"ეს ცხოვრება უკვე გავიარე, თუ შანსი მექნება, თავიდან დავიწყო, სხვა ცხოვრებას გამოვცდი" ბლიცინტერვიუ
29-02-2016
"ეს ცხოვრება უკვე გავიარე, თუ შანსი მექნება, თავიდან დავიწყო, სხვა ცხოვრებას გამოვცდი" ბლიცინტერვიუ
"წარმატებისთვის აუცილებელია შრომა და კეთილსინდისიერება. თუ არ გიყვარს საკუთარი საქმე, ან შრომა გეზარება შედეგისთვის, მაშინ აზრი არა აქვს არაფერს."


ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- როცა მატყუებენ...
თუ ვიგრძენი, რომ ადამიანი მატყ­უ­ებს, მომენტალურად ვშლი ჩემი ცხოვრ­ებიდან.

- მომენტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა...

შვილების დაბადება... ეს ენით აუწერელი განცდაა. იმ დღის შემდეგ შეიცვალა­ ჩემი ცხოვრება, შევიცვალე მე.

- ყველაზე მშვიდად ვარ...

როცა მარტო ვარ. ვალაგებ აზრებს და მეუფლება სიმშვიდე. ასევე დიდი სიმშვიდეა ჩემთვის
შვილიშვილთან ყოფნა.

- ბავშვობაში მინდოდა...

დედა მყოლოდა. პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა და სულ მაკლდა. მისთვის ყველაფრის გაზიარება მინდოდა, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

შრომა და კეთილსინდისიერება. თუ არ გიყვარს საკუთარი საქმე, ან შრომა გეზარება შედეგისთვის, მაშინ აზრი არა აქვს არაფერს. გამართლებაც საჭიროა, მაგრამ
ცოდნა და შრომა პირველ რიგში.

- სიამოვნებით ვიმოგზაურებდი...

ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ განსაკუთრებული ემოცია დამეუფლა ისრაელში. ეს იყო ნამდვილად დიდი ბედნიერება, ბოლოს რაც განვიცადე. აღთქმული მიწაა და იმდენად ღრმა, რომ ამაზე ლაპარაკი შორს წამიყვანს, თუმცა­ ერთი ვიცი, იქ ისევ სიამოვნებით დავბრუნდებოდი.

- ცხოვრების არც ერთ დღეს არ ჩაუვლია...

ტკივილის გარეშე, რომელიც მუდმივად ახლავს ცხოვრებას, ამის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ტკივილი და სიხარული ასევე მუდმივად აბალანსებს ერთმანეთს. ყოფილა ბევრი ტკივილი და, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებაც. ესეც გარდაუვალია. უამისოდ სრულფასოვნად, ალბათ, ვერ იცხოვრებ.

- ნამდვილი არის...

ალბათ, რწმენა... ნამდვილია ასევე ჩემი შვილები და შვილიშვილები, ჩემი უანგარო სიყვარული მათდამი.

- ყოველთვის მზად ვარ...
კიდევ მოვიდეს ბედნიერება, მჯერა, რომ მოვა, მჯერა, რომ კიდევ იქნება რაღაც უფრო კარგი და ველოდები. არ მივტირი წარსულს და მგონია, რომ ჩემს ასაკთან შედარებით, დიდად ასაკი არ მომმატებია, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობის მერე.

- მიზნის მისაღწევად..
თუ საქმე მიმაჩნია სამართლიანად, აუცილებლად ვიბრძვი და ყველაფერს ვაკეთებ მიზნის მისაღწევად.

- თბილისმა დაკარგა...

ურთიერთობებიც და სახეც. არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა, მაგრამ იმ სიმახინჯეებს, რაც დადგეს თბილისში, ვერასოდეს შევეგუები.

- ცუდი ხასიათიდან გამოვყავარ...

