"დედისთვის შოკის მომგვრელი­ იყო ჩემი დიაგნოზი" - კვირის პალიტრა

"დედისთვის შოკის მომგვრელი­ იყო ჩემი დიაგნოზი"

"ახლაც ჩამესმის ექიმის ფრაზა: "თქვენ აივ დადებითი ხართ!"

მათთან ურთიერთობას გაურბიან, დაუფარავად გამოხატავენ არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და მიიჩნევენ, რომ აივ ინფიცირებულებთან ურთიერთობა საშიშია. ამის გამო ისინი საკუთარ დიაგნოზზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან და ხშირად ოჯახის წევრებმაც კი არ იციან, რომ ისინი ამ სენით არიან დაავადებული... არადა, მათაც აქვთ უფლება, უხაროდეთ, სწყინდეთ, მუშაობდნენ, არ განიცდიდნენ დისკრიმინაციას და სარგებლობდნენ საქართველოს მოქალაქის ყველა უფლებით...

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში შეტყობინება დამხვდა. ვებგვერდიდან, რომელსაც ჰქვია "ხელი ხელს", ინკოგნიტო მომხმარებელი მწერდა: "მე აივ ინფიცირებული ვარ და ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ სირთულეს ვაწყდები. პრობლემები მექმნება სამედიცინო დაწესებულებებსა და საპარიკმახეროებში. რაც მთავარია, სამუშაოს დაწყება მინდა და არავის სურს ჩემი დასაქმება. იქნებ საზოგადოებას გააგებინოთ, რომ შიდსი ადამიანებთან ურთიერთობით არ გადადის! ნუ შეგვიქმნით სტიგმატიზებულ გარემოს! ჩვენ, აივ დადებითები, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. უბრალოდ, თქვენი იმუნიტეტი ჩვენსაზე ძლიერია. გთხოვთ, მიგვიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ... იცით, რამდენი მეგობარი დავკარგე? თითქმის ყველა, ვისთან ერთადაც მოვდიოდი მთელი ცხოვრება".

ჩვენი ვირტუალური დიალოგი კარგა ხანს გაგრძელდა. ჯერ კიდევ წინა კვირას დავთქვით შეხვედრა, მაგრამ რაიონში ცხოვრობს და უამინდობამ შეუშალა ხელი, თბილისში ჩამოსულიყო. რამდენიმე დღის წინ რედაქციაში სტუმრად მოსულს ნერვიულობა ემჩნეოდა. გიორგიმ (სახელი პირობითია) საუბარი თავისი ამბის მოყოლით დაიწყო.

- 30 წლის ვარ... ერთხელ კბილი ამტკივდა და გადავწყვიტე, სტომატოლოგიურ კლინიკაში მივსულიყავი... მაშინ ძალოვან სტრუქტურაში ვმუშაობდი. თანამშრომლები სისხლის ბანკისთვის დონაციის პროექტში ჩავერთეთ. იქ გამიკეთეს ანალიზები და მაშინ გავიგე ჩემი დაავადების შესახებ. ახლაც ჩამესმის ექიმის ფრაზა: "თქვენ აივ დადებითი ხართ!" რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა.

სამი წელი გავიდა და დეპრესიას ჯერაც ვერ ვძლიე. ჩემი მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი, სამსახურიდან წამოვსულიყავი, დავშორებოდი შეყვარებულს. ვკარგავდი მეგობრებსაც - მათ უჭირდათ ჩემს დიაგნოზთან შეგუება. შეყვარებულმა მითხრა, ჩემს ჯანმრთელობას ვერ შემოგწირავო. ერთმა მეგობარმა, როცა მასთან დავრჩი, თავისი ტანსაცმელი მათხოვა და ჩემი დიაგნოზი რომ ვუთხარი, ის ტანსაცმელი დაწვა...

- როგორ დაინფიცირდი?

- ჩემი ვარაუდით, ვირუსი სტომატოლოგიურ კლინიკაში გადამედო, მაგრამ ეს ვერ დავამტკიცე, რადგან უამრავი ფაქტი და მტკიცებულება იყო საჭირო და იმ პერიოდში ისეთი გაოგნებული ვიყავი, მათთვის ჩივილის თავი არ მქონდა.

- ოჯახმა თუ იცის თქვენი დიაგნოზი?

- თავდაპირველად სახლში წამლებს ვმალავდი. ერთი წლის წინ გაიგო დედამ. მამამ, და-ძმამ და ახლობლებმა დღემდე არ იციან. დედისთვის შოკის მომგვრელი იყო ჩემი დიაგნოზი. ვაწყნარებდი, ექიმსა და ფსიქოლოგს შევახვედრე... ახლა შეგუებულია ჩემს მდგომარეობას. ცდილობს, მეტი ყურადღება დამითმოს და მომიაროს. ჯერ არ ვარ მზად, რომ ოჯახის დანარჩენ წევრებსაც ვუთხრა. მე ვნახე დედაჩემის საშინელი რეაქცია და ამას მეორედ ვერ გადავიტან. არ ვიცი, გამიგებენ თუ არა. იმედი მაქვს, მამა შეეცდება, გვერდით დამიდგეს. და-ძმას კი, ალბათ, ვერასდროს გავუმხელ.

- რა შეიცვალა ამ დიაგნოზის გაგების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში?

- მეტად ვზრუნავ ჩემს თავზე, მედიკამენტების მუდმივად მიღება აუცილებელია. ვირუსის მაჩვენებელი უკვე ნულამდეა დასული. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით საზოგადოებისთვის საშიში აღარ ვარ... ძალიან ძნელია ცხოვრება, როცა საკუთარ პრობლემაზე ოჯახის წევრებთანაც ვერ ლაპარაკობ. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც აივ დადებითებზე ზრუნავს. იქ ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ვებრძვით სტიგმას, რომელიც ჩვენ მიმართ დამკვიდრდა.

- ხშირად განიცდით დისკრიმინაციას?

- ამას წინათ ერთ კლინიკაში მივედი გამოკვლევაზე და იქ ძალიან ცუდად მომექცნენ. ექიმი შიდსიანს მეძახდა და ექთანს მოუწოდებდა, ხელთათმანი გამოეყენებინა, რადგან საშიში ვიყავი. ეს ამბავი დერეფანში მყოფმა პაციენტებმაც გაიგეს. უფრო ადრე კი ჩემი აივ დადებითი მეგობარი მშობიარობდა და თანამშრომლები პალატის კარს უღებდნენ, რათა ენახათ, როგორი იყო დავირუსებული ადამიანი. ყველა მასზე ლაპარაკობდა...

მინდა, მივმართო ყველას: ეს დაავადება არ გადადის არც ხელის ჩამორთმევით, არც - კოცნით, არც - ნივთებით და ვთხოვ საზოგადოებას, იყვნენ ლმობიერი ჩვენ მიმართ, მიგვიღონ ჩვენი დიაგნოზით! ძალიან მინდა, მყავდეს ოჯახი... ვისურვებდი, ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გამომეხმაუროს გოგონა, რომელთანაც ბედნიერი ვიქნები. არსებობს შანსი, რომ ჩვენ გვყავდეს ჯანმრთელი შვილი...

"ვაიმე, მეშინია!.."

"კვირის პალიტრამ" რესპონდენტს ექსპერიმენტში მონაწილეობა შესთავაზა. ექსპერიმენტის მიზანი იყო, უფრო ნათლად დაგვენახა, რა პრობლემებს აწყდებიან აივ ინფიცირებულები ყოველდღიურად. გიორგის რამდენიმე სილამაზის სალონსა და სტომატოლოგიურ კლინიკაში შევყევით. როდესაც საქმე თმის შეჭრასა და კბილის დაბჟენაზე მიდგა, მან მომსახურე პერსონალს დიაგნოზი გაუმხილა. ოთხ სალონში აივ ინფიცირებულის მომსახურებაზე ყველა სტილისტმა სხვადასხვა მიზეზით უარი თქვა. ექსპერიმენტს ვიდეოკამერით ვიღებდით...

სილამაზის სალონი 1

გიორგი: - რა ღირს თმის შეჭრა?

სტილისტი: - 15 ლარი.

გიორგი: - იცით, მე აივ დადებითი ვარ, მომემსახურებით?

სტილისტი: - ეგ რა არის?

გიორგი: - შიდსით ვარ დაავადებული.

სტილისტი: - არა, ვერა...

სილამაზის სალონი 2

გიორგი: - ფრჩხილებს გამიკეთებთ?

სტილისტი: - მამაკაცებს არ ვუკეთებთ, თმის შეჭრა შეგიძლიათ.

გიორგი: - იცით, მე აივ დადებითი ვარ და მომემსახურებით?

სტილისტი: - ვერა...

გიორგი: - რატომ?

სტილისტი: - მეშინია...

