ქართველი პიანისტი, რომელმაც ბარაქ ობამას საინაუგურაციო კონცერტზე დაუკრა - კვირის პალიტრა

ქართველი პიანისტი, რომელმაც ბარაქ ობამას საინაუგურაციო კონცერტზე დაუკრა

"ძალიან გვინდა თემურ ახობაძის სახელობის ფონდი დავაარსოთ ახალგაზრდა მუსიკოსების დასახმარებლად"

საქართველოში ცოტამ იცის ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტის, თემურ ახობაძის შესახებ. ნიუ-იორკის ლინკოლნ-ცენტრის კოლეჯის პროფესორსა და "სტენვეის" შემსრულებელს დიდი პატივი ხვდა წილად - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაქ ობამას საინაუგურაციო კონცერტზე დაუკრა... სამწუხაროდ, გასულ წელს პიანისტი მოულოდნელად გარდაიცვალა... გვესაუბრება თემურ ახობაძის და მანანა ყიფშიძე:

- ბარაქ ობამას საინაუგურაციო კონცერტი ნიუ-იორკში, გაეროს შენობაში გაიმართა. ეს იყო დახურული კონცერტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდნენ. კონცერტზე მთელი მსოფლიოდან იყვნენ მოწვეული საუკეთესო მუსიკოსები, მათ შორის ქართველებისთვის კარგად ცნობილი ვან კლაიბერნი. თემური იხსენებდა, იმდენად გაძლიერებული დაცვა იყო, თითქმის როიალამდე მიმყვნენ და რომ დავასრულე დაკვრა, კულისებში, წუთით, ვან კლაიბერნს მხოლოდ გავესაუბრე და დაცვა თავზე მედგაო. კონცერტის შემდეგ საგანგებოდ ჩასვეს ლიმუზინში და სახლში მიაბრძანეს.

- როგორ მიიწვიეს ასეთ საპატიო კონცერტზე?

- კონცერტამდე ერთი წლით ადრე ნიუ-იორკში გაიმართა კონცერტების სერია, სახელწოდებით "მუსიკალური მარათონი". კონცერტები მანჰეტენის სხვადასხვა დარბაზში ტარდებოდა. მასში მონაწილეობდნენ ამერიკისა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო შემსრულებლები. თემურმა შეასრულა შუმანის "არაბესკები", რაველის "ნავი ოკეანეში" და ლისტის მეექვსე რაფსოდია. როცა ბარაქ ობამას საინაუგურაციო კონცერტი დაიგეგმა, ლისტის მეექვსე რაფსოდია შეარჩიეს.

- ბატონი თემური დიდად არ სწყალობდა პრესას...

- არ უყვარდა საკუთარ თავზე საუბარი. ფლორიდაში პიანისტების პრესტიჟულ კონკურსზე 7 წლის მანძილზე იწვევდნენ. ეს იშვიათად ხდება. 22 წელი ამერიკაში იცხოვრა, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. ბოლო 15 წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდიოდა. დროდადრო თბილისის კონსერვატორიაში კონკურსის ჟიურის წევრი იყო, მართავდა მასტერკლასებს. გაჭირვების წლებში კონსერვატორიაში როიალები საშინელ მდგომარეობაში იყო და "სტენვეიდან" (ცნობილი ფორტეპიანოების მწარმოებელი ფირმა) ჩამოჰქონდა სიმები, კლავიშები, რაც იმ დროს ძვირი უჯდებოდა.

- მის პარიზელ მეუღლესაც უყვარს საქართველო..

- თემურის მეუღლე მარი არაჩვეულებრივი ქალია... ძალიან უყვარს საქართველო. საშინლად განიცდის თემურის დაღუპვას, ამბობს, კიდევ ჩამოვალ საქართველოშიო... თემურის ქალიშვილი (პირველი ქორწინებიდან) ნატალი ამერიკაში ცხოვრობს. მას და მის ქართველ მეუღლეს ქალიშვილი, 17 წლის ელენე ჰყავთ...

თემური საქართველოში დავკრძალეთ. მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე მისი სახლის კედელზე ოჯახმა მემორიალური დაფა გავხსენით. ახლა გვსურს თემურ ახობაძის სახელობის ფონდი დავაარსოთ ახალგაზრდა მუსიკოსების დასახმარებლად.

ინგლისურენოვანი ვერსია: Georgian pianist who played at President Obama’s inauguration ceremony

მანანა გაბრიჭიძე