მუსიკა ძალიან მამშვიდებს და მიხსნის დაძაბულობას, შესაბამისად, მოქმედებს ხასიათზეც, ასევე ცუდი ხასიათიდან გამოვყავარ კარგ ადამიანთან შეხვედრას, კეთილ ხალხს, ლამაზ ურთიერთობებს.

ზვიად კორძაძე, იურისტი:


- თავისუფლება ჩემთვის არის...
სიტყვის, აზროვნების,­ გადაადგილების, არჩევანის თავისუფლება...

- ბავშვობაში მინდოდა...
უბანში, სადაც ვცხოვრობდი, მანქანა მოდიოდა, რომლის მძღოლიც ბავშვებს სულ ეთამაშებოდა ფეხბურთს, ეს მომწონდა და მეგონა, მძღოლი იყო სიკეთის განსახიერება... მშობლები პედაგოგები მყავდნენ, ექიმობასაც ვფიქრობდი, თუმცა საბოლოოდ ის პროფესია ავირჩიე, რაც ვარ.

- სიამოვნებას ვიღებ, როდესაც...

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც ადამიანი ციხიდან გამომყავს. საოცარი განცდაა, როცა თავისუფლებას ჩუქნი ადამიანს და ეს შენი დამსახურებაა.

- ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ...

Apple Watch მაქვს, საათი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დამიწერა, დიდხანს ზიხარ, ადექი, გაიარეო... ავდექი და დამიწერა, ყოჩაღო. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენიმე წლის წინ ვიღაცას ეკითხა, რას აკეთებთო, თქვენ გეპასუხათ, საათმა მირჩია და დავდივარო, რას იფიქრებდა ის ადამიანი­ თქვენზე? ალბათ, მაშინვე საგიჟეთში გაგიშვებდნენ. ასე რომ, ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდით. მაგალითად, 90-იანი წლების დამდეგს თბილისში მცხოვრები სტუდენტი ვერ წარმოვიდგენდი მობილურ ტელეფონსაც კი. წარმოშობით ქუთაისიდან ვარ და მშობლებთან რომ დამერეკა, რიგში ვიდექი ფოსტის ტელეფონთან. მიხარია, რომ ირგვლივ მუდმივად სიახლეებია.

- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
რამდენიმე წლის წინ, ფეხბურთის თამაშის დროს, რაღაც ისეთი მოხდა, როცა, ფაქტობრივად, მოვკვდი და ნახევარი საათის შუალედში გამაცოცხლეს. მას შემდეგ სხვანაირად შევხედე ცხოვრებას, მივხვდი, რომ ბევრი რაღაც, რაზეც ჩვენ ნერვებს ვიშლით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს განცდა რამდენიმე თვე გამყვა, მერე ცხოვრება გაგრძელდა, თუმცა ამ მოვლენამ ძალიან შემცვალა.

- სტიმულს მაძლევს..
ნიჭიერი ადამიანი. როცა ვხედავ, რომ ვიღაც თავის საქმეს კარგად აკეთებს, მიხარია. ასეთი ადამიანები თუ არ იქნებიან, ქვეყანა ვერ განვითარდება.

- უარს ვერასოდეს ვიტყვი...
კომფორტზე. თევზაობა მიყვარს და სათევზაოდ რომ მივდივარ, ერთი მანქანა მოწყობილობა მიმაქვს ხოლმე, რომ იქაც კომფორტულად მოვეწყო. ფუფუნებას არ ვგულისხმობ, უბრალოდ, ვცდილობ კომფორტული გარემო შევიქმნა.

- ვნანობ...
გაცდენილ დროს. ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც ურთიერთობებში გაცდენილ დროს, რომელსაც ვერ ატარებ საყვარელ ადამიანთან, რომლებიც უკვე ასაკში არიან და ვერ ნახულობ ხშირად...

- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
ყველაფერს შევცვლიდი, იმიტომ, რომ ეს ცხოვრება უკვე ვიცხოვრე და თუ შანსი მექნება თავიდან დავიწყო, იმავეს რატომ გავაკეთებ, სხვა ცხოვრებას გამოვცდი...

თამთა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით