"შოკის მომგვრელია, მოსკოვში ჩახვიდე და ბუბა კიკაბიძესავით ყველა გიცინოდეს"- "უკანასკნელი მაგიკიანი" "მიმინოს" პრინციპით (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"შოკის მომგვრელია, მოსკოვში ჩახვიდე და ბუბა კიკაბიძესავით ყველა გიცინოდეს"- "უკანასკნელი მაგიკიანი" "მიმინოს" პრინციპით (ექსკლუზივი)

"კვირის პალიტრის" არქივი, 2016 წელი

"ჯობდა, ჩემი მეგობარი ქართველი ყოფილიყო, ოღონდ ჩვენი მეგობრობა არ უნდა დამგვანებოდა "მიმინოში" ნანახს"

"თბილისი, ერევნის შემდეგ, მეორე საყვარელი ქალაქია... სიყვარულით, გრანტ თოხათიანი!"

რუსულ სერიალს სახელწოდებით "უკანასკნელი მაგიკიანი" ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა მეზობელ ქვეყნებშიც. მთავარი პერსონაჟი მოსკოვში მცხოვრები, რუს ქალზე დაქორწინებული სომეხი კარენ მაგიკიანია, მისი უახლოესი მეგობარი კი, ასევე მოსკოვის მკვიდრი ქართველი დავითი გახლავთ. ქართველი და სომეხი მეგობრის მხიარულ თავგადასავლებს უკვე მეხუთე სეზონია გაფაციცებით ადევნებს თვალს მაყურებელი. კარენ მაგიკიანს სომხეთში მცხოვრები პოპულარული მსახიობი გრანტ თოხათიანი განასახიერებს, მის მეგობარს კი რუსთაველის თეატრის მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე.

თემიკო ჭიჭინაძე: - სერიალის პროდიუსერი და I სეზონის რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი გახლავთ. მას სურდა მთავარი გმირის მეგობარი ქართველი ყოფილიყო. დავითის როლზე მე დამამტკიცეს... გრანტ თოხათიანი უალტერნატივო იყო კარენ მაგიკიანის როლზე. მას პირველად გადასაღებ მოედანზე შევხვდი. ხომ ხდება, არ იცნობ ადამიანს, მაგრამ რომ შეხვდები, ასე გგონია, დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებს. ასე დაგვემართა ჩვენც. გრანტის სახით დიდი მეგობარი შევიძინე. შესანიშნავი მსახიობია, იუმორით, ხასიათით, განათლებით. მსახიობები რომ დავმეგობრდით, რა თქმა უნდა, რეზოს დამსახურებაა. პროექტზე მუშაობის ყოველი დღე ზეიმი იყო.

სცენარში თითქმის არ ვერეოდით, იმპროვიზაციის საშუალებას კი - "ვახ", "არა" - პირველივე დღიდან გვაძლევდა რეზო და შემდეგ სეზონებში აკაკი სახელაშვილი, მოსკოვში მოღვაწე შესანიშნავი ქართველი რეჟისორი. აკაკი რეზოს ჯგუფელი და მეგობარია. ბოლო 4 სეზონი მან გადაიღო რეზოს ხელმძღვანელობით.

- ალბათ, სცენარისტებს შორის არაერთი სომეხი და ქართველი ურევია, ისე კარგად არის დაჭერილი ამ ერის წარმომადგენელთა ხასიათი და მენტალიტეტი...

- თქვენ წარმოიდგინეთ, სცენარისტებს შორის არც ერთი ქართველი და სომეხი არ ურევია. სცენარზე მუშაობს კრეატიული საპროდიუსერო ჯგუფი, რომლის წევრები კიევში მცხოვრები ბელორუსები არიან.

- სერიალის სხვადასხვა სეზონში არაერთი ქართველი გამოჩნდა.

- თემურ თათარაშვილი მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, ნიჭიერი ადამიანი შეუმჩნეველი არ რჩება. ერთ სერიაში სოსო პავლიაშვილიც გადაიღეს. მეხუთე სეზონში დათო გომართელი "ჩამოდის". აპრობირებული ხერხია, სერიალში ცნობილი სახეების შემოყვანა...

