მთავარი სათქმელი შთამომავლობისათვის! - კვირის პალიტრა

მთავარი სათქმელი შთამომავლობისათვის!

"ოსტატები დიდი რუდუნებით სვამენ თითოეულ ფილას, საბოლოოდ, ტაძრის კედლები დიდი ფერწერული ტილოსავით იქნება"

ტრადიციულად, ყოველ 25 თებერვალს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენების დღეს, "კვირის პალიტრა" პუბლიკაციით ეხმაურება მახათას მთაზე მიმდინარე დიდ აღმშენებლობას.

2012 წლის 13 აგვისტოს შემდეგ, როცა სამშენებლო ტერიტორიის მოწესრიგებისთვის სამზადისი დაიწყო, სამ წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა. 2013 წლის პირველი ივლისიდან დაიწყო მშენებლობა, 2 წლის თავზე ტაძრის კარკასული ნაწილი დასრულებული იყო. ახლა მახათაზე ასულს უკვე გეგებება ტაძარი კარიბჭითა და სამრეკლოთი და ცოტა გიჭირს კიდეც დაიჯერო, რომ ეს შენი აგებულიცაა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი მშენებლობის კონტროლის მენეჯერმა ირაკლი ქვარაიამ დამათვალიერებინა.

ტაძრის ქვედა ნაწილს აპერანგებენ ყაზბეგის მომწვანო დიაბაზით, კედლები ბოლნისის ტუფით იმოსება. ის თითქოს მშვიდი დიდებულებით ელოდება საკუთარი სახის გამოჩენას, სახისა, რომელიც ისედაც არსებობს, უბრალოდ, ახლა ხილული უნდა გახდეს...

დიაბაზი ძალიან ლამაზი შეფერილობის ქვაა, რომელიც კავკასიონის ერთ-ერთი ქედიდან პერიოდულად, დაშლის შემდეგ ჩამოდის ხოლმე ყაზბეგის ტერიტორიაზე. დიაბაზის უზარმაზარ ლოდებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრისათვის ყიდულობენ და ნელ-ნელა მოაქვთ თბილისში, ზოგჯერ ერთ სატვირთო მანქანაზე მხოლოდ ერთი ქვა ეტევა, იმხელაა... შარშან, მეწყერმა და ღვარცოფმა თბილისში ჩამოსატანი დიაბაზის ლოდები გაიყოლა, სანაცვლოდ კავკასიონიდან ახალი ლოდები ჩამოცვივდა... იტალიელ მარმარილოს მწარმოებელს რომ უნახავს დიაბაზით მოპირკეთებული ტაძარი, გაოგნებულა ამ ქვის სილამაზით - მსგავსი არაფერი მინახავსო... ოსტატები დიდი რუდუნებით სვამენ თითოეულ ფილას, საბოლოოდ, ტაძრის კედლები ერთ დიდ ფერწერულ ტილოსავით იქნება.

ბატონი ირაკლი მიამბობს, თუ როგორ გაერთიანდა ერი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის საქმეში: თავდაცვის სამინისტრომ 30 ტონა თითბერი აჩუქა ტაძარს, ჯერ მხოლოდ 16 ტონა აქვთ წამოღებული. ჩამოისხა ჯვარი, 5 ზარი... პატრიარქის დიდი სურვილი იყო, ეს ჯვარი და სამრეკლოს ზარები საქართველოში ჩამოსხმულიყო. ასეც აღსრულდა.

მოქანდაკე გია ჯაფარიძე ტაძრის კარიბჭისათვის აკეთებს სხვადასხვა რელიგიური თემატიკის სხმულებს თითბრისგან, თითქმის მზადაა მისივე შექმნილი და ახალგაზრდა მოქანდაკეების მიერ ქვაში გამოკვეთილი ბარელიეფები.

ტაძარში მოდიან სიყვარულით გულანთებული ადამიანები, ერთმა ქალბატონმა ცამეტი ცალი აგური აიტანა თურმე, ტაქსით - ვისაც რა შეგვიძლია, იმას ვაკეთებთო...

მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებმა საკუთარი ხელფასიდან გაიღეს შესაწირი და ხატმწერ ირაკლი ლიჩელს ღვთისმშობლის ხატი დააწერინეს, რომელიც ანდრია მექერიშვილმა კიოტით დაამშვენა. პატრიარქის ნებართვით, ეს ხატი მშენებარე ტაძარშია დაბრძანებული.

ტაძარშივეა გამოფენილი მახათას კომპლექსის "პატარა ქალაქის" გენერალური გეგმა: მთავარი ტაძარი, სამრეკლო, კარიბჭე, მღვდელმსახურთა სახლი, საპატრიარქო რეზიდენცია, კელიები, სასტუმრო, საწარმო, მუზეუმი, არაჩვეულებრივი ბაღები... ეს ყველაფერი ჩვენი შეწირულობით აშენდება და ათეულ თაობებს მიუტანს ამბავს ჩვენი ერთობისას - თითო ლარით აშენებული ტაძრისას. აქ იქნება მსოფლიო დონის მართლმადიდებლური მუზეუმი, სადაც დაცული იქნება უამრავი სიწმინდე. მახათას მთის უნიკალურ კომპლექსს დიდი დანიშნულება ექნება.

აქვე იქნება ახალი პანთეონი, მერია ამ საკითხზე მუშაობს... მშენებლობის კონტროლის მენეჯერმა გვითხრა, რომ გაწეული ხარჯი ძალიან მცირეა ამხელა საქმისთვის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ძვირი დაჯდება ტაძრის შიდა მოპირკეთება. ყველას შეუძლია ავიდეს მახათაზე და საკუთარი თვალით ნახოს, როგორ შენდება მისი ტაძარი.…

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი თვალნათელი მაგალითია იმისა, რომ ტაძარს აშენებს არა მატერიალური თანხა, არამედ რწმენა, სიყვარული, კეთილსინდისიერება და თანადგომა. ასეა ნებისმიერ დიდ და მნიშვნელოვან საქმეშიც. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შთამომავლობას გადასცემს ამ მთავარ სათქმელს.

ლელა ჯიყაშვილი