"თითქმის ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს" - რა გახდა 34 წლის ემიგრანტი ქართველის გარდაცვალების მიზეზი?! - კვირის პალიტრა

"თითქმის ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს" - რა გახდა 34 წლის ემიგრანტი ქართველის გარდაცვალების მიზეზი?!

"იმის გახსენებაც არ მინდა, რომ მისი ორი 2 წლის გიორგი უდედოდ გაიზრდება..."

რამდენიმე დღის წინ, ათენში 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა. როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს რამდენიმე დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა, მაგრამ 2 წლის ბიჭუნა ჰყავდა გაციებული, მას უვლიდა და საკუთარი თავისთვის ვერ მოიცალა, რამაც გართულებები გამოიწვია. ავადმყოფობის რამდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობდნენ. ბოლო 27 დღე სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა ბერძენმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნესი რობაქიძე, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი:

ისე მიმძიმს მასზე წარსულში ლაპრაკი, ასე მგონია, ამას ვერასდროს შევეგუები. 2 წლის უსაყვარლესი გიორგი დარჩა ჩვენს ელის. საოცარი დედა იყო, არანორმალურად მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე მეუღლე.… თვალებიდან არ ამომდის გარდაცვლილის დედის, ქალბატონი მანანას სასოწარკვეთილი სახე.

თითქმის ერთი თვე ებრძოდა სიკვდილს, აპარატზე იყო მიერთებული, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. ისეთი სიცოცხლით სავსე იყო, მხიარული, თბილი, კეთილი. იმის გახსენებაც არ მინდა, რომ მისი ორი 2 წლის გიორგი უდედოდ გაიზრდება... ჯერ ვერც ლაპარაკობს გამართულად, მხოლოდ დედას ეძახის...

- საბოლოოდ რა დიაგოზი დაისვა, ეს ვირუსი იყო?

- დიახ, თუმცა ზუსტად რომელი სახეობა, არ ვიცი. თავიდან ამბობდა, რომ გაციებული იყო, შემდეგ მდგომარეობა ძალიან გაურთულდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საბერძნეთში ადამიანები ვირუსის გართულების გამო იღუპებიან, თუმცა ელი პირველი ქართველია, ვინც ამ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ ემიგრანტები ერთმანეთის ამბავს უფრო მეტად განვიცდით. სამწუხაროდ, ზოგჯერ დაფანტულებს ჭირი მაშინვე გვაახლოვებს და ერთ გუნდად გვკრავს...

- საბერძნეთში ვირუსის ფონზე პანიკაა?

- პანიკა არაა, მაგრამ ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 24 ადამიანი გარდაიცვალა. ათენის საავადმყოფოები სავსეა პაციენტებით. ხალხი მართლაც ძალიან შეშინებულია.

-  ელისო ვარდანიძე დიდი ხნის წასული იყო საბერძნეთში?

- 7 წელია აქ ცხოვრობდა და მუშაობდა… ქართველი მეუღლე ჰყავდა. ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ და უცებ ყველაფერი დასრულდა. უცხო მიწაზე დაასრულა სიცოცხლე.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ელისო ვარდანიძის ოჯახს მისი სამშობლოში ჩამოსვენების ხარჯები ქართველმა ემიგრანტებმა დაუფარეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)