ივანე ჯავახიშვილის შვილთაშვილი ვიოლინოებს აკეთებს - კვირის პალიტრა

ივანე ჯავახიშვილის შვილთაშვილი ვიოლინოებს აკეთებს

"ეს "ბეხშტეინის" როიალია, ცნობილი პიანისტის, ანტონ რუბინშტეინის რჩევით შეუძენიათ. ზაქარია ფალიაშვილს თავისი ოპერების შავი ვარიანტები ივანესთვის პირველად სწორედ ამ ოთახში და ამ როიალზე შეუსრულებია"

"ვიოლინოს შემქმნელს ისტორია უფრო აფასებს, ვიდრე თანამედროვეობა. ცნობილი მევიოლინეები ჩემს ვიოლინოზე არ უკრავენ, რადგან ამას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. მაგალითად, "კარნეგი ჰოლში" გვარნერის ან სტრადივარიუსის ვიოლინოზე უნდა დაუკრა,…სხვა ვიოლინოზე დაკვრის უფლება არ გაქვს. თუ ჩემს ინსტრუმენტს ფასეულად მიიჩნევენ, შემოინახავენ კიდეც და მერე განისაზღვრება მისი მნიშვნელობა", - ამბობს ვიოლინოს ოსტატი, ივანე ჯავახიშვილის შვილთაშვილი ლევან ცინცაძე:

"ეს "ბეხშტეინის" როიალია, ცნობილი პიანისტის, ანტონ რუბინშტეინის რჩევით შეუძენიათ.

- ჩემი დიდი ბებია, ივანე ჯავახიშვილის მეუღლე ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი საქართველოში პირველი პროფესიონალი მევიოლინე ქალი იყო, პეტერბურგში ჰქონდა კონსერვატორია დამთავრებული, პაგანინის მოსწავლის მოსწავლე გახლდათ. მისი დაკრული კარგად მახსოვს, საგანგებოდ მასმენინებდა ხოლმე. ალბათ, სწორედ დიდი ბებიის გავლენით, 6-7 წლისას დამაწყებინეს ვიოლინოს სწავლა. ივანეს ვაჟი ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილიც ძალიან კარგად უკრავდა ვიოლინოზე, თუმცა, საბოლოოდ მამის კვალს გაჰყვა და ისტორიკოსი, არქეოლოგი გახდა. ქალიშვილი ნათელა, ანუ ჩემი ბებია, პიანისტიც იყო და ისტორიკოსიც, მაგრამ ჯანმრთელობამ უმტყუნა, საშემსრულებლო ხელოვნებას თავი დაანება და ისიც მამის კვალს გაჰყვა.

კარგად მახსოვს, ორივე ბებია ერთად რომ უკრავდა აქ, ამ ოთახში. ეს "ბეხშტეინის" ფირმის როიალიც ცნობილი პიანისტის, ანტონ რუბინშტეინის რჩევით შეუძენიათ. ზაქარია ფალიაშვილს თავისი ოპერების ვარიანტები ივანესთვის პირველად ამ როიალზე შეუსრულებია. დიდებული ხალხი იკრიბებოდა ამ ოჯახში, თურმე, ილია ჭავჭავაძეც კი სტუმრობდა. ამბობდნენ, რომ ივანეც კარგად უკრავდა ვიოლინოზე. სამწუხაროდ, მას არ მოვსწრებივარ. დიდ ბებიასთან ურთიერთობაც დიდხანს არ გაგრძელებულა - 9-10 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა.

მე თბილისის კონსერვატორიის ვიოლინოს კლასი დავამთავრე. ერთხანს მუსიკალურ სკოლაში ვასწავლიდი, კამერულ ორკესტრშიც ვუკრავდი, მაგრამ არ გამოვიდა ჩემგან მაღალი კლასის მუსიკოსი - მივხვდი, სოლისტობას ვერ შევძლებდი... მაგრამ ჩემი ცხოვრება მაინც ვიოლინოს უკავშირდება - ვიოლინოების კეთება დავიწყე...

- კრემონაში როგორ მოხვდით?

- კრემონა სტრადივარიუსის სამშობლოა და მსოფლიოში ვიოლინოების მექად მიიჩნევა. იქ წასვლა ჩემმა მოსკოველმა მასწავლებელმა, ცნობილმა ოსტატმა ვიქტორ ნიკიფოროვმა მირჩია. ხუთწლიანი მცდელობის შემდეგ, 1992 წელს, როდესაც ედუარდ შევარდნაძის ფონდმა დაფინანსებაზე წერილობითი დასტური გამომიგზავნა, როგორც იქნა, წასვლა მოვახერხე. ფაქტობრივად, "ვიზა" მომცეს, რაც იტალიაში გამგზავრებისა და კრემონაში, სტრადივარიუსის სახელობის ხემიან საკრავთა გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტში სწავლის საშუალებას მომცემდა, დაფინანსებაზე კი თვითონ უნდა მეზრუნა. კრემონაში წავიღე ჩემი გაკეთებული რამდენიმე ვიოლინო. ვიოლინოების კეთება ჯერ თბილისში, შემდეგ კი მოსკოვში ვისწავლე თვითნასწავლი ოსტატებისგან.

- თქვენამდე კრემონის სასწავლებელს ქართველი სტუდენტი ჰყოლია?

- არათუ ქართველი, პოსტსაბჭოთა სივრციდანაც მხოლოდ ერთმა კაცმა - გვარად კრილოვმა ისწავლა 1980-იან წლებში და იქვე დარჩა საცხოვრებლად; ერთი მოსკოველი ებრაელიც სწავლობდა და ისიც დღემდე იქ ცხოვრობს.

- თქვენ არ ნანობთ, რომ დაბრუნდით?

