"მე ალბათ, უცბად მოვკვდები" - ბლიცინტერვიუ
15-02-2016
"მე ალბათ, უცბად მოვკვდები" - ბლიცინტერვიუ
"თბილისმა, დაკარგა მთავარი - სილაღე"

რუსუდან ბოლქვაძე, მსახიობი:

როცა მაქებენ....
მრცხვენია ხოლმე... ცხადია, მადლიერი ვარ, მიხარია. ვის არ სიამოვნებს ქება, მაგრამ ვცდილობ, არ დავიჯერო, იმიტომ კი არა, რომ მათი გულწრფელობა მაეჭვებს, არა! ხიბლში არ ჩავვარდე, როგორი კარგი­ ვყოფილვარო.

ადვილად პატიობთ ადამიანებს?
ვპატიობ, ადვილად თუ ძნელად, ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარია, რომ ვპატიობ. ალბათ ყველაფრის პატიება შეიძლება, მაგრამ მაინც ვცდილობ, არ დამავიწყდეს, შემდეგ არ დავუშვა შეცდომა თუნდაც იმ ადამიანთან ურთიერთობაში.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი,
რომ...

ალბათ ყველაზე მთავარი, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, არის ის, რომ მე დავდგი სპექტაკლი. ამაზე არც მიოცნებია, მაგრამ შევძელი. ცხოვრება ისეთია, ნებისმიერი რამ უნდა წარმოიდგინო და არაფერმა გაგაკვირვოს...

პერსონაჟი, რომელსაც ვგავარ...
ზოგადად ნებისმიერი მსახიობი, ალბათ, გარკვეულწილად იმსგავსებს საკუთარ პერსონაჟებს, ჩვენ მათი ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებას, ვცდილობთ,
გავითავისოთ გმირის თითოეული დეტალი. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველა პერსონაჟი, რომელიც მითამაშია, ალბათ მეტ-ნაკლებად მგავდა ან მინდოდა, მმგვანებოდა...

გამორჩეული როლი...
ხომ არ შეიძლება, დედას ჰკითხოთ, რომელი შვილი გიყვარს უფრო მეტად ან გამორჩეულადო? მეც ჩემი ყველა როლი მიყვარს, ყველა ძვირფასია..

განმარტოება მიყვარს, როდესაც...
ხალხმრავლობაშიც შეიძლება იგრძნო თავი მარტო. კარგია ხანდახან საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ბევრ რაღაცაზე ფიქრობ, აანალიზებ, აცნობიერებ.

რამ შეიძლება შემცვალოს...
ძალიან ბევრი რამ გვცვლის, თუნდაც სხვისი მაგალითი, კარგი თუ ცუდი. საკუთარი გამოცდილება, საკუთარი მარცხი და წარმატება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომელშიც, გინდა თუ არა, ჩართული ხარ, მაგრამ უწინარესად ალბათ საკუთარი გამოცდილება.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

პატარა ვიყავი, როდესაც კარიერას ვიწყებდი და სულ მესმოდა, რომ 40 წლამდე ბევრს ვერაფერს ვიზამდი, თითქოს ყველაფერი ადრე იყო. როდესაც 40 წელს მივაღწიე, აღმოჩნდა, რომ უკვე დაგვიანებული ყოფილა, დიდი ვყოფილვარ. ამ ხნისა აღარავის სჭირდებოდა. ასე რომ, თითქოს დროში დავიკარგე... ჩემი თაობა ძალიან დაიჩაგრა. მოგვიწია, გადაგვეტანა ომები, რევოლუციები... ბევრს ვფიქრობ და ვდარდობ ამაზე. გარემოებებს რომ შეეწყო ჩვენთვის ხელი, ბევრად მეტი შეგვეძლო გაგვეკეთებინა, წარმოგვეჩინა საკუთარი თავი.

