"ვიღაც "ცეხავიკი ვარსკვლავთმრიცხველი" კულტურის მუშაკობას იბრალებს" - კვირის პალიტრა

"ვიღაც "ცეხავიკი ვარსკვლავთმრიცხველი" კულტურის მუშაკობას იბრალებს"

"კულტურა უგემოვნობამ მოკლა"

"ყური მოვკარი, ოქიტაშვილს მინისტრობა უნდაო, ეს ტრაგიკომედია იქნება"

არტ-კრიტიკოსი დავით ანდრიაძე მიიჩნევს, რომ კულტურის სფეროში საგანგაშო მდგომარეობაა და საზოგადოება დროულად უნდა გამოფხიზლდეს.

- კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები ასპარეზზე აღარ ჩანან. მწერლებსა და რეჟისორებსაც ტელევიზიები პოლიტიკური კონიუნქტურის თანახმად ქმნიან, თეატრის სცენაზე მსახიობთა რაოდენობა მაყურებელს ჭარბობს. ზოგადად, მაყურებელმა სპექტაკლის აღქმის უნარიც დაკარგა და ბავშვივით ელოდება, რომელ ნაწილში შეძლებს გაცინებას - კომიზმის ეს კატეგორია ქვეყანაში საფუძვლიანად დამიწდა და ყველაფრის გაუბრალოებამდე მიგვიყვანა. გასაგებია, რომ გარდამავალ ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერს პოსტმოდერნიზმს ვაბრალებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მტერი მაინც უგემოვნობა გახდა - კულტურა უგემოვნობამ მოკლა.

"ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური პროექტი, რომელშიც კულტურის სამინისტრო მონაწილეობს, ბათუმის ჯაზფესტივალია, ისიც იმიტომ, რომ ბიზნესთან არის დაკავშირებული" - რამ მიგვიყვანა ამ შედეგამდე?

- მიზეზთა კომპლექსია. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა. საზოგადოებაში მდარე ხელოვნებაზე მოთხოვნას სახელმწიფოც უწყობს ხელს. მაგალითად, საახალწლოდ მერიამ ქუჩაში კონცერტი ჩაატარა. ნეტავ, რომელმა ჭკუათამყოფელმა მოიფიქრა თავისუფლების მოედანზე საოპერო მომღერლების გამოყვანა? თან, როგორც ვიცი, ამ საქმეში სოლიდური თანხაც დაიხარჯა. ნუთუ ერთი კაციც არ აღმოჩნდა მერიაში, რომ ეთქვა, საოპერო თეატრს თავისი ადგილი აქვს და ქუჩის ხელოვნება სულ სხვა სეგმენტიაო? არაფერს ვამბობ ბათუმში გამართულ კონცერტზე, რომელზეც თურმე საზოგადოებამ არაფერი იცოდა. ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა კი გვითხრა, ხალხს ფეხსაცმელი არ ჰქონდა და კონცერტს ამიტომ არ დაესწროო.

ვინ დათვლის, ქვეყანაში რამდენი კულტურის საბჭოა, რა რაოდენობის პროგრამაა შექმნილი, მაგრამ რაში იხარჯება ეს ადამიანური თუ ფულადი რესურსი?

ერთხელ კულტურის სამინისტროში ხელოვანთა მთელი ბომონდი შეკრიბეს. შეკრებას კულტურის მინისტრის მოადგილე უძღვებოდა და ისეთი ენით საუბრობდა, ვერაფერი გავიგე. არადა, კარგა ხანს ვცდილობდი გამეგო, რისთვის შეგვკრიბა. კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე გველაპარაკებოდა, თუმცა კულტურასთან თავად არაფერი აკავშირებდა. გადავწყვიტე, კრება დამეტოვებინა. ალბათ, ოთარ თაქთაქიშვილი საქართველოში აღარ განმეორდება - ადამიანი, რომელიც თავად იყო კულტურის განსახიერება. არც კულტურულ ღონისძიებებს აკლდებოდა, თეატრისა და სამხატვრო გალერეების მუდმივი სტუმარიც იყო. დღეს, როგორც კი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგებიან, არც ერთ ღონისძიებას აღარ ესწრებიან, მინისტრობის პერიოდშიც მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად დადიან. ასეთებმა რა უნდა შექმნან ქვეყანაში? კულტურის სამინისტროში ყველაზე ცუდი მოთამაშეები აღმოჩნდნენ. ამ ქაოსში კი ვიღაც "ცეხავიკი ვარსკვლავთმრიცხველი" კულტურის მუშაკობას იბრალებს.

- ვის გულისხმობთ?

- დავით ოქიტაშვილს. სიმართლე გითხრათ, მეწყინა, როდესაც სათაყვანებელი რეჟისორი ელდარ შენგელაია "ცეხავიკი" ოქიტაშვილის წინადადებას დათანხმდა. კი ბატონო, რუსთაველის თეატრთან რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავიც არის, მაგრამ მის გვერდით ისეთ მსახიობებსაც აღმოაჩენთ, დიდი დამსახურებით რომ ვერ დაიკვეხნიან. რასაკვირველია, ყველა რამაზ ჩხიკვაძე ვერ იქნება, მაგრამ ყველას კუთვნილი ადგილი უნდა ჰქონდეს.