- არ ვნანობ. 20-30 წელიწადსაც რომ მეცხოვრა, იქ მაინც სტუმარი ვიქნებოდი... კრემონაში ნესტიანი ჰავაა. ცნობილია, რომ ვიოლინოს ნესტი არ უყვარს, მაგრამ კრემონელმა ოსტატებმა ვიოლინოს ნესტისგან დასაცავი საშუალებებიც კი შექმნეს და ის სხვადასხვა რეცეპტით დამზადებული ლაქით დაფერეს. ლაქით ისედაც განთქმული იყო იტალია, თუმცა მისი დამზადების ტექნოლოგიამ მწვერვალს სწორედ კრემონაში მიაღწია...

- ვიოლინოს დასამზადებლად რომელ ხეს იყენებენ?

- ყველაზე კარგი ჟღერადობა ალპურ ნაძვსა და მთის ნეკერჩხალს აქვს. კრემონაში ვიოლინოს დასამზადებლად ვარგისი ხის ჯიში არ ხარობდა და, ძირითადად, ვენეციიდან შემოჰქონდათ. მე აქ მოვიპოვე ვიოლინოს მასალა. ჩვენთან ხარობს ე.წ. რეზონანსული ნაძვი, რომლისგანაც საქართველოში სახლის გადასახურავ ყავარს ამზადებდნენ და გარეგნულად ძნელად გამოირჩევა ნაძვის სხვა ჯიშებისგან.

ნაძვის ხისგან უამრავი ვიოლინო მზადდება, ერთი ხე შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი გეყოს. ე.წ. რეზონანსული ჯიშის ნაძვი წებოვანია, წყალს არ ატარებს და ადვილად იპობა. ჩემი სამუშაო მასალა 27 წლის წინ შევიძინე და კიდევ დიდხანს მეყოფა. ერთხელ ლაგოდეხის ნეკერჩხალიც გამოვიყენე, მაგრამ ჩვენთან ეს ხე წითელ წიგნშია შეტანილი და მაშინ მხოლოდ ბუნებრივად წაქცეულის წამოღების ნება დამრთეს.

ვიოლინოს დასამზადებელი ხელსაწყოები ძვირია, ამ საქმეს დაახლოებით, 6.000 ევროს ღირებულების ინსტრუმენტები სჭირდება. ჩემმა კრემონაში მცხოვრებმა მეგობარმა კრედიტით შემაძენინა და თანხა ნელ-ნელა გავისტუმრე.

ინსტრუმენტის შექმნა რთულიც არის და საინტერესოც. ხანგრძლივი პროცესია - მუზა ყოველთვის ხომ არ მოდის?! თუმცა, პროფესიონალი ოსტატი გუნება-განწყობის ცვალებადობას ვერ აჰყვები, ამიტომ უნდა იმუშაო, მით უმეტეს, როცა შეკვეთა გაქვს. დაკვირვებული ვარ, ინსტრუმენტი, რომლის შექმნის დრო განსაზღვრული არ გაქვს, უკეთ ჟღერს, ვიდრე განსაზღვრულ დროში დამზადებული. იცით, რა სასიამოვნოა, როდესაც ჩემს ინსტრუმენტზე დაკრულს ვისმენ?!

- ვიოლინოებს ვინ გიკვეთთ?

- ძირითადად, უცხოელები. გარდა იმისა, რომ ჩემი მონაცემები მსოფლიო კატალოგშია შეტანილი, ხშირად ვმონაწილეობ კრემონაში ყოველი წლის სექტემბერში მოწყობილ დიდ გამოფენა-გაყიდვაში, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ჩემი მეგობრებიც მიწევენ რეკომენდაციას...

სხვათა შორის, იტალიაში სწავლისას კარგად ვუკრავდი ვიოლინოზე. კრემონაში 200-მდე სახელოსნოა, მაგრამ ვიოლინოზე დაკვრას არსად ასწავლიან, ამიტომ ცოტამ თუ იცოდა დაკვრა, მე კი კონსერვატორია მქონდა დამთავრებული და ყველა მიწვევდა თავისი ვიოლინოს ჟღერადობის შესამოწმებლად.

ძველებურად ვერა, მაგრამ დღესაც ვუკრავ, ასე რომ, ჩემი ნამუშევრის შემოწმება ისევ შემიძლია.

- ოჯახში ტრადიციის გამგრძელებელი არ გყავთ?

- არა. შემთხვევით ამ საქმეს არ ირჩევენ. ძალიან უნდა გიყვარდეს და გაინტერესებდეს.

ვიოლინოს შემოქმედთა საგვარეულო დინასტიები

ვიოლინო ოთხ საუკუნეზე მეტია, არსებობს, იტალიაში კი მის ოსტატთა ბევრი სკოლაა. ორ ქალაქში - კრემონასა და ბრეშიაში - ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა ვიოლინოების დამზადების ხელოვნება. VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე რეგიონს შავი ჭირი მოედო და ბრეშიაში თითქმის ყველა დაიხოცა, კრემონა კი ეპიდემიას გადაურჩა. ვიდრე ბრეშიის ახალი თაობა ვიოლინოს შექმნის ხელოვნებას ააღორძინებდა, კრემონამ იმარჯვა. ანტონიო სტრადივარიუსიც კრემონაში დაიბადა, მან ვიოლინოს შექმნის ხელოვნება ამ საქმის ცნობილი ოსტატების - ამატების სახელოსნოში შეისწავლა და სრულყო კიდეც. იტალიაში ვიოლინოების კეთებით ცნობილია გვარნერების დინასტიაც. მათი ვიოლინო განსაკუთრებულად პოპულარული ნიკოლო პაგანინიმ გახადა.

ირმა ხარშილაძე