"მაესტრო" იწყებს?! - კვირის პალიტრა

"მაესტრო" იწყებს?!

"ქართველები ცაიტნოტში ვართ შეჩვეული მუშაობას"

"ასეთი ფორმატით მოწოდებული საშინელება ჯერ ტელევიზიის ისტორიაში არ გამოუგონებიათ!"

"მაესტროს" გენერალურ დირექტორად კახა ბექაური დაინიშნა. "კახა ბექაური ჩემი მეგობარია. ის იყო სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, 2002-2003  წლებში კი ტელეკომპანია "მზის" ხელმძღვანელი. კახა არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და რაც მთავარია, პროფესიონალია", - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც მთავარ ბრალდებად (უმეტესწილად თავისივე კოლეგები)  სწორედ პოლიტიკურ პროცესებში მეტისმეტად ჩართულობას უყენებენ.

ეროსი კიწმარიშვილი: - ფონდი "2020", რომელსაც ვხელმძღვანელობ, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი მედიის ხელშეწყობაა. ძალიან მალე ველოდებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებას. რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვიქნები ყველა შედეგზე, რაც უკავშირდება "მაესტროს" განვითარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ვმართავ.

- არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ "მაესტროში" ფულს ოპოზიციური პარტიები ჩადებენ. რა ფინანსური საშუალებებით მიმდინარეობს ტელეკომპანიის რეორგანიზაცია?

-  დახმარებებით, რომლებიც, ძირითადად, გრანტების სახით არის მოზიდული, ნაწილი კი ჩემი ფინანსებია. თანხის ნაწილი ხელისუფლებამ წამართვა. გახსოვთ, ალბათ, რომ გამძარცვეს - ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 45 ათასი დოლარი წამართვეს. შსს-ს დღემდე ამ საქმეში ხელშესახები არაფერი გაუკეთებია. ტელეკომპანიის  შემოსავლის წყარო გრანტები და სარეკლამო შემოსავალი იქნება. პარტიებს სარეკლამო ბიუჯეტი აქვთ და პოლიტიკური რეკლამისთვის საფასურს გადაიხდიან.

კახა ბექაური: - რეკლამის დამკვეთი, რომელიც რომელიმე საინფორმაციო გამოშვების სპონსორია ან ათავსებს რეკლამას საინფორმაციო გამოშვებაში, არ ყიდულობს ამ გადაცემას და არა აქვს მისი შინაარსის გაკონტროლების უფლება. ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ "მაესტროშიც". ვაპირებთ, სარეკლამო დრო მმართველმა კომპანიამ იყიდოს და მისი გაყიდვით შემოსული შემოსავალი "მაესტროს" მოხმარდეს.

გვინდა შევქმნათ სამეთვალყურეო საბჭოც, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ჟურნალისტური ეთიკის კოდექსების პრინციპებს დანერგავს. გვინდა სამეურვეო საბჭო მონაწილეობდეს "მაესტროს" სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, განსაზღვროს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების სამუშაო, უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, რაც ახალი ამბების ობიექტურ მაუწყებლობას უზრუნველყოფს. საბჭო იქნება პასუხისმგებელი "მაესტროს" საქმიანობის საჯაროობაზე, მათ შორის შემოსავლებზეც.

- თქვენ ხშირად ხართ ოპოზიციის გვერდით. აქედან გამომდინარე, რამდენად დამოუკიდებელი ტელეკომპანია იქნება "მაესტრო"?

ეროსი კიწმარიშვილი: - მმართველი კომპანიის მფლობელობა არ გულისხმობს მედიის გაკონტროლებას. დაცვის რამდენიმე ბარიერი სწორედ იმიტომაც შეიქმნა, რომ ამ ტიპის სპეკულაციები გამოირიცხოს. კახა ბექაურის, თამუნა რუხაძის, მამუკა ღლონტისა და მისი მეგობრების დამოუკიდებლობის ხარისხი საკმარისი გარანტიაა საიმისოდ, რომ ტელევიზიაში ნებისმიერი პირი  დაცული იყოს სარედაქციო ჩარევისაგან. იმ საქმეებში, რაც საქართველოს განვითარებას უკავშირდება, ყოველთვის ვიქნები ჩართული.

- თქვენ მონაწილეობდით ოპოზიციურ ფლანგზე გამართულ მოლაპარაკებებში? რამდენად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს დღეს  ოპოზიციაში?

- ეს უკავშირდებოდა იდეას, რომელიც დავით გამყრელიძემ სექტემბერში გაახმაურა - ერთიანი კანდიდატის გამოვლენას, ისეთი პირის  შერჩევას, რომელსაც საზოგადოების მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. Eეს იდეა მაშინაც მომწონდა და ახლაც ძალიან მომწონს. თუმც ვიღაცამ, კონიუნქტურის ან სხვა მიზეზის გამო ჩათვალა, რომ ეს პროექტი არ ვარგა.  სწორი და კარგი იქნებოდა, პროცესი ისე წარმართულიყო, როგორც დავითს უნდოდა რამდენიმე თვის წინ.

- რატომ აღარ უნდა დავით გამყრელიძეს პრაიმერი და ერთიანი კანდიდატის გამოვლენა?

- არ ვიცი. ძალიან დამაბნია მისი პოზიციის ასეთმა ცვლილებამ. საერთო კანდიდატის გამოვლენაში ხალხი უნდა მონაწილეობდეს. ვინმეს ლიდერად დასახელება მათ ზურგს უკან, კულუარული შეთანხმებით არ შეიძლება. ეს რომ არ უნდა გავაკეთოთ,  მაგალითი სომხეთია. შარშან მერის არჩევნებზე სომხეთის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ კოალიცია შექმნა და მერობის კანდიდატად ლევონ ტერ-პეტროსიანი დაასახელა. იმის გამო, რომ ამ პროცესში ხალხი არ მონაწილეობდა, ოპოზიციის საერთო კანდიდატმა  მესამე ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ტერ-პეტროსიანი მანამდე სომხეთის პრეზიდენტი იყო და ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეა, მისი დამარცხების მიზეზი ამ პროცესებში საზოგადოების დაბალი ჩართულობა შეიქნა. რატომღაც ვფიქრობთ, თუ 10 კაცი სადღაც დაჯდება და მოილაპარაკებს, ხალხი მაშინვე გაიზიარებს მათ აზრსო.

ქართველები ცაიტნოტში ვართ შეჩვეული მუშაობას. დიდხანს ვფიქრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებთ. ხალხის ხელშია ეს ყველაფერი და იმედია, რაღაც კარგი მოხდება.

ტელეკომპანია "იმედის" მიერ ომგამოვლილი ხალხის ფსიქიკაზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა სავალალო შედეგი მოიტანა. სიუჟეტის გასვლის შემდეგ მომხდარის შეფასება ისევ ეროსი კიწმარიშვილს ვთხოვეთ.

- შემზარავი რამ მოხდა! ამის შეფასება შეუძლებელია. ეს არის მაგალითი იმისა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ბოროტება.…

ამ სატელევიზიო მანიპულაციით რეალურად საკუთარი ერის წინააღმდეგ განხორციელდა უმძიმესი დანაშაული. უამრავი ადამიანის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე. ამ ტელევიზიას ხელისუფლებაში მოკალათებული კონკრეტული პირები მართავენ. მათ გაუჩნდათ ამგვარი სიუჟეტის საზოგადოებისთვის მიწოდების ავადმყოფური იდეა, თავად დაგეგმეს ყველაფერი და განახორციელეს კიდეც.

- პრეზიდენტმა მომხდარის გამო აღშფოთება და წუხილი გამოხატა...

- ეს ცინიზმია და სხვა არაფერი.  Aახლა ასეთი განცხადებები ყველაზე მძიმე მოსასმენია. პრეზიდენტი ცდილობს იპოვოს "მეისრე" ამ ვითარებაში და ჯოხი  მასზე გადატეხოს. მაგრამ, გულის შეტევით გარდაცვლილ ქალს, რომლის შვილიც ჯარში მსახურობდა, ვერაფერი გააცოცხლებს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე ამ ე.წ. "მომავლის რეპორტაჟით". ხალხმა ყველაფერი დაინახა და ბუნებრივია, დასკვნასაც გამოიტანს.

- თქვენ რამდენად დროულად და სწრაფად მიხვდით, რომ ყველაფერი, რასაც "იმედი" გადმოსცემდა, "მოდელირება" იყო?

- მე არ ვუყურებ ასეთ პროპაგანდისტულ გადაცემებს. ინფორმაცია ინტერნეტით  მივიღე, რამაც  ძალიან შემზარა. გადაცემა ემსახურებოდა იმათ ცნობიერებაზე გავლენის მოხდენას, ვინც  ომი გამოიარა, ტერიტორიები დაკარგა, ამდენი ლტოლვილი ჰყავს. მათ ფსიქიკაზე კიდევ ერთი მავნე ექსპერიმენტი ჩატარდა. ერთია - ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მეორეა ჟურნალისტებისა. როგორ არავინ არ გამოვიდა  და არ გამოხატა პროტესტი იმის გამო, რაც ხდებოდა?! განა შეიძლება საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ ყოველგვარი ადამიანური ღირებულებები უკან გადადონ?! რა აუცილებლობას წარმოადგენდა ასეთი სიუჟეტის მომზადება, ამის თქმა ცოტა ძნელია.

ვერიდები არაეთიკურ გამონათქვამებს, მაგრამ ამ ქვეყანას ფსიქიკური აშლილობის მქონე კოლექტიური ჯგუფი მართავს... ძალიან შემაშფოთა დარბაზში მოწვეული სტუმრების  რეაქციამ. თუ არ ვცდები, ერთადერთი ლაშა ტუღუში იყო, რომელმაც გაშვებული სიუჟეტის გამო პროტესტი  გამოხატა. დანარჩენი ყველა ლაპარაკობდა იმ თემაზე, რაც მათ შესთავაზეს, აგრძელებდნენ რიტორიკას, რომლითაც დარბაზში შევიდნენ. სირცხვილია! ასეთი ფორმატით მოწოდებული საშინელება ჯერ ტელევიზიის ისტორიაში არ გამოუგონებიათ! ამათ კი ესეც გამოიგონეს. მსგავსი სატელევიზიო მანიპულაციები საქართველოს გარდა არსად ხდება.