ვნანობ...
თუმანიშვილის თეატრში ვართ, მის პორტრეტს ვუყურებ და ბევრ რამეს ვნანობ, ვნანობ, რომ მასთან ურთიერთობაში მაფერხებდა რიდი, მეტი დრო შემეძლო გამეტარებინა მასთან, მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო მასთან კონტაქტით, მით უმეტეს, რომ ამის სურვილი მუდმივად ჰქონდა. უაღრესად საინტერესო ადამიანი იყო და ბევრი შემეძლო მესწავლა მისგან...

თბილისმა დაკარგა

ყველა თაობა წუხდა, თბილისმა დაკარგაო... ამბობდა ბებია, მაშინ არც მესმოდა მისი, მერე დედა და ახლა მეც ვიტყვი. დიახ, ბევრი დაკარგა თბილისმა, დაკარგა მთავარი - სილაღე. ქუჩაში გაღიმებული ხალხი დაკარგა, გაღებული ფანჯრებიდან სიმღერების ხმა დაკარგა, რაც ყველაზე სამწუხაროა...

დიმა ტატიშვილი, მსახიობი:

თავისუფლება ჩემთვის არის...
ყველაზე ძვირფასი რამ, როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს; თავისუფლება ჩემთვის არის პიროვნული თავისუფლება - მქონდეს თავისუფალი არჩევანის ნება, როგორც მოქალაქეს და როგორც პროფესიონალს. თავისუფლება ყველა ადამიანშია, თუმცა სრული თავისუფლება ნამდვილად არ არსებობს.

ყველაზე მეტად მაბრაზებს...
ქვეყნის ღალატი. ეს უპატიებელია. ასევე საქმის მიმართ არაპროფესიონალური დამოკიდებულება. უტიფარი რომ არ იყო, იმ საქმეს არ მოჰკიდებ ხელს, რაც არ იცი და არ გამოგდის.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...
ტყუპი შვილის მამა გავხდებოდი. რომ მიშელ ჰასანავიჩუსს გავიცნობდი და მის ფილმში ვითამაშებდი.

გადაწყვეტილების მიღებისას...

17 წლის ვიყავი, მშობლები უკვე აღარ მყავდა. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღება ხშირად მარტოს მიწევდა. როდესაც მშობელი გავხდი, მივხვდი, რომ აუცილებელია, შვილებიც მივაჩვიო დამოუკიდებლობას, გადაწყვეტილებების მიღებას...

რომ არა მსახიობი, ვიქნებოდი...
დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი სამხედრო, რადგან ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო პროფესიაა.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
როდესაც რამეზე ვმუშაობ ან ახალი სპექტაკლი მაქვს, სულ იქ ვარ ფიქრით. შეიძლება საჭესთან ვიჯდე, ფილმს ან თუნდ კალათბურთს ვუყურებდე, მაგრამ მაინც როლზე ვფიქრობ და გონებაში რაღაცებს ვამუშავებ.

ვნანობ...

ბევრ რამეს ვნანობ, ბევრი რამ შემეძლო გამეკეთებინა და არ გავაკეთე, ან არ უნდა გამეკეთებინა და გავაკეთე.

როცა მაქებენ...
არ მიყვარს, არ მომწონს, როცა მაქებენ. თუ მაყურებელს მოეწონა ჩემი ნამუშევარი, ამას შეუქებლადაც ვგრძნობ.

ცხოვრების არც ერთ დღეს არ ჩაუვლია...

გაგეცინებათ და... შოკოლადის გარეშე. შავი შოკოლადი მიყვარს ძალიან. ერთხელ სამსახურში რომ მივედი, სიურპრიზი დამხვდა - უამრავი შოკოლადი და წერილი, - ვიცი, რომ გიყვარს და გაგახარებო. დღემდე არ ვიცი, ვინ იყო, ძალიან კი გამახარა.

სიამოვნებით ვიცხოვრებდი...
საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, განსაკუთრებით მომეწონა ლონდონი, მიუნხენი. მაგრამ ვიცხოვრებდი მხოლოდ საქართველოში.

მოხუცი ალბათ ვიქნები...
ნახევრად ხუმრობით გეტყვით, მაგრამ მე ალბათ უცებ მოვკვდები, ალბათ არ მოვხუცდები...

თამთა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით