"40 წელია, ექიმი ვარ და ჯერ ავადმყოფი არ შემომკვდომია" - კვირის პალიტრა

"40 წელია, ექიმი ვარ და ჯერ ავადმყოფი არ შემომკვდომია"

"ჭირს მთაში გაძლება. ამას წინათ ვამბობდი, სიჩუმე, სიბნელე და სიმარტოვე სამარეშიც ეყოფა ადამიანს-მეთქი. ზამთრის გადატანაა ძნელი, უღელტეხილი ჩაკეტილია, 6 თვე იზოლირებული ვართ"

"ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ჩემიანს კი არა, მტერსაც არ ვეტყვი უარს მკურნალობაზე"

მიხეილ ჭინჭარაული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბარისახოს #6 სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი და ექიმი-თერაპევტია. მას ექსტრემალურ სიტუაციებში უწევს მუშაობა. ბევრჯერ სხვის გადასარჩენად მიმავალს, გზად ხიფათი დასწევია და სასწაულებრივად გადარჩენილა. მთის შვილს, წლების წინ ბარში სუნთქვა რომ გაუჭირდა, ისევ მშობლიურ შატილს დაუბრუნდა. გარდა იმისა, რომ მესაზღვრეა, 66 წლის მიხეილ ჭინჭარაული 40 წელია ხევსურების იმედია და უანგაროდ ეხმარება ხეობის მოსახლეობას.

მიხეილ ჭინჭარაული: - 5 წელი თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში ვიმუშავე, შემდეგ იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფო. მაინც მთისკენ მიმიწევდა გული, შატილში უნდა დავბრუნებულიყავი. ჩემი ძმა შატილში საგუშაგოს უფროსი იყო, ჩეჩნეთიდან დაჭრილი ქისტები შემოჰყავდათ. ჩემმა ძმამ შემომითვალა, ძალიან გვიჭირს და წამოდიო. სხვათა შორის, არა მარტო ქისტები, ბევრი ჩეჩენიც გადამირჩენია.

- თქვენზე ამბობენ, ხეობაში დარჩენილი ერთადერთი ექიმია, რომელიც ავადმყოფებს უანგაროდ ემსახურებაო.

- ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და ჩემიანს კი არა, მტერსაც არ ვეტყვი უარს მკურნალობაზე. თითქმის ყველა სოფელში - არდოტში, არჭილოში, ხონისჭალაში, გიორგიწმინდაში, მუცოში - ზამთარ-ზაფხულს ფეხით მიწევს კილომეტრების გავლა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადავურჩი სიკვდილს. ერთხელ ფეხმოტეხილი პაციენტი მიმყავდა საავადმყოფოში, ტურისტებს დავემგზავრეთ, გუდაურში მანქანა ხევში გადავარდა, სამი ოპერაცია დამჭირდა, ძლივს გადავრჩი. როცა ბარისახოში ვმუშაობდი, სოფელ გველეთში არაბულებთან წავედი, ქალს ფილტვების ანთება ჰქონდა და მის შვილს მივყავდი მანქანით. გზები მოყინული იყო, მანქანა დაცურდა და ავარიის შედეგად ნეკნები ჩამემტვრა. უამრავი ხიფათი შემმთხვევია, მაგრამ ღვთის მადლით გადავრჩენილვარ.

ბოლო ოთხი წელია მესაზღვრის პროფესია დაფასდა, გაუმჯობესდა კვება, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა. ადრე 8-10 საათი ცხენითა და ფეხით დავდიოდით, ახლა დიდთოვლობის დროს გადაუდებელი პაციენტები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაგვყავს. 40 წელია, ექიმი ვარ და ჯერ ავადმყოფი არ შემომკვდომია.

თერაპევტი ვარ, თუმცა გინეკოლოგიც ვყოფილვარ და ქირურგიც - ჭრილობებიც დამიმუშავებია და ნაკერებიც დამიდვია, ტრავმატოლოგობაც შემითავსებია...

რა გასაკვირია, ხეობაში ჩემს მეტი ექიმი არ არის. დაახლოებით ათ სოფელს ვემსახურები, მათ შორის შატილს, მუცოს, არდოტს, ხახაბოს, ანდაქს, ხონისჭალას და სხვებს. მონადირე ვიყავი, ქარაფებში მივლია და, ჯერჯერობით, ვუძლებ. ისე, მანქანით კი არა, იქ თუ ფეხითაც ფრთხილად არ იარე, შეიძლება წყალში ჩავარდე და დაიღუპო.

2000 წელს მეუღლეს ყინულზე ფეხი დაუსრიალდა და მუცოს ხეობაში, წყალში ჩავარდა, მესამე დღეს ვიპოვეთ ცხედარი მდინარეში... უამრავი ახლობელი დავკარგე, გარდამეცვალა ოთხი ძმა და ერთი და. ბარში ვიყავი, როდესაც ოთხი შვილი მთაში ფილტვების ანთებით დამეხოცა. მეორედ ვიქორწინე, ღვთის მადლით, ორი ვაჟი მეზრდება.

ჭირს მთაში გაძლება. ამას წინათ ვამბობდი, სიჩუმე, სიბნელე და სიმარტოვე სამარეშიც ეყოფა ადამიანს-მეთქი. ზამთრის გადატანაა ძნელი, ამ დროს უღელტეხილი ჩაკეტილია, 6 თვე იზოლირებული ვართ და დაზამთრებამდე, ნოემბრიდან-მაისამდე, ვიდრე გზა ჩაიკეტება, პროდუქტებსა და საჭირო მედიკამენტებს ვიმარაგებთ. კიდევ კარგი, ელექტროენერგია და ტელევიზორი გვაქვს.

ძალიან უჭირს ხევსურეთს... თითქმის დაიცალა სოფლები, სულ რომ შეკრიბო, ზამთარში ხევსურეთში დაახლოებით 60 სულამდეა დიდ-პატარა დარჩენილი. ბევრი ამბობს, დახვრეტაც რომ მომისაჯონ, მთაში ვეღარ დავბრუნდებიო. მთის შვილი მთაში უნდა იყოს, ბარში რა უნდა?!

სასაზღვრო პოლიცია აქ ერთადერთი სამსახურია, რომელიც მთას დაცლისაგან იცავს. აქაურებს მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივა აქვთ. გარდა ამისა, მესაზღვრე იმედია.

ნანა ფიცხელაური