"სიდედრმა სიძეზე გაიწია" - მხიარული და უცნაური ამბები ქართული ქორწილებიდან - კვირის პალიტრა

"სიდედრმა სიძეზე გაიწია" - მხიარული და უცნაური ამბები ქართული ქორწილებიდან

საქართველოში დღეს მდიდრულ ქორწილებს ძირითადად, ძლიერნი ამა ქვეყნისანი იხდიან, თუმცა, საინტერესოა უცნობ წყვილთა მოკრძალებული ქორწილებიც, რომლებიც ხშირად უცნაურობებითა და კურიოზებით გამოირჩევა... ეს ისტორიები სამუდამოდ რჩება ქორწინების რეგისტრატორთა მეხსიერებაში. ერთ-ერთ მათგანს ისე ვთხოვე, უცნაურ ქორწინებებზე მოეთხრო, უარი ვერ მითხრა, მაგრამ თვითონაც მთხოვა, ჩემს ვინაობას ნუ გაამხელ და ნურც წყვილთა სახელებს მომთხოვო. დავთანხმდი.

- საიდან დავიწყო - მშენებარე ობიექტზე ჩაფხუტი რომ ჩამოგვამხვეს და ხარაჩოებზე აგვიყვანეს ქორწილის რეგისტრაციისთვის, თუ დიდუბის გამოფენის პავილიონში ნეფე-პატარძალი ბუჩქებიდან რომ ამოხტა?

- საიდანაც გინდათ, ჯერ კარგი ამბავი მიამბეთ, მერე - ცუდი...

- ქორწინების დროს ცუდს ვინ ელის, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ნეფეც "უსტვენდეს" და პატარძალიც... მაგრამ ამ დროს სადედამთილომ ან სასიდედრომ თუ გაიწია, აი, მაშინ არის საქმე ცუდად.

- ასეც ხდება?

- რამდენიც გინდა. თუმცა, ტრაქტორით დავიწყებ, რომლის გვერდით ლილოს მინდვრებში აღმოვჩნდი.

- ტრაქტორთან რა გინდოდათ, წყვილი დაქორწინების შემდეგ მიწის მოხვნას აპირებდა?!

- არ ვიცი, ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ტრაქტორს რა მიზნით გამოიყენებდნენ, მაგრამ იქ რომ მიმიყვანეს, წყვილი სწორედ იმ დროს დაეშვა დელტაპლანით ტრაქტორთან და მეც მიმიხმეს, აქ მობრძანდითო. მუხლებამდე ტალახში ჩაფლული, წყვილს გაოცებული შევყურებდი. მერე ტრაქტორის ბორბლებზე გამაშლევინეს დოკუმენტაცია და ხელიც მოაწერეს. როგორც კი ხელმოწერა დავადასტურე, ქაღალდებს ხელი დავავლე და იქაურობას გავეცალე. რომ მცოდნოდა, სად მივყავდი, არ გავყვებოდი. ახალთახალ ქუსლიან ფეხსაცმელს მაინც არ ჩავიცვამდი. ტალახმა ისე მომიქცია, გადასაყრელი გამიხდა...

მშენებარე ობიექტზე კი ჩვენი ყველაზე გულადი თანამშრომელი წავიდა. წინასწარ გაგვანდეს, ფუნიკულიორზე რომ ძველ რესტორანს რესტავრაცია უტარდება, ხელის მოწერას მის ხარაჩოებზე ვაპირებთო. არ ვიცი, რატომ მოუნდათ მაინცდამაინც იქ აძრომა, მაგრამ ჩვენი საწყალი თანამშრომელი იქ ჯახირითა და წვალებით ააპორწიალეს, "პროფილაქტიკისთვის" კი თავზე ჩაფხუტი ჩამოამხვეს. თუმცა, დღემდე ვერ ხვდება, იქიდან რომ გადმოვარდნილიყო, ჩაფხუტი რას უშველიდა!

- მან სადღა გაშალა დოკუმენტაცია?! - სასიძოს ზურგზე! თუ დავფიქრდებით, ზურგი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ტრაქტორის ბორბლები.

- დიდუბის გამოფენის პავილიონში ბუჩქებიდან წყვილის ამოხტომის ამბავიც მიამბეთ... - წყვილმა გამოფენაზე დაპატიჟა ახლობლები. ყველას ეგონა, გამოფენის დასათვალიერებლად გვეპატიჟებიანო, მაგრამ ამ დროს შეკრებილთა თვალწინ ბუჩქებიდან საქორწილო ტანსაცმელში გამოწყობილი წყვილი ამოხტა და რეგისტრატორიან-სტუმრიანად ყველა გადარია.

- მართლაც კურიოზულ სიტუაციებში მოხვედრილხართ...

- უარესშიც! ტყუილად არ მითქვამს, სადედამთილოს ან სასიდედროს რამე თუ არ მოეწონა, ცუდად არის საქმე-მეთქი. ქორწინების რეგისტრაციისას არის ასეთი კითხვა: "გვარს ხომ არ იცვლით?" აი, მაშინ იწყება, რაც იწყება! ზოგიერთი სასიძო პატარძალს იქ სთხოვს გვარის გამოცვლას, პატარძალი კი ქვას აგდებს და თავს უშვერს, არ მინდაო, მაგრამ ქორწინების რეგისტრაციისას სასიძო ამით "ვაჭრობს". ერთხელ, სწორედ ამ დროს, ისეთი ტკაცანი შემომესმა (რეგისტრაციას სხვა ატარებდა, მე გვერდით ოთახში ვიჯექი), უნებურად ფეხზე წამოვხტი, ოთახიდან გამოვვარდი და რას ვხედავ: სასიდედრო სასიძოსკენ ისე იწევს, ხალხი აკავებს, ბიჭს ლოყაზე ცეცხლი უკიდია, პატარძალი კი ცხარე ცრემლით ტირის. თურმე, როცა რეგისტრატორმა პატარძალს ჰკითხა, გვარს ხომ არ შეიცვლითო, იმან კი უარის ნიშნად თავი გააქნია, სასიძო გადაირია, გინდა თუ არა, ჩემს გვარზე უნდა გადმოხვიდე, თორემ ცოლად არ შეგირთავო. ჰოდა, მტრისას, იქ ამბავი დატრიალდა! სასიდედრო სასიძოს ჯერ თმაში ეცა, მერე კი სულ სახეში ულაწუნა. საწყალმა ბიჭმა ხელის შებრუნება ვერ გაუბედა, მხოლოდ თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ გამწარებული სასიდედრო ისე იწევდა, ათი კაცი ვერ იჭერდა... ბოლოს, როგორც იქნა, გავაშველეთ, პატარძალმაც თავისი გვარით მოაწერა ხელი... სამწუხაროდ, არ ვიცი, ახლა როგორი ურთიერთობა აქვს სიძე-სიდედრს...

- შერეული ქორწინებების რეგისტრაცია ხშირად გიწევთ?

- არცთუ იშვიათად. ქართველების სასიძოებში ინდოელები ჭარბობენ, მეორე ადგილზე თურქები არიან, მერე კი - სხვა უცხოელები. ფერადკანიანი სასიძოც ბევრი გვყავს. დღეს საქართველოში ფეხბურთის სხვადასხვა გუნდში სათამაშოდ მოწვეული თითქმის ყველა ფერადკანიანი ქართველ გოგონაზე ქორწინდება... რაც შეეხება განქორწინების სტატისტიკას, აშკარად მატულობს, რაც ძალიან ცუდია.

საქორწილო ხარჯები

საშუალო დონის რესტორანში კაცის გამასპინძლება 50-60 ლარი ჯდება, უფრო მდიდრულში - 80-90 ლარი. რა დაჯდება 300-კაციანი ქორწილი? ამას თუ დავამატებთ ნიშნობის ბეჭედს, პატარძლის კაბას, ვარცხნილობას, ტორტს, ვიდეო და ფოტოგადაღებებს, ხელმოწერის ცერემონიალს, საქორწილო ცეკვის სწავლას (სუხიშვილებთან კაცი 300 ლარამდე ღირს) - ხარჯი ძალიან იზრდება. ვისაც ქორწილი ამ თანხად უღირს, ქორწილების საორგანიზაციო კომპანიასაც აკითხავს. საკუთარ თავს იაფად არც ესენი აფასებენ და 100 სტუმრისთვის ქორწილის გამართვაში 5.000 ლარს ითხოვენ.