მოაწერა პეტიციაზე "განგაშის ზარები" ხელი?!

ამ რამდენიმე დღის წინ, "კვირის პალიტრის" რედაქციაში შემოვიდა წერილი, სახელწოდებით "განგაშის ზარები" (იხილეთ პეტიცია), სადაც ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ და კატეგორიულად მოითხოვენ, არ დაუშვან და აკრძალონ "უბინძურესი გარყვნილების, მამათმავლობის დამნერგავი და სარწმუნოებისა და ეროვნული იდენტობის შეურაცხმყოფელი იდეოლოგიით გაჟღენთილი ახალი საგნების "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო"-ს ახალი ვერსიის შემოტანა საშუალო სკოლებში, ასევე ამ სიბილწის ნებისმიერი ფორმით პროპაგანდაც.

ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი შვილები, რათა ისინი სულით და ხორცით ჯანსაღნი, წესიერნი, ზნეობრივნი, სამშობლოს მოყვარულნი და ღვთისმოსავნი გაიზარდონ".

პეტიციის ავტორებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უპასუხა და განაცხდა: "ის, რაც წავიკითხე პეტიციაში, ეს არ იყო ჯანმრთელი ადამიანის დაწერილი. თავიდან ბოლომდე ტყუილი, ცილისწამება, ხოლო რა დგას ამ განზრახვის უკან, ვკითხოთ იმ ადამიანებს. იმიტომ, რომ ამაში მარცვალიც კი რეალობისა არ იყო... ტყუილის საფუძველზე მოაგროვეს ხელმოწერები და ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დაუკავშირდნენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, ხელი რაზე მოაწერეს...

მე ამ თემას აუცილებლად გავშლი და როგორც კი მე ამას დავასაბუთებ და ძალიან მარტივია ამის დასაბუთება იმიტომ, რომ სხვა რომ არაფერი გავაკეთო, არსებობს საგნის სტანდარტი, რომელზედაც ვსაუბრობთ, წერა კითხვა ვინც იცის, ყველას შეუძლია ნახოს და წაიკითხოს...

თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც კი მივმართავ იმ ცილისწამებისთვის, რომელიც ასმენინეს სრულიად საზოგადოებას" (წყარო).

მისი თქმით, საგნის სტანდარტის შემუშავებაში საპატრიარქოც ჩართულია. თამარ სანიკიძემ ტელეკომპანია GDS-თან საუბრისას განაცხადა, რომ ამონარიდები, რომელსაც პეტიცია შეიცავს, არის წიგნიდან - "კომპასი" და "კომპასიტო", რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მცირე ტირაჟით გამოსცა, თუმცა ტყუილია ის, რომ სკოლებში მისი შეტანა იგეგემებოდა.

ვცადეთ პეტიციის ხელმომწერებთან დაკავშირება, მაგრამ მათი ნაწილი ან ჩვენს ზარს არ პასუხობდა, ან კომენტარისთვის არ ეცალა (!)

რამდენიმე ხელმომწერმა კი, ვისთანაც დაკავშირება მოვახერხეთ, განაცხადეს:

არჩილ არველაძე, ფეხბურთელი:

- ხელი არ მომიწერია, თუმცა განვაცხადე პროტესტი, რომ თუკი წიგნში ასეთი რამ მართლა წერია, არ მომწონს - მეთქი. რელიგიაზე და ტოლერანტობაზე არაფერი წამიკითხავს. სკოლის დირექტორი ვიყავი და ვიცი რას ნიშნავს ეს სისტემა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ასეთ სწავლებას ბავშვებზე. მითხრეს, რომ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და სხვებიც წინააღმდეგნი იყვნენ ამ საგნის პროექტის. ახლა კი წავიკითხე, რომ პროექტში ამგვარი თემა არ იქნება და განათლების სამინისტრო საპატრიარქოსთან ერთად ყველა სიტყვას გადის. დარწმუნებული ვარ, რომ საგანი ყველასთვის მისაღები იქნება. გაუგებრობაში აღმოვჩნდი გარეული, მაგრამ, ვაი, რა უბედურება დაგვემართა -მეთქი, ასეც არ ვთვლი. თუ კი ამ თემამ აჟიოტაჟი გამოიწვია, მით უკეთესი, ყველაფერი უფრო კარგად გაკეთდება.

რობერტ გოგოლაშვილი, მომღერალი, ლოტბარი:

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ პეტიციას. აღარ უნდათ ჩვენს ბავშვებს კიდევ გაუბედურება, ისიც ეყოფათ, რაც აქვთ, მით უმეტეს, ის, რაც მამათმავლობაზე იმოქმედებს! ჩემი ასაკის კაცზე, ძნელია, რაიმემ იმოქმედოს, მაგრამ ბავშვი ხომ, ნათელი გონებაა და რატომ უნდა მოახვიო რაღაც თავზე!

- ეს პეტიცია ალბათ ნანახი და წაკითხულიც გაქვთ, ვინც შეადგინა, გაჩვენათ კიდეც, ხომ?

- მართალი გითხრათ, დეტალურად არ მახსოვს. დიდი ხნისაა. ალბათ, სიტყვიერად გამაცნეს და მითხრეს, შეგიტანთ სიაშიო და მეც დავთანხმდი, რა თქმა უნდა. ასეთ ამბავზე სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი, ხომ?! თქვენც ხომ ნახეთ, ახლა, საუბრის დასაწყისშივე, პეტიციის მოთხოვნა რომ შემახსენეთ, იმ წუთას არ გითხარით, თუ არ ვარ სიაში, ჩემი გვარიც შეიტანეთ-მეთქი?! ყველა ადამიანი, ვინც საღად მოაზროვნეა, მაგას აუცილებლად მოაწერს ხელს, ასე მგონია.

ნონა გაფრინდაშვილი, მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი:

- სწორია ეს მოთხოვნა და ხელიც მოვაწერე! პატარა ბავშვებში ასეთი წიგნების შეტანა და გავრცელება არ მიმაჩნია ბუნებრივად და ნორმალურად.

გიორგი გურგულია, მსახიობი:

- ეს პეტიცია შეიძლება თავდაცვის მიზნით გაკეთდა და ახლა თუ საპატრიარქოც ჩართულია, მაგ წიგნებში ყველაფერი გასწორდება და ნორმალურად იქნება.

- ე. ი. არ ნანობთ, ხელი რომ მოაწერეთ ამ პეტიციას?

- თუ რაღაც სიგიჟეა და ფაშიზმია ამ იდეაში, რა თქმა უნდა, ფაშისტი არ ვარ და სისულელეზე ხელს არ მოვაწერდი. თუკი იმ წიგნებში რაღაც შეიძლება ისეთი იყოს, რაც ჩვენს ბავშვებს ავნებს და ამით საფრთხეს ავარიდებთ მათ, რა თქმა უნდა, არ ვნანობ, კარგი მიქნია, რომ ხელი მომიწერია!

ირმა ხარშილაძე

თეა ბეჟიტაშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)