სადილი აბაშიძეებთან "ჰავა ნაგილას" ფონზე - კვირის პალიტრა

სადილი აბაშიძეებთან "ჰავა ნაგილას" ფონზე

"ეს დაახლოებით იმას ნიშნავდა, ჩემთვის "ბითლზს" რომ ეჩუქებინა ფირფიტა"

"საცივს დროდადრო ორივე ხელით იღებდა და კმაყოფილი სახით ყნოსავდა."

ამერიკელი მომღერალი ჰარი ბელაფონტე 1960 წელს საქართველოს ეწვია. მისთვის პოეტ ირაკლი აბაშიძის ოჯახსაც უმასპინძლია. ფოტოც გადაუღიათ, რომელიც დღემდე ინახება აბაშიძეების ოჯახში. ჩვენი რესპონდენტია პოეტის ქალიშვილი ირინე აბაშიძე:

- ჰარი ცოლ-შვილსა და სიდედრ-სიმამრთან ერთად გვეწვია. მამამ ბელაფონტე მანამდე ამერიკაში, მივლინების დროს გაიცნო და მომღერალმა თავისი ავტოგრაფიანი ფირფიტაც აჩუქა. მაშინ ბელაფონტე ძალიან პოპულარული იყო, ამიტომ ეს დაახლოებით იმას ნიშნავდა, ჩემთვის "ბითლზს" რომ ეჩუქებინა ფირფიტა. ყველა მთხოვდა, გამატანეო, ბოლოს კი დავკარგე... ამ ფირფიტაზე ჩაწერილ სიმღერათაგან ყველაზე პოპულარული იყო "ჰავა ნაგილა", რომელიც ითარგმნება - "მოდი, ვიხალისოთ" და დღემდე პოპულარულია.

ბელაფონტეს ამერიკაში გასტროლებისას სუხიშვილების ნაციონალური ბალეტიც უნახავს და რაკი ანსამბლის წევრებს იცნობდა, შინ ბატონი ილიკო, ქალბატონი ნინო და ორი მოცეკვავეც მოვიპატიჟეთ. ფერადკანიანი ამერიკელი მაშინ პირველად ვნახე - ჩვენ ხომ ამერიკის გინებაში გავიზარდეთ. მაშინდელი გაზეთები აჭრელებული იყო კაპიტალისტების კარიკატურებით.

ბელაფონტეს შვილი პატარა იყო და ჩვენს ნაბოლარა ძმას, რამდენიმე თვის ვატოს მიუწვინეს საწოლში. დროდადრო დავხედავდით ხოლმე. სუფრასთან ვსხედვართ და უცებ ვატოს კივილი გვესმის. ყველანი მივცვივდით, მაგრამ ვერაფრით დავაწყნარეთ. ვერც მივხვდით, რა დაემართა. ბოლოს ბელაფონტეს მეუღლემ დაასკვნა, ჩემი ბიჭი უკბენდაო. მართლაც, საჩვენებელ თითზე ვუპოვეთ ნაკბენი.

მახსოვს, ბელაფონტეს სტუმრობისას მეზობლის რადიოლა შემოვიტანეთ, რომელიც ფირფიტასაც უკრავდა. ფოტოზე ბელაფონტეს ხელები აქვს გაშლილი, ამ დროს ის თავის სიმღერას აჰყვა. გულღია ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, ლაღი და ხალისიანი იყო.

მაშინდელი სუფრა არ იყო წელში ისე გაზნექილი, როგორიც ახლა იციან, არც სადღეგრძელოები იყო დღევანდელივით გაუთავებელი. საცივს დროდადრო ორივე ხელით იღებდა და კმაყოფილი სახით ყნოსავდა.

ეს კარგად დამამახსოვრდა. მაშინ 14 წლის ვიყავი. ფოტოზე ბელაფონტეს მეუღლის უკან ვდგავარ.

ეკა სალაღაია