ქართველები და სომხები, საზოგადოდ, სამხრეთელები, ტემპერამენტით გამორჩეულები ვართ, მეგობრობა, უფროსის პატივისცემა, გვერდში დგომა, ქალის პატივისცემა ვიცით. დავითი ამით მგავს. მე რეალურ ცხოვრებაში უფრო თავდაჭერილი ვარ, დავითს გიჟური იდეები აწუხებს და ავანტიურისტულ ნაბიჯებს დგამს, რის გამოც ცოტა სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. პრანჭიაც არის. მე ჩრდილში ყოფნა მირჩევნია, ბომონდური ურთიერთობების მოყვარული არა ვარ... პირველივე სეზონის შემდეგ, სადაც კი გამოვჩნდებოდით, ყველა გვცნობდა, ავტოგრაფს გვთხოვდა. იყო ინტერვიუები პრესაში, ტელევიზიაში. ცოტა შოკის მომგვრელია, მოსკოვში ჩახვიდე და ბუბა კიკაბიძესავით ყველა გიცინოდეს. საოცარი იყო, მოსკოვში რომ ჩავფრინდი, აეროპორტში მესაზღვრეები მიღიმოდნენ, მეკითხებოდნენ, რა მოხდება შემდეგ სერიაში, გიყურებთ და გვიყვარხართო. ყველგან პერსონაჟის სახელით მომმართავენ, წერილებს მწერენ. ძალიან დადებითი მუხტი შეიტანა ამ სერიალმა ჩვენს რთულ ურთიერთობებში, არა ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ ურთიერთობებს ვგულისხმობ.

- სომხისა და ქართველის მეგობრობაზე "მიმინოს" შემდეგ ფილმი აღარ გადაღებულა.

- ის დუეტი, რომელიც ბუბა კიკაბიძემ და ფრუნზიკ მკრტიჩიანმა შექმნეს, ლეგენდად დარჩა, მართლა შედევრია. მისი გამეორება შეუძლებელია. ჩვენ ვცდილობდით, ახლებურად გაგვეხსენებინა მათი მეგობრობა. დავითი იდეების გენერატორია. თითქმის ყველა გაურკვევლობა, რომელშიც ის და კარენ მაგიკიანი აღმოჩნდებიან, ძირითადად, დავითის დამსახურებაა, კარენი კი ბრმად ენდობა. ხანდახან ვხუმრობდით, ასეთ სულელებადაც ნუ გამოგვიყვანთ-მეთქი.

- ყველაზე ხშირად რა კითხვით მოგმართავენ მაყურებლები?

- მართლა მაქვს თუ არა რესტორანი მოსკოვში; საუკეთესო მეგობრები ვართ თუ არა მე და გრანტი. ვპასუხობ, რომ გრანტი ჩემი მეგობარია, რესტორანი კი არა მაქვს.

რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, დაოჯახებული გახლავართ, მყავს 24 წლის ქალიშვილი ელისაბედი.

"კვირის პალიტრა" გრანტ თოხათიანს ერევანში დაუკავშირდა: - სცენარის მიხედვით, ჩემი მეგობარი სომეხი უნდა ყოფილიყო. ჩემი და რეზოს საუბრის შედეგად დაიბადა აზრი, რომ ჯობდა, ის ქართველი ყოფილიყო, ოღონდ არ უნდა დამგვანებოდა მათი მეგობრობა "მიმინოში" ნანახს. მგონი, გამოგვივიდა, რაც ჩავიფიქრეთ.

ჩემი პარტნიორი თემიკო ჭიჭინაძე შესანიშნავი მსახიობია. უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ. ეს სერიალი ბევრი კარგი ურთიერთობის დასაწყისი გახდა. მე დღეს ჩემი ეკრანული ნაბოლარა გოგოს ნათლია ვარ.

- ფილმში ძალიან ტრადიციულ ადამიანს განასახიერებთ. რეალურ ცხოვრებაშიც ჰგავხართ თქვენს პერსონაჟს?

- ვერ ვიტყოდი, რომ კარენის ტიპაჟი შემესაბამება, თუმცა ბევრი მსგავსებაც არის. მაგალითად, ოჯახისა და შვილების მიმართ დამოკიდებულება. სიმართლე გითხრათ, კარენის არ იყოს, მაინცდამაინც ვერც მე "ვმეგობრობ" ტექნიკასთან.

საუცხოო სცენარისტები გვყავს. მათ ბევრი რამ იციან ქართველებისა და სომხების შესახებ, მათ კულტურასა და კულინარიაზეც კი. ჩვენი რეკვიზიტორები თვითონ ამზადებდნენ სომხურ სადილებს გადაღებებისთვის, მაშინ როდესაც ნებისმიერ კავკასიურ რესტორანში შეიძლებოდა მისი შეკვეთა. გადაღებებზე მუდამ მხიარული ატმოსფეროა. ბევრი დუბლი ჩაშლილა ამის გამო.

- ყველაზე ხშირად რა კითხვით მოგმართავენ?

- გოგონებზე მეკითხებიან, მართლა სამივე თქვენი შვილიაო. ვპასუხობ: ისინი ჩემი ბიოლოგიური შვილები არ არიან, თუმცა იმდენად დავუახლოვდი, რომ მამაზე არანაკლებ ვზრუნავ მათზე-მეთქი. ახლა შუათანა სკოლას ამთავრებს და დამირეკა, მირჩიე, რომელ ინსტიტუტში ჩავაბაროო. უფროსმა, მარინამ, საგანგებოდ გამაცნო საქმრო. ორივე დავპატიჟე ერევანში. მართლაც მეწვივნენ, რითაც ძალიან გამახარეს.

- გამიკვირდა, როდესაც შევიტყვე, რომ ერთ დროს სკოლაში პედაგოგად მუშაობდით.

- კი, იყო ასეთი დრო, ფილოლოგი ვარ, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. 70-იან წლებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვიყავი, სკოლაშიც იმ პერიოდში ვმუშაობდი. ჩვენი ჯგუფი კლუბის შექმნას ცდილობდა, მაგრამ მაშინდელმა კომკავშირელებმა და კომუნისტებმა არ მოიწონეს ჩვენი განზრახვა. ამიტომ დავირქვით "ერევნის კავეენის თეატრი", რომელმაც პოპულარობა მოიპოვა. ამასობაში სკოლიდან წამოვედი, სამაგიეროდ, დავრჩი სცენაზე.

რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, სამი შვილი მყავს. ამჟამად მესამე ქორწინებაში ვიმყოფები. ჩემს ახლანდელ და ყოფილ მეუღლეებს იმდენად კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, რომ როდესაც ჩემი უფროსი ვაჟი გოგოს ხელის სათხოვნელად წავიდა, მე სამივე მეუღლესთან ერთად ვახლდი...

მინდა გითხრათ, რომ თბილისი, მშობლიური ერევნის შემდეგ, მეორე საყვარელი ქალაქია. ყოველთვის აღფრთოვანებით ვიხსენებ, როგორ გავიცანი 1985 წელს მიხეილ თუმანიშვილი მოსკოვში გასტროლებისას. თბილისში გასტროლები არასოდეს მქონია, აი, გადაღებები კი მქონდა, 1986 წელს. მაშინ მოსკოვის ცენტრალური არხი ფილმს იღებდა კამოს შესახებ, რომელსაც მე ვასახიერებდი. მალე საბჭოთა კავშირი დაინგრა და ეს ფილმი მხოლოდ ორჯერ აჩვენეს და შემოდეს თაროზე. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა თბილისში და არ შეჰყვარებია. ის იმდენად თბილი, მზიანი და სტუმართმოყვარეა. ქართული ხელოვნება ხომ სულ მოწინავე პოზიციაზე იყო.

- მოსკოვში არ გიფიქრიათ გადასვლა?

- არა. ძალიან მიყვარს ჩემი ერევანი. მარტო მოსკოვში კი არა, ევროპასა თუ ამერიკაში დიდი სომხური დიასპორაა, ბევრი შემოთავაზება მქონია. აი, გასტროლებზე კი სიამოვნებით დავდივარ. ერევანში საუკეთესოდ ვგრძნობ თავს, თანაც თბილისიც აქვეა.

- რას ეტყოდით "კვირის პალიტრის" მკითხველებს?

- ისინი ბედნიერები არიან, რომ ცხოვრობენ საქართველოში და განსაკუთრებით, ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მეგობრობას, სიყვარულს, რადგან სიყვარული და მეგობრობაა ის ძალა, რომელიც ყველაფერზე იმარჯვებს. სიყვარულით გრანტ თოხათიანი!

ეკა სალაღაია