"ხელოვნებით შეგვიძლია ყველას დავუმტკიცოთ ჩვენი სიმართლე და სიკეთე" - ქართველების კონცერტები მოსკოვში - კვირის პალიტრა

"ხელოვნებით შეგვიძლია ყველას დავუმტკიცოთ ჩვენი სიმართლე და სიკეთე" - ქართველების კონცერტები მოსკოვში

"მე და ჩემ ძმასაც შვილები ქართულ ცეკვაზე დაგვყავს, ბავშვებს ქართულად ვზრდით"!

ქართველმა პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა საკუთარ მასწავლებელს, რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურს ხსოვნის საღამო მიუძღვნა, რომლის რეჟისორიც თვითონ არის. საღამო დაიგეგმა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე, სადაც ანანიაშვილი წლების განმავლობაში ცეკვავდა და მასში მონაწილეობას, როგორც ქართული საბალეტო დასის, ასევე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტები იღებენ. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ეს კონცერტი დაემთხვა 25 თებერვალს - საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს. სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ ქართველებს 27 თებერვალს კიდევ ერთი კონცერტი აქვთ დაგეგმილი მოსკოვში, რომლის სახელიცაა "საქართველოს ხმები" და მასში მონაწილეობას მიღებენ: ზურაბ სოტკილავა, დიანა ღურწკაია, ეთერ ბერიაშვილი, ანსამბლი "სულიკო", ანსამბლი "ხალისი", ნოდარ რევია, გიორგი მელიქიშვილი, თამრო დუდუნია, თეიმურაზ და ელიზა ბოჯგუები, ვასო და ნიკო ბოჯგუები, ნუკრი მატუა, ნინო როდონაია, თეა ივერიელი, დიმიტრი აბრალავა. საღამოს თეა ივერიელი და ნუკრი მატუა წაიყვანენ, კონცერტის საპატიო სტუმარი კი თურმე იოსებ კობზონი იქნება...

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მეტად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მოსკოვში დავუკავშირდით დიანა ღურწკაიას და კონცერტის თაობაზე ვესაუბრეთ:

- მიწვეული ვარ ამ კონცერტზე, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. სადაც ქართული კონცერტი იმართება და ქართული ხმები ისმის, იქ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მივალ! მეძლევა საშუალება ჩემი სულის და გულის ნაწილი ვაჩუქო ჩემს ქართველებს. მე და დათო კენჭიაშვილი ქართული სიმღერების ალბომს ვწერთ და აი, ამ ალბომიდან ვიმღერებ ერთ-ერთ სიმღერას. ძალიან ბედნიერი ვარ სამი წუთის განმავლობაში რომ მოვეფერები ჩემს თანამემამულეებს. ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა ქართული სიმღერა! შეიძლება პროფესიონალურად სხვა ქვეყნის სიმღერები ვიმღერო, მაგრამ ჩემს სულში რაც დევს, ეს ქართული მელოდიაა! ასე კარგად არცერთი სიმღერა არ გამომივა და ალბათ ყველა ქართველი იგივეს ამბობს! მოსკოვში ამასწინათ დათო კენჭიაშვილის კონცერტი იყო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან დიდი ენერგეტიკა იყო დარბაზში. მე და დათომ ორი დუეტი შევასრულეთ. ჩვენი ერის ნიჭიერება და სილაღე ყველას უნდა გავუზიაროთ! არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე და ჩემ ძმასაც შვილები ქართულ ცეკვაზე დაგვყავს, ბავშვებს ქართულად ვზრდით!

- კონცერტის მონაწილეებზე რას გვეტყოდით?

- კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბატონი ზურაბ სოტკილავა, რაც დიდი ბედნიერებაა. ჩემთვის დიდი პატივია იმავე სცენაზე რომ ვიმღერებ, სადაც ის იქნება!

- ქალბატონო დიანა დღეს 25 თებერვალია -  საქართველოს ოკუპაციის დღეა, კონცერტი კი 27 თებერვალს გაიმართება... ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი მტკივნეულად შეხვდა ამ კონცერტის გამართვის ამბავს...

- მუსიკას და ხელოვნებას დრო და საზღვრები არ აქვს! ეს იქნება ზუსტად იმის მესიჯი, რომ ჩვენ შეგვიძლია ყველას მუსიკით მივაწვდინოთ ხმა! ყველას უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ხელოვნება! მუსიკოსები ექიმებივით ვართ, როგორც მათ არ აქვთ უფლება უარი თქვა პაციენტთან მისვლაზე, ასევე ჩვენ არ გვაქვს უფლება არ გამოვიდეთ მსმენელის წინაშე. ძალიან ლამაზი საქართველო გვაქვს, დიდი ხელოვნების პატრონები ვართ, სწორედ ამ ხელოვნებით შეგვიძლია ყველას დავუმტკიცოთ ჩვენი სიმართლე და სიკეთე. მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, იხარეთ და სულ მუდამ ღიმილი და ბავშვთა ჟრიამული ყოფილყოს ჩვენს ქვეყანაში! ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მენატრება საქართველო, რაც დრო გადის მეტად მიპყრობს ნოსტალგია...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)