ვითარება აიჭრა - კოჭლი ცხვარი წინ აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ ყური მოვკარი, ოქიტაშვილს მინისტრობა უნდაო, ეს ტრაგიკომედია იქნება. ერთხანს მოხერხდა ამ კაცის "ბიზნესის" შეჩერება, მაგრამ მაინც ამოტივტივდა. კულტურის სფეროს მესვეურები ამას აინუნში არ აგდებენ. არაფერს ვამბობ თბილისის მერიის კულტურის სამსახურზე, ქალაქში ბრინჯაოში ჩასხმულ ჯოჯოებს რომ დგამენ. კარგი იქნება, თუ წარმოგვიდგენენ ანგარიშს, რა კულტურული გამოცდილება აქვთ ამ ადამიანებს და რაში იღებენ გასამრჯელოს...

- ოპერის თეატრის გახსნა რას შეცვლის კულტურულ ცხოვრებაში?

- ეს მართლაც სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ გაოგნებული ვარ - თორაძის ბალეტ "გორდას" აღდგენაში ნახევარი მილიონი დაიხარჯა, როცა მწერლები სულს ღაფავენ და კულტურის სამინისტროს ყოველთვიურ ჟურნალში ასლარიან ჰონორარს იღებენ. არ ვამბობ, რომ მწერლობაში რენესანსის ხანა გვაქვს, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სამინისტროში ქაოსურად მოქმედებენ და საერთო გეგმა არ აქვთ. საკუთარი ნაშრომის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი რომ გაგიჩნდეს, უწყებაში იმდენი ბიუროკრატიული პროცედურა უნდა გაიარო, თავი შეგძულდება.

არაფერს ვამბობ რუსთაველის პრემიის ჩამორიგებაზე. როგორც წინა ხელისუფლებამ ჩამოურიგა უღიმღამოებს პრემიები, ახლაც იგივე გრძელდება. რუსთაველის პრემია გიორგი ლეონიძეს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მისცეს და ის არც ელენე ახვლედიანს მიაკუთვნეს...

კულტურის სამინისტროში "ჩალიჩმაისტერების" მთელი არმიაა. თანაც უბედურებაა, რომ ეს ყველაფერი "უპურობის" ჟამს ხდება. ცნობილია, რომ ხალხს პური და სანახაობა სჭირდება. პური არ გვაქვს, იქნებ სანახაობა მაინც შევთავაზოთ ადამიანებს. წინა ხელისუფლება ხელოვნურად ქმნიდა დინამიკურობის შეგრძნებას, ახლა კი ხალხს ელემენტარული განტვირთვის შესაძლებლობა არა აქვს. ქვეყანაში ერთადერთი მასშტაბური პროექტი, რომელშიც კულტურის სამინისტრო მონაწილეობს, ბათუმის ჯაზფესტივალია, ისიც იმიტომ, რომ ბიზნესთანაა დაკავშირებული.

დავით ოქიტაშვილი: "ტალახის სროლას თავი დაანებონ"

"კვირის პალიტრა" დავით ოქიტაშვილსაც დაუკავშირდა:

"ვის არ ეკუთვნოდა ვარსკვლავი? ჩვენ ყველა ის ადამიანი დავაფასეთ, რომლებმაც ისტორია შექმნეს. ვარსკვლავი დათო ოქიტაშვილის განწყობით კი არა, კონკრეტული ჯგუფების რეკომენდაციებით იხსნება. მაგალითად, თუ მუსიკოსს ვუხსნით ვარსკვლავს, პროცესში კომპოზიტორთა კავშირი ერთვება, მოცეკვავეზე რეკომენდაციებს ქორეოგრაფიული კავშირი გვაწვდის და ა.შ. ჩვენ მათი დაკვეთის შემსრულებლები ვარ. ნუ აყენებენ შეურაცხყოფას იმ ადამიანებს, რომელთა ვარსკვლავებიც გაიხსნა.

ან რომელ ბიზნესზეა საუბარი, როდესაც ვარსკვლავის დამზადება ქარხანაში 3. 500 ლარი ჯდება. როგორც ჩანს, ვიღაცებს აღიზიანებთ, რომ ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასებას ვუწყობთ ხელს. რაც შეეხება კულტურის მინისტრად ჩემი დანიშვნის საკითხს, ამაზე წლებია საუბრობენ, თუმცა ის, რომ მე მინდა ამ თანამდებობაზე დანიშვნა - პირველად მესმის. მშვენივრად ვაკეთებ საქმეს იქ, სადაც ახლა ვარ, ასე რომ, ტალახის სროლას თავი დაანებონ."

რუსუდან შელია