სილამაზის სალონი 3

გიორგი: - თმის შეჭრა რა ღირს?

სტილისტი: - 10 ლარი.

გიორგი: - შიდსი მაქვს, შეიძლება რომ მომემსახუროთ?

სტილისტი: - ვერა...

გიორგი: - რატომ?

სტილისტი: - მე მეშინია და სხვაგან თუ მიგიღებენ. არ ვიცი...

სილამაზის სალონი 4

გიორგი: - რამდენად ჭრით თმას?

სტილისტი: - 10 ლარად.

გიორგი: - იცით, მე შიდსი მაქვს, შეიძლება რომ შემჭრათ?

სტილისტი: - ბატონო? რა ვიცი... დაჯექი, კაცო, შეგჭრი...

პარიკმახერი მეორე ოთახში გავიდა და დირექტორს შიდსით ინფიცირებული მომხარებლის სტუმრობა ამცნო. რამდენიმე წამში უკან დაბრუნდა...

სტილისტი: - იცით, დირექტორმა უარი მითხრა, ვერ მოგემსახურებით...

გიორგი: - რატომ?

სტილისტი: - კი ვასტერილებთ იარაღებს, მაგრამ სავარცხლებს ვერ გამოვხარშავთ. აქედან გამომდინარე, შიდსი ვისაც აქვს... სამწუხაროდ, ვერ მიგიღებთ...

საუბარში მეც ჩავერთე:

- "კვირის პალიტრიდან" ვარ. ექსპერიმენტს ვატარებთ. გვაინტერესებდა, თუ გაუწევდით მომსახურებას აივ ინფიცირებულ ადამიანს...

სტილისტი: - იცით, ბატონო, თმის შეჭრას ვერ გავრისკავთ, მაგრამ ფრჩხილების გაკეთება თუ უნდა, მივიღებთ... ამ იარაღების სტერილიზატორი გვაქვს...

სტომატოლოგიურ კლინიკაში

მომსახურებაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა, გიორგის რეგისტრატურის გავლა და სიაში ჩაწერა მოსთხოვეს.

ექიმი: - მობრძანდით...

გიორგი: - იცით, მე აივ დადებითი ვარ და მომემსახურებით?

ექიმი: - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვემსახურებით, ყველა წესის დაცვით, მაგრამ რადგან ჩაწერილი არ ხართ, ამჟამად ვერ მოგემსახურებით. რეგისტრატურაში ჩაეწერეთ და არ არის პრობლემა... მობრძანდით, როცა გნებავთ.

"ეს დისკრიმინაციაა..."

უკვე ერთი წელია, არასამთავრობო ორგანიზაცია "ასოციაცია ჰერა XXI" აივ დადებით ადამიანთა უფლებებს იცავს. იურიდიული კონსულტანტის, მარი ჯობავას თქმით, აივ დადებითი ადამიანები ბოლო დროს უფრო ხშირად აკითხავენ...

მარი ჯობავა: - ჩვენს ორგანიზაციას აქვს ცხელი ხაზი და ხშირად მოგვმართავენ აივ დადებითები, რადგან მათი უფლებები ირღვევა, განსაკუთრებით - სამედიცინო დაწესებულებებში. ხშირია აივ დადებითი ადამიანების ჩაგვრის ფაქტებიც. ეს დისკრიმინაციაა. კანონმდებლობა ითვალისწინებს აივ ინფექციით დაავადებულთა უფლებების დაცვას...

თქვენს ექსპერიმენტზე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია, დაწესებულებებს ჰქონდეთ სტერილური ხელსაწყოები, რათა სხვა პირები დაცული იყვნენ, მაგრამ მომსახურებაზე უარის თქმა, თუნდაც იმ მოტივით, რომ არ აქვთ სტერილური ხელსაწყოები, დარღვევაა...

- კიდევ რა ტენდენციები იკვეთება, აივ დადებითთა უფლებების შეზღუდვისას?

- უფლებები ირღვევა სამსახურში მიღებისასაც. იყო შემთხვევა, როცა მიმტანად არ აიყვანეს ჩვენი ბენეფიციარი. ეს ადამიანები გამოხატავენ კეთილ ნებას და არ მალავენ დიაგნოზს, არადა, არ არიან ვალდებულნი, გაამხილონ თავიანთი სტატუსი. ვირუსის მატარებელ ადამიანებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, კანონში გაწერილი მოთხოვნის შესაბამისად, მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში გაამხილონ დიაგნოზი.

თორნიკე ყაჯრიშვილი