გლეხებს მიწის ჩამორთმევა ემუქრებათ?!
15-02-2016
გლეხებს მიწის ჩამორთმევა ემუქრებათ?!
"მიწის დაკარგვა დაემუქრა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიწებს წლების განმავლობაში განკარგავენ, მაგრამ თავიანთი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს"

"ამ ცვლილებით გათვალისწინებულია სახელმწიფოსთვის მხოლოდ იმ მიწების რეგისტრაცია, რომელთა მფლობელი საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ დგინდება"


ემუქრებათ თუ არა გლეხებს მიწის ჩამორთმევა, რომელიც, ფაქტობრივად, მათია? გასულ კვირას მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი "საჯარო რეესტრის შესახებ" მსჯელობის საგანი გახდა და საზოგადოების ვნებათაღელვაც გამოიწვია. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი თეა ზაქარაშვილი
ესაუბრა:

- ეს კანონპროექტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების ბაზის შექმნას ითვალისწინებს, თუმცა, ამ ცვლილებით გათვალისწინებულია სახელმწიფოსთვის მხოლოდ იმ მიწების რეგისტრაცია, რომელთა მფლობელი საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ დგინდება.
ამგვარად, მიწის დაკარგვა დაემუქრა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიწებს წლების განმავლობაში განკარგავენ, მაგრამ თავიანთი
ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

მართალია, სახელმწიფოს აქვს ერთწლიანი განკარგვის აკრძალვის უფლება, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო, რომელიც მიწას გაიფორმებს, ერთი წლის განმავლობაში არ განკარგავს მას და არ გაასხვისებს, მაგრამ ეს ჩანაწერიც დასაზუსტებელია, ვინაიდან განკარგვის აკრძალვის უფლებამოსილება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ უფლებამოსილებას გამოიყენებს. მას შეუძლია, ერთი წლის განმავლობაში მიწის გასხვისების აკრძალვაზე უარი თქვას ან არ თქვას და საკუთარი შეხედულებისამებრ მოიქცეს. რა თქმა უნდა, კანონ-პროექტის ამ სახით დამტკიცება მიწის რეალური მესაკუთრეების მდგომარეობას გაართულებს. მათ უმეტესობას საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესადგენად გადასახდელი თანხაც კი არა აქვს და საჯარო რეესტრში საჭირო საბუთების წარდგენას როგორ შეძლებს?

ამასთან, 90-იან წლებში შედგენილ საკუთრების დამადასტურებელ საბუთს ხან ბეჭედი აკლია, ხან - საჭირო ხელმოწერა, ეს კი გლეხს მიწის დაკანონებაში ხელს შეუშლის. სწორედ ამიტომ, რაიონებში იშვიათად ხდება მიწების რეგისტრაცია. თუ სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც არ მომზადდა და ისინი ახალ კანონპროექტთან ერთად არ განიხილეს, შედეგი სავალალო იქნება. რასაკვირველია, არც ინვესტორს მოუნდება ისეთი მიწის ყიდვა, რომელიც შეიძლება სადავო გაუხდეს.

დავით ლორთქიფანიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: - ვფიქრობ, უტრირებულია მოსაზრება, რომ მოსახლეობა შეი­ძლება მიწის გარეშე დარჩეს. კანონპროექტის განხილვა­ წინ არის, არ მივი­ღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას დააზარალებს. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებამ საზოგადოების ნაწილს კითხვები გაუჩინა, მაგრამ მოუგვარებელი არაფერია. ისე კი, სოფლად გლეხებმა იციან თავიანთი შემოუღობავი მიწის "საზღვარი" და ეს სადავო თითქმის არასდროს ხდება. თუ სახელმწიფო დაირეგის­ტრირებს მიწას, რომელ­იც, ფაქტობრივად, გლეხს ეკუთვნის, გლეხს მისი დაბრუნების საშუალებაც მიეცემა და ვადაც. მას შეუძლია, მოაწესრიგოს საბუთები და საჯარო რეესტრს მიმართოს...

- თუმცა ამას ფული სჭირდება...

- გეთანხმებით, ამიტომ შეიძლება შევიმუშაოთ ცვლილებაც, რაც ამ პროცედურას გაამარტივებს და გლეხს ზედმეტ ხარჯს აარიდებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ
90-იან წლებში შედგენილი დოკუმენტების უმეტესობას ბევრი ხარვეზი აქვს, რაც გლეხს მიწის დაკანონებაში ხელს უშლის... ვფიქრობ, ეს საკითხები პარლამენტის განხილვის საგანი გახდება და გპირდებით, ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. ოპოზიციამ ალტერნატიული კანონპროექტი უკვე შემოიტანა. ის ითხოვს, საჯარო რეესტრმა დაირეგისტრიროს ეს მიწები და გლეხებს აზომვითი საკადასტრო ნახაზების შედგენაშიც ეს უწყება დაეხმაროს, მაგრამ საჯარო რეესტრს არც ამის უფლებამოსილება აქვს და არც - რესურსი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით