დროა, სოფლის ბიბლიოთეკების კარი გაიხსნას - კვირის პალიტრა

დროა, სოფლის ბიბლიოთეკების კარი გაიხსნას

"ვეცდებით, დავაინტერესოთ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ ერთი სოფლის ბიბლიოთეკის შენობა სრულად აღადგინონ"

"მეგობარო და არამეგობარო ბიზნესმენებო, ნუ გაატარებთ მეორე ყურში საკუთარი შვილების მომავალს. შემოგვიერთდით!" - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ასე მოუწოდებს ბიზნესმენებს საქართველოს რაიონებსა და სოფლებში ბიბლიოთეკების ძველი შენობების აღსადგენად.

"ვეცდებით, დავაინტერესოთ ბიზნესის წარმომადგენლები და რომელიმე კომპანიამ რაიონში ერთი სოფლის ბიბლიოთეკის შენობა სრულად აღადგინოს. ეს ძირითადად ერთ ან ოროთახიან მოძველებულ ოფისს გულისხმობს და მისი შეკეთების ფასი, ზედაპირული გაანგარიშებით, 8.000-10.000 ლარია, რაც წარმატებული ბიზნესისთვის დიდი არ არის, საქმე კი უმნიშვნელოვანესია", - ამბობს გიორგი კეკელიძე.

როგორც საბჭოთა კავშირის დროინდელ ბავშვს, კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს ყველა სოფელში ბიბლიოთეკა იყო. საზაფხულო არდადეგებზე სოფელში ბიბლიოთეკისა და კლუბის გარდა, გასართობი ადგილი არც მეგულებოდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სოფლის ბიბლიოთეკებისა და კლუბების დიდი ნაწილი დაანგრიეს - მათ ადგილზე ვიღაცას კომერციულად მომგებიანი ობიექტის განთავსება სურდა. რაც იმ ავადმოსაგონარ წლებს გადაურჩა, 2007 წელს დაწყებულ ოპტიმიზაციას შეეწირა. ბევრი ბიბლიოთეკა დაიხურა, ბევრგან წიგნები უპატრონოდ დარჩა ან განადგურდა.

2012 წლიდან ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პროექტ "ეკვილიბრიუმის" ეგიდით დაიწყო მოძრაობა გაუქმებული ბიბლიოთეკების აღსადგენად. ძალიან ბევრ სოფელში მიიტანეს წიგნები, კომპიუტერები, თუმცა ამით საქმე ვერ გაკეთდება. ბიბლიოთეკას შენობა და ბიბლიოთეკარი სჭირდება. ბიბლიოთეკარის შტატის აღდგენა მუნიციპალიტეტების პრეროგატივაა, ბიბლიოთეკებისთვის მოკრძალებული შენობების გამართვას კი, თუ მოინდომებენ, ბიზნესმენებიც შეძლებენ. სწორედ ამას მოუწოდებს მათ"ეროვნული ბიბლიოთეკის"გენერალური დირექტორი.

გიორგი კეკელიძე: - საქართველოს 532 სოფელში უკვე ვიყავით. მალე აჭარაში, ხულოს რაიონში სამი და შუახევის რაიონში - ერთი ბიბლიოთეკა აღდგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკარის შტატიც აღდგება და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილი. ცხადია, ბიბლიოთეკისთვის ასევე საჭიროა მინიმალური ინფრასტრუქტურა: საცავი და სამკითხველო ოთახი გათბობით, თუნდაც შეშის ღუმელი და დაცული გარემო, საიდანაც კომპიუტერს ვერავინ მოიპარავს.

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში იოლად გვთანხმდებიან ბიბლიოთეკარის შტატის აღდგენაზე, ბევრგან კი ეს პრიორიტეტულად არ მიაჩნიათ. შესაბამისად, კარგავენ შანსს, ჰქონდეთ ბიბლიოთეკა, კომპიუტერი და მუდმივმოქმედი ინტერნეტი. ირონიულად უთქვამთ, ერთ ან ორკაციან სოფელში რა საჭიროა წიგნების ჩატანაო. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ისეთივე ტიპის ინფორმაცია და განათლება, როგორსაც იღებენ ხალხმრავალ საზოგადოებაში.

ბოლო ხანს სოფელ ველევში ვიყავით.იქ მხოლოდ 8 მოსწავლე ჰყავთ. მათთვის სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობა.

- როდესაც ბიზნესმენებს მოუწოდეთ ბიბლიოთეკების აღდგენისკენ, მიუთითეთ, რომ თითო შენობა 8.000-10.000 ლარი ჯდება.

- მუნიციპალიტეტებმა დაითვალეს და მოგვაწოდეს ბიუჯეტი, რომლის მიხედვით, სოფლის ერთი პატარა ბიბლიოთეკის აღსადგენ-გასარემონტებლად დაახლოებით ეს თანხაა საჭირო. შესაძლოა, ნაკლებიც ეყოს ან მეტიც დასჭირდეს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამ კეთილი საქმით დაინტერესდეს. უკვე ველაპარაკეთ რამდენიმე კომპანიას და ვიმედოვნებთ, შედეგი მოჰყვება. ამასთან, "კვირის პალიტრითაც" მივმართავ საზოგადოებას, ბიზნესმენებს, დავეხმაროთ ქართულ სოფლებს ბიბლიოთეკების აღდგენაში. აქვე, კიდევ ერთხელ მადლიერების ნიშნად უნდა აღვნიშნო "პალიტრამედიის" თანადგომა, ჩვენი მოძრაობის დაწყების პირველ ეტაპზე, კოლოსალური მასშტაბის პროექტ "მაკულიტერატურის" მეშვეობით ძალიან ბევრი წიგნით დავეხმარეთ სოფლის ბიბლიოთეკებს. ყველაზე დიდი წიგნის ფონდი შეიქმნა. ამასთან, "პალიტრა L"-მა რამდენჯერმე გაგვიმართა ხელი ახალი წიგნებით, რის გამოც მისი სახელი მოიხსენიება ყველა იმ ბიბლიოთეკის სპეციალურ კუთხეებში, სადაც ამ წიგნებს ვალაგებთ.

გახდი ზუბალაშვილი!

ცნობილმა მეცენატებმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა ქართველი ხალხისთვის უანგაროდ გაკეთებულ უამრავ სიკეთესთან ერთად უზარმაზარი თანხა გაიღეს სახალხო სახლისა" და ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ასაგებად. 1908 წელს ქალაქის გამგეობამ საჩუქრად მიიღო შენობა, სადაც ამჯერად მარჯანიშვილის თეატრი მდებარეობს. ამასთან, მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცეს მნიშვნელოვანი ქონება. ამგვარი მეცენატობა დღეს უფრო მასშტაბურად სჭირდება ქართველ საზოგადოებას.