"თუ გამოვჯანმრთელდი, მწვრთნელად მაინც ვიმუშავებ" - ჩვენ ერთად შევძლებთ აკაკი დევაძის გადარჩენას! - კვირის პალიტრა

"თუ გამოვჯანმრთელდი, მწვრთნელად მაინც ვიმუშავებ" - ჩვენ ერთად შევძლებთ აკაკი დევაძის გადარჩენას!

"არ შემიძლია ფეხბურთის გარეშე ცხოვრება"

ჟურნალისტმა მერაბ მამულაშვილმა "ფეისბუკში" ჩანაწერი გამოაქვეყნა: "გადავარჩინოთ კაკო დევაძე! გულშემატკივრებისთვის ძალიან მძიმედ გასაგები ამბავია - კაკო დევაძე უმძიმეს მდგომარეობაშია!

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს წლების განმავლობაში იცავდა. თავი იმითაც დაგვამახსოვრა, რომ ფეხბურთს ნაადრევად შეეშვა და 3-წლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს და ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა. ის ქართველ მეკარეთა შორის პირველი იყო, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად რომ (1995) დაასახელეს და ჩვენს სიყვარულსა და აღტაცებას იწვევდა.

მაგრამ დევაძე, რომელმაც სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, ახლა ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია: საქმე ისაა, რომ წლების წინ, ღვიძლის გამო, ჯანმრთელობა ძალიან შეერყა. იმკურნალა და ბოლო წლებში, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებსა და მეორე ლიგის "ვარკეთილის" მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა.

სამწუხაროდ, 2015 წლის ოქტომბრიდან კაკოს მდგომარეობა ისევ გაუარესდა. თურქეთში, კლინიკაში სტუმრობის შემდეგ ექიმის დასკვნას გააცნეს, სადაც წერია, რომ გადასარჩენად სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა".

ვისაც აკაკი დევაძის თამაში უნახავს ყველას შეუპოვარი და ბოლომდე მებრძოლი ახსოვს. დღესაც იბრძვის, მეტოქე მძიმე დაავადება და მასთან ბრძოლაში აკაკის ჩვენი დახმარება სჭირდება. გადვაწყვიტეთ შევხიანებოდით აკაკის:

- ღვიძლის მწვავე ცეროზი მაქვს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა და სასწრაფოდ მესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. ოპერაცია უნდა გავიკთო თურქეთში. მსგავსი ოპერაციების საქართველოში კი კეთდება, მაგრამ ყველამ თურქეთი მირჩია, რადგან სტამბოლის კლინიკა სადაც ვაპირებ ოპერაციის გაკეთებას, ბევრად უკეთესია. შედეგიც გაცილებით მაღალი იქნება და თან იქ უფრო გამოცდილი ექიმები არიანო.

- და ეს ყველაფერი რა ჯდება?

- თანხა ნამდვილად ბევრია. ლაპარაკია 100 000 დოლარზე, თუმცა ამაში შედის დონორისთვის მისაცემი ფულიც და რეაბილიტაციის პერიოდიც. ოპერაციის მერე 2 თვე უნდა ვიწვე საავადმყოფოში რეაბილიტაციისათვის. ეს თანხა ამ ყველაფერს სრულად ჰყოფნის.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობდი, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო წამოვედი. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ისევ დავუბრუნდები ჩემ საყვარელს საქმეს. არ შემიძლია ფეხბურთის გარეშე და თუ ჯანმრთელობამ შემიწყო ხელი მწვრთნელად მაინც ვიმუშავებ.

- ფეხბურთის ფედერაცია ვერ გეხმარებათ?

- ალბათ დამეხმარებიან. ლევან კობიაშვილს ვესაუბრე და შემპირდა რომ რაღაცით დამეხმარებოდა, მაგრამ 100 000 დოლარს სრულად ვერ მომცემს ფედერაცია. ჯანდაცვის სამინისტროშიც შევიტანე საბუთები და მითხრეს რომ 2-3 დღეში კომისიამ უნდა შეამოწმოს ჩემი მდგომარეობა. ვნახოთ, იმედია ცოტათი მაინც დამეხმარებიან. ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში დაწერა ჩემი ამბავი და მას მერე ტელეფონი არ გაჩერებულა, უამრავმა ადამიანმა დამირეკა. ყველას მინდა მადლობა ვუთხრა ვინც ჩემი ამბით შეწუხდა, ვინც ერთი ლარითაც დამეხმარება და გულთან მიიტანს ჩემს ამბავს.

ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ახალგაზრდა კაცი , რომელიც წლების განმავლობაში სამშობლოს ღირსებას იცავდა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეუძლიათ:

საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22

მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500

მიმღები აკაკი დევაძე

ტელეფონები:

5-93-956330

5-79-677447

5-55-445913

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)