"კაცს როგორ ვუთხრათ, იქ იცხოვრე, სადაც ცხოვრება გაჩერებულიაო!" - კვირის პალიტრა

"კაცს როგორ ვუთხრათ, იქ იცხოვრე, სადაც ცხოვრება გაჩერებულიაო!"

"მე და ჩემმა ძმამ საკუთარი სახსრებით ფასანაურში, კინოს ძველ შენობაში, ჭიდაობის დარბაზი მოვაწყვეთ და ახლა ბავშვებს ჭიდაობას ვასწავლით..."

ვის არ სტკენია გული დაცლილი სოფლების ნახვისას - მდუმარე სახლები თითქოს მომავლის იმედსაც ადუმებს. ხანდოში ერთადერთ მშენებარე სახლს წავაწყდი! ამის პატრონმა ნეტა თუ იცის, რა იმედს აჩენს-მეთქი, ვკითხე თანამგზავრს. ეგ სახლი ზურა მელიქიშვილისაა, მაგისი დიდი პაპაც ვითომ უნდა გაესახლებინათ ბოლშევიკებს, რაც გააჩნდა, ყველაფერი წაართვეს, მაგრამ ის აგე, მთაზე ავიდა, სახლი მარტოდმარტომ ააშენა. შვილთაშვილებიც მის კვალზე წავიდნენ, მარტო სოფელი კი არა, მთელი ხანდოს ხეობა მაგათ საპატრონოდ იქცაო.

აბა, ამ ხალხის უნახავად იქიდან რა წამომიყვანდა. ზურა მელიქიშვილიც ვიპოვე. მან ტყუპისცალი ძმა, ზაზა გამაცნო. გზაზე გამიყვანეს... ხანდოს ხეობის სოფლების დამაკავშირებელი გზისთვის მდინარეს ნაპირები ჩამოერეცხა და კარგა დიდი მონაკვეთებიც ჩამოეჭრა. ზურამ, - ამ გზის მოწყობისათვის დღე-ცისმარე დუშეთის გამგეობაში ვარ გაკრული. ვეუბნები, გზას მიხედეთ, ჯებირები გასამაგრებელია, ხის ელექტრობოძები შესაცვლელი, თორემ ერთხელაც ან მდინარე წაიღებს, ან ბოძი წამოიქცევა და ვიღაცას გასრესს, ან ხეობაში დარჩენილი თითო-ოროლა კაციც მიატოვებს აქაურობას-მეთქი. თავიდან მიშორებენ, მაგის ფული არა გვაქვსო!..

ამასობაში მოხუცი ქალი გამოჩნდა, ჯოხდაბჯენილმა გზაზე გადმოვარდნილი წყალი წვალებით გადმოიარა და ზურას გაუღიმა, - რა ამბავი მოიტანე, შვილო, ამ ჩვენი ხეობის გზას საშველი კიდევ დიდხანს არ დაადგებაო?! ზურამ კი პასუხად მხრები აიჩეჩა.

- ზოგი სოფელი ისეა დაცარიელებული, მარტო თვალებამოღამებული სახლები დაგვირჩნენ, ან როგორ ვუთხრა კაცს, შენც იქ გაჩერდი და იცხოვრე, სადაც ცხოვრება გაჩერებულიაო! - ნაღვლიანად მეუბნება ზურა და ორსართულიანი შენობისაკენ მახედებს. ჩამავალ მზეს სხივები სკოლისთვის ქუდივით ჩამოეხურა. - ერთ დროს მანდ სკოლა იყო, ახლა დაიკეტა - ხანდოს ხეობაში ბავშვები აღარ არიან... მე და ჩემი ძმა ფასანაურში, 8 კილომეტრზე ფეხით დავდიოდით, რომ ჭიდაობა გვესწავლა. მერე თბილისშიც ვიყავით. გვეუბნებოდნენ, ეგებ საზღვარგარეთ წახვიდეთ, სახელიც გექნებათ და ფულიცო, მაგრამ კერას ვერ მოვშორდით. ფასანაურში, კინოს ძველ შენობაში ჭიდაობის დარბაზი მოვაწყვეთ და დუშეთის სოფლების ბავშვებს ვასწავლით... ჩვენი სახსრებით ჩვენს სოფელში ჭიდაობას ვეღარ ვმართავთ, მთავრობა კი გვეუბნება, იმდენი ფული არ გვაქვს, რომ ჭიდაობის შეჯიბრებები მოვაწყოთო. ფასანაურის შენობასაც ხომ უნდა მიხედვა, სახურავი სადაცაა ჩამოიქცევა... ზოგჯერ ბავშვები დარბაზში ღამითაც რჩებიან. ხელფასი 285 ლარი გვაქვს, მაგრამ ბავშვებს მშიერს ვერ დავტოვებთ. განთიადზე ვდგებით, შეშას ვჩეხავთ და ღუმელს ვანთებთ, რომ თბილი დარბაზი დახვდეთ.

- ბავშვები რატომღა რჩებიან ღამით დარბაზში?

- მაშ, რა ქნან? 20 კილომეტრიდან დადიან, საღამოს უკან წამსვლელი ავტობუსი აღარ არის. გამგეობაში მშობლებიც მივიდნენ. ბევრი ფული დასჭირდება ტრანსპორტსო, უთხრეს! მაშ, ყველამ სახინკლე უნდა გახსნას?! ბინდდებოდა და ფასანაურიდან წამოსვლას ვჩქარობდი... ვიცი, ამ მთების გარეშე საქართველო არ იქნება. თუკი იქ ამ ტყუპი ძმის მსგავსი ბიჭები ცხოვრობენ, მათ ხელისუფლებაც გვერდით უნდა დაუდგეს, რომ მთამ იცოცხლოს.