„ლამპრობის" დღესასწაულის სვანური ტრადიცია და მისტიკა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

„ლამპრობის" დღესასწაულის სვანური ტრადიცია და მისტიკა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო (ფოტოგალერეა)

„ანთებული ლამპრებით მამაკაცები ტაძრის ეზოში იკრიბებიან, სადაც მახვში სალოცავ სიტყვას წარმოთქვამს“

ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. წელს კი, ის მირქმის დღესასწაულს დაემთხვა. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვა სიმბოლოს უკავშირებენ. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობდნენ. „ლამპრობა“ ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულიც გახლავთ. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს, ხშირად კი მირქმის დღესასწაულს ემთხვევა. ტრადიციის მთავარი ატრიბუტი ლამპარია, რომელსაც სვანები არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ.

ზემო სვანეთში ლამპრობას "სვიმონობასაც" უწოდებენ. აქ დღესასწაული ბერიკაობა-ზეენბის მსგავსად იმართებოდა და "კეისარს", მის "ცოლებს" და "ვეზირებს" ირჩევდნენ.

"ლამპრობას" დმანისის რაიონში მცხოვრები სვანებიც ყოველ წელს აღნიშნავენ.

ეკლესიიდან ხალხი იმასთან მიდიოდა, ვინც სვიმონობას იხდიდა და თემის მასპინძელიც იყო; სადიდებელი ჰიმნების შესრულების შემდეგ, დღესასწაულის მონაწილენი, ანთებული სანთლებით კერას უვლიდნენ, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული "ლამპრული".

kvirispalitra.ge-ის ამ უძველეს ტრადიციაზე, პარლამენტარი, კობა სუბელიანი ესაუბრება:

- ლამპრობის აღნიშვნაში მონაწილეობა მიმიღია რა თქმა უნდა და არა ერთხელ, როგორც დმანისში, ბოლნისში, თეთრწყაროში ასევე მესტიაში. ეს მისტიური მსვლელობა მაცხოვრის მირქმის შემდგომ კვირეულს ემთხვევა და გადმოცემის მიხედვით ძველ ებრაულ ტრადიციასთან არის დაკავშრებული. კონკეტულად კი გადმოცემის მიხედვით ეს უკავშირდება მესიის მოვლენის ისტორიას, რომელსაც ებრაელი ხალხი რომაელთა ბატონობისგან უნდა ეხსნა, როგორც ეს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებით იყო გადმოცემული. მესიის დაბადების მოლოდინში მყოფმა ებრაელმა რაბინმა სიმეონმა მას შემდეგ, რაც მაცხოვარი იესო ქრისტე მიირქვა, გავიდა წინაპართა სამარხზე რათა მათთვის ეხარებინა მესიის მოვლინების შესახებ. გადმოცემის მიხედვით ეს რიტუალი ტრადიციად იქცა, ყოველ წელს იკრიბებოდნენ წინაპართა საფლავებზე მორმწუნენი და აღნიშნავდნენ მესიის მოვლენის რიტუალს.

სიმბოლო კი გულისხმობდა - რამდენი ლამპარიც გამოვიდოდა სოფელში თუ თემში, მათ იმდენი პოტენციური ჯარისკაცი ეყოლებოდათ, რომლებიც როცა დრო დადგებოდა იბრძოლებდნენ თავისუფლებისთვის.

დღესასწაულის დღევანდელი ტრადიციაც სწორედ აქედან იღებს სათავეს. ღამით, ანთებული ლამპრებით მამაკაცები ტაძრის ეზოში იკრიბებიან, სადაც მახვში სალოცავ სიტყვას წარმოთქვამს და გუნდიც საგალობლებს ასრულებს. ეს ყველაფერი კი ძალიან მისტიური და შთამბეჭდავია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

იხილეთ ვიდეო

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთის)