"ადრე ვარდისფერი სათვალე მეკეთა, ახლა რეალურად აღვიქვამ მოვლენებს" - კვირის პალიტრა

"ადრე ვარდისფერი სათვალე მეკეთა, ახლა რეალურად აღვიქვამ მოვლენებს"

მომღერალმა ნინი წიკლაურმა პოპულარულობა პროექტ "ერთი-ერთსა" და "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობით მოიპოვა.

ნინის ძლიერი ხმა მაყურებელმა მოიწონა და ამომავალი ვარსკვლავი შეიყვარა. ნინი დღეს არა მარტო ესტრადის მომღერალი, არამედ ვოკალის მასწავლებელიცაა. ცოტა ხნის წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერის აწყობა სცადა, თუმცა მალევე დაოჯახდა და საქართველოში დაბრუნდა. ნინი "კვირის პალიტრას" თავის თინეიჯერობაზე გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ უცნაური მოზარდი იყო, ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ღამით არ აძინებდა და გათენებამდე ფორტეპიანოზე უკრავდა.

ნინი წიკლაური: - მოწესრიგებული, თუმცა უჭმელი ბავშვი ვიყავი. ბებია და დედა დამდევდნენ, რამე შეჭამეო. ხატვა მიყვარდა და გამოფენებში ვმონაწილეობდი. რამდენიმე ტილო ჩემი სკოლის კედელზე დღესაც კიდია. დღეს ხატვას ვეღარ ვახერხებ. შემოქმედებით პროცესს მყუდრო გარემო სჭირდება, მე კი დინამიკური ცხოვრების სტილი მაქვს, ხან სად ვარ და ხანაც - სად. დადგება დრო, როდესაც სახლში პატარა სამხატვრო სტუდიას მოვაწყობ.

ჯინსი და კედები მიყვარდა. ერთხანს მოდაში ბენსიმონები შემოვიდა. ამ სტილის სპორტული ფეხსაცმელი პირველად ფესტივალზე ვნახე და იმდენად მომეწონა, რომ ინტერნეტით გამოვიწერე.

ღამეებს ფორტეპიანოზე დაკვრაში ვათენებდი და ოჯახის წევრებს ძილს ვუფრთხობდი. ერთხელ გაბეზრებულმა მეზობელმა მომიკაკუნა, გთხოვ, არ დაუკრაო. მერე ციფრული ფორტეპიანო ვიყიდე, რომელსაც ყურსასმენები მოჰყვა და ყველამ დაისვენა.

ყველაფერი მაშინ გართულდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მათემატიკასთან ერთად მუსიკაც მიტაცებდა. უნდა გადამეწყვიტა, მუსიკალურ განათლებას მივიღებდი თუ მათემატიკას ავირჩევდი. ბებიამ მითხრა, ორჯერ უფრო მაღლა იდგები, თუ სიმღერასთან ერთად კიდევ ერთი საქმე გეცოდინებაო. ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ხან ერთის ლექციებზე გავრბოდი, ხან მეორეგან სემინარებს ვესწრებოდი. ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხოთ, მოგიყვებიან, რომ მათთან ერთად დიდხანს სალაპარაკოდაც კი ვერ ვრჩებოდი. სტუდენტობისას ვმუშაობდი კიდეც...

ადრე ვარდისფერი სათვალე მეკეთა, ახლა რეალურად აღვიქვამ მოვლენებს.

თათული ღვინიანიძე