"ქრება შუქი და... ასახელებენ ჩემს ფილმს" (ექსკლუზივი)
29-02-2016
"ქრება შუქი და... ასახელებენ ჩემს ფილმს" (ექსკლუზივი)
ფილმი "მანდარინები" ოსკარის 87-ე ცერემონიალზე, საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში (მართალია, ესტონეთის სახელით, თუმცა მაინც...) ხუთეულში მოხვდა.­

"მანდარინების" წარმატების შემდეგ რეჟისორი ზაზა ურუშაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა. ის მონაწილეობს "ოსკარის" ნომინანტთა ხმის მიცემაში, რის შედეგადაც გამოავლენენ გამარჯვებულებს.

ზაზა ურუშაძე:
- "ოსკარის" ცერემონიალამდე, ნომინაციებისა და ნომინანტების გამოცხადებამდე მთელი 4 თვე გაგ­რძელდა პროცესები. ამ ხნის განმავლობაში ორმოცამდე ჩვენება და 37 პრესკონფ­ე­რენცია გვქონდა. პირველად "ოქროს გლობუსის" ნომინაცია მივიღეთ. მსოფ­ლიოს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ხუთეულში მოვხვდით.
დაჯერება მიჭირდა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო კინემატოგრაფისტისა და მისი შემდგომი ბედისთვის.
"ოსკარის" ნომინაციის შემდეგ კი "მანდარინები" ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეიძინა.

- დღეს "მანდარინებს" სულ 27 პრიზი აქვს აღებული...

- ბოლოს გაუდის ჯილდო დავიმს­ახურეთ. "მანდარინები" საუკეთესო ევროპულ ფილმად დაასახელეს. 3 წელი გავიდა პრემიერიდან და ფილმი არათუ
ისევ ცოცხლობს, სხვადასხვა ქვეყანა ისევ გამოთქვამს მისი შეძენის სურვილს. "მანდარინების" ჩვენება კინოთეატრებში მარტში - იტალიასა და აპრილში­ - საფრანგეთში, მაისში კი იაპ­ონიაშია დაგეგმილი. მართალია, საფესტივალო პრიზებით განებივრებული ვართ ქართველები, მაგრამ დისტრიბუცია რთულად მიმდინარე პროცესია. "ოსკარის" ნომინაციაც მოეხმარა ამ ამბავს,­ რადგან "ოსკარის" ნომინანტს, ფაქტობრივად, ყველა ყიდულობს...

ქართველთაგან "ოსკარის" ორი ნომინანტი ვართ. 1991 წელს ნანა ჯორჯაძე "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტით", საუკეთესო უცხოური ფილმების ხუთეულში მოხვდა და მერე მე. მას შემდეგ, რაც ჩემს ბიოგრაფიაში გამოჩნდა "ოსკარი", ამერიკის კინოაკადემიის წევრი გავხდი და ყოველწლიურად ვმონაწილეობ ხმის მიცემაში.

- ნომინანტების გაცნობა და ხმის მიცემა როგორ მიმდინარეობს?
- ჩვენი გვერდი გვაქვს, სადაც პაროლით შევდივართ და ვნახულობთ სპეციალურად აკადემიის წევრებისთვის წარმოდგენილ ფილმებს, ამის შემდეგ კი ჩვენს რჩეულს ხმას ვაძლევთ.

- თქვენ ვის მიეცით ხმა?
- ამის თქმა მეკრძალება. მხოლოდ ჩემს ვარაუდს გაგანდობთ, ვინ მგონია, რომ გაიმარჯვებს წლევანდელი "ოსკარის"­ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ეს უნგრული ფილმია, "საულის შვილი". "ოქროს გლობუსი" უკვე მიიღო და მგონი,­ "ოსკარზეც" გაუმართლებს.

- როგორ გგონიათ, წელს მაინც გაუმართლებს ლეონარდო დი კაპრიოს?
- რა თქმა უნდა, ეს მსახიობი ღი­რ­სია­ "ოსკარის" მოპოვებისა, მაგრამ, ჩემი აზრით, წლევანდელი როლი მისი საუკეთესო­ როლი არ არის. თუმცა ყველა­ გულშემატკივრობს.

- გახსოვთ თქვენი ემოციები "ოსკარის" ცერემონიიდან?
- ძალიან ემოციურია, როდესაც გამოდის ნიკოლ კიდმანი (მან გახსნა კონვერტი), ქრება შუქი და ნომინანტებს შორის ასახელებენ შენს ფილმს. გგონია, კონვერტის გახსნას საუკუნეს ანდომებენ.

- ევროპაში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა მითხრა, დასტინ ჰოფმანი ბევრს მესაუბრა "მანდარინებსა" და საერთოდ, ქართული კინოს ფენომენზეო.
- ეტყობა, დასტინ ჰოფმანმა "ოსკარის"­ ნომინაციის მიღების დროს ნახა ფილმი. სასიამოვნოა ლეგენდარული მსახიობისგან ასეთი კომპლიმენტი. ცერემონიამდეც ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ, გამოხმაურებაც კარგი იყო. ეს ყველაფერი მახარებს­ და სტიმულს მაძლევს მომავალი სამ­უშაოსთვის.

- სწორედ თქვენი მომავალი სამუშაოთი­ დავინტერესდები...
- ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგ­რამ თანხმობის შემთხვევაში 5 წელი უნდა დავრჩენილიყავი საზღვარგარეთ, რისთვისაც მზად არ ვიყავი, თან ისე მოხდა, რომ
"ოსკარის" ნომინაციის შემდეგ სახელმწიფომ ფილმის გადასაღები თანხით დამაჯილდოვა. 10 მაისს გადაღებას ვიწყებ. დაფინანსება მომივიდა ესტონეთიდანაც, შესაძლოა საფრანგეთი ან გერმანიაც შემოგვიერთდნენ. ახლა მსახიობებს­ ვარჩევთ. ფილმის პირობითი სათა­ურია "საიდუმლო". ეს იქნება დრამა, მოვლენები თანამედროვე დროში განვითარდება.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით