როგორ ანადგურებდა "მიუღებელ" კადრებს საბჭოთა ცენზურა - კვირის პალიტრა

როგორ ანადგურებდა "მიუღებელ" კადრებს საბჭოთა ცენზურა

"სასაცილოა, მაგრამ უცხოური ფილმებიდან ჭრიდნენ სუპერმარკეტების კადრებსაც, რათა საბჭოთა მაყურებელს პროდუქტის სიუხვე არ შეემჩნია"

კინემატოგრაფი, როგორც მასობრივი ხელოვნება, თავდაპირველად დაბალი ფენის თავშესაქცევად ითვლებოდა და დიდ გავლენას ახდენდა მათი ცხოვრების სტილისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ნარატიული კინემატოგრაფის ჩამოყალიბებასთან ერთად კი ყველა ქვეყანაში გაჩნდა ცენზურა.

დინარა მაღლაკელიძე, კინომცოდნე: - საბჭოთა პერიოდის ქართული კინო, ცხადია, ბოლშევიკურ იდეოლოგიას ემსახურებოდა. 20-იან წლებში საბჭოთა ცენზურამ აკრძალა კონსტანტინე მიქაბერიძის ძალიან საინტერესო, იმ პერიოდის ქართული კინოსგან გამორჩეული ფილმი "ბებიაჩემი", რეჟისორს კი კინოში მუშაობის უფლება ჩამოართვეს. ნუცა ღოღობერიძის ფილმის ჩვენება რეჟისორის პოლიტიკური დევნილობის გამო აიკრძალა, თუმცა ასეთი რეციდივები ქართულ კინოში ხშირი არ იყო.

ქართულ კინოში ყველაზე უინტერესო პერიოდი გასული საუკუნის 50-იანი წლებია. ამ დროს, ძირითადად, გასართობ ფილმებს იღებდნენ: "ჭრიჭინა", "უდიპლომო სასიძო"... დღეს ამ ფილმებს გენიალურს უწოდებენ, არადა, გასართობი საბჭოთა ფილმებია, მასობრივი კინოინდუსტრიის ნაწილი.

რაც შეეხება რელიგიურ თემას, თუ ქართულ საბჭოთა ფილმებში რელიგიურ თემას ან სასულიერო პირს ახსენებდნენ, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში.

- სექსუალური სცენებიც იკრძალებოდა?

- ქართული კინემატოგრაფი თავისი არსით ძალიან ასექსუალურია. ცოტაა ქართული ფილმი, სადაც ეროტიკული სცენებია. აქ, ალბათ, მერაბ კოკოჩაშვილის "მიხა" და "დიდი მწვანე ველი" უნდა ვახსენოთ...

- სატელევიზიო სპექტაკლ "ჯაყოს ხიზნებს" დიდი ხმაური მოჰყვა...

- დიახ, სპექტაკლს მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მაშინ სექსუალური თემატიკა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუდადებული იყო. თუმცა ის თიIთქმის არ ჩანს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაშიც. ჩვენ ჯერ არა ვართ თავისუფალი საზოგადოება...

მანანა ლეკბორაშვილი, კინომცოდნე: - მთავარი ცენზორი მოსკოვის სახელმწიფო კინოკომიტეტი იყო, მაგრამ ადგილობრივი სამხატვრო საბჭო ცდილობდა, ფილმისთვის მოსალოდნელი შენიშვნები აერიდებინა და ისეთი სახით წარედგინა ზემდგომი ორგანოსთვის, რომ დაბრკოლება არ შეჰქმნოდა.

თუმცა იყო საპირისპირო შემთხვევებიც. მაგალითად, ოთარ იოსელიანის "გიორგობისთვემ" მოსკოვის ცენზურას გაუძლო, ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის რისხვა დაიმსახურა და აიკრძალა... იყო კურიოზებიც. აკაკი ბაქრაძე იხსენებს:

"მოსკოვში ფილმის - "ვინ შეკაზმავს ცხენს" - ჩაბარებისას ერთ-ერთი ჩინოვნიკის განცვიფრება გამოიწვია ჩოჩორის გამოჩენამ, რომელსაც ბავშვები ეთამაშებიან. ჩინოვნიკს უთქვამს, ვის გაუგია, კოლმეურნის ეზოში შვლის ნუკრი დარბოდეს, ეს ცხოვრების შელამაზებაა და დაუშვებელიაო. ქართულმა დელეგაციამ ვერ შეძლო გაცხარებული ჩინოვნიკის დარწმუნება, რომ შვლის ნუკრი კი არა, ჩოჩორი იყო და მხოლოდ ზოოპარკიდან მოწვეული სპეციალისტის სიტყვამ გაჭრა"...

დროთა განმავლობაში ქართველმა რეჟისორებმა ცენზურასთან ბრძოლის მეთოდები შეიმუშავეს და შექმნეს ე.წ. ქართული კინოიგავი, თუმცა კინოკომიტეტის ჩინოვნიკები სულელები არ იყვნენ და თუ ხელმოსაჭიდი სხვა არაფერი ჰქონდათ, იყენებდნენ ერთ "ქმედით იარაღს" - ფილმს დაბალ კატეგორიას ანიჭებდნენ და ასლებს მცირე რაოდენობით ბეჭდავდნენ, ეს კი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არაფერი იყო. ფილმი აკრძალული არ იყო, მაგრამ მას ხალხი ვერ ნახულობდა.

საბჭოთა ცენზურა ეხებოდა არა მხოლოდ სამამულო კინოწარმოებას, მკაცრად კონტროლდებოდა უცხოური ფილმებიც. მაგალითად, ფილმი "ჭირვეულის მორჯულება"... ძალიან პოპულარული იყო "ანჟელიკას" სერიებიც. კადრს, სადაც ანჟელიკა ოქროსფერი კაბით მეფეს წარუდგება და რევერანსით ესალმება, საბჭოთა ცენზორის მკაცრი ხელი შეეხო, რადგან ჩათვალეს, რომ ანჟელიკას კაბას მეტისმეტად ღრმა დეკოლტე ჰქონდა... თუმცა, თუ ანჟელიკას დეკოლტეს ფილმის შინაარსისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ბერნარდო ბერტოლუჩის შესანიშნავ ფილმში "კონფორმისტი" ისეთი სცენები იყო ამოჭრილი, ეპიზოდები აზრს კარგავდა და გაუგებარი ხდებოდა...

სასაცილოა, მაგრამ უცხოური ფილმებიდან ჭრიდნენ სუპერმარკეტების კადრებსაც, რათა საბჭოთა მაყურებელს პროდუქტის სიუხვე არ შეემჩნია.

რატომ დაიწუნეს 53-ე კასრი

მერაბ კოკოჩაშვილი: "მე ეროტიკულობაზე არასოდეს მიფიქრია, ეს სცენები ფსიქოლოგიური იყო, თუმცა საბჭოთა ცენზურა თვლიდა, რომ მათი ჩვენება არ შეიძლებოდა. მაგალითად, ფილმში "მიხა" იძულებულნი არიან, ის, რაც ფარულად ხდება შეყვარებულებს ან ცოლ-ქმარს შორის, საჯაროდ ჩაიდინონ. ასეთია მოთხრობა. გმირები იბრძვიან სიყვარულისთვის და იმარჯვებენ კიდეც. ამან დიდი დაპირისპირება გამოიწვია, მაგრამ 5-წლიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი ისე გადავიღე, როგორც მქონდა ჩაფიქრებული... ფილმში "დიდი მწვანე ველი" ასევე არის ეპიზოდი, როდესაც ქმარი ცოლზე ძალადობს, რადგან ორჯერ უღალატა, შემდეგ კი ამას ინანიებს... ფილმში ყველაფერი შემოქმედებითად იყო გააზრებული. მიუხედავად ამისა, ის ფსიქოლოგიური ეპიზოდები სრულიად ამოიღეს. რუსეთმა ეს ფილმი გააჩერა და გერმანიიდან რომ არ ყოფილიყო ჩამოსული კინომცოდნე ცოლ-ქმარი - ულრიხ და ერიკა გრეგორები, შესაძლოა, ვერასდროს ვერავის ეხილა...

ოთარ იოსელიანს კატეგორიულად მოსთხოვეს არაერთი ეპიზოდის ამოჭრა ფილმიდან "გიორგობისთვე". განსაკუთრებით ერთი ეპიზოდი მახსენდება: ღვინის უზარმაზარი კასრი იყო, რომელსაც ეწერა 53 და საბჭოთა ცენზურამ მიიჩნია, რომ ეს რიცხვი საბჭოთა კავშირის არსებობის 53-ე წლისთავთან იგივდებოდა. იმ 53-ე კასრში ღვინო გაფუჭებულია და საჭიროა მასში ჟელატინის შერევა, რომელიც ღვინოს გაფილტრავს... ოთარ იოსელიანი არაჩვეულებრივი ოსტატია. ისე გაასწორა, რომ ფილმმა ბევრი რამ არ დაკარგა. საბოლოოდ კი, რადგან რეჟისორი ნეგატივს არ შეხებია, ყველაფერი აღადგინა და ფილმი იმ სახით არსებობს, როგორითაც ჰქონდა ჩაფიქრებული".

"ცისფერი მთები" გორბაჩოვმა გადაარჩინა"

ელდარ შენგელაია: "საკავშირო კინოკომიტეტში "შერეკილები" ისე მიიღეს, როგორც ზღაპარი. სულ არ უფიქრიათ, რომ ეს იყო ფილმი თავისუფლებაზე, ამიტომაც გადარჩა. საქართველოს კინოკავშირმა ეს ფილმი რუსთაველის პრემიაზე წარადგინა, მაგრამ ცეკაში რომ განიხილეს, თქვეს, ფილმს "შერეკილები" ჰქვია და არ შეიძლება ასეთი სახელწოდების ფილმს რუსთაველის პრემია მიენიჭოსო.

"ცისფერ მთებში" ნაჩვენებია მარადიული იდეა და თემა. ეს სურათი რომ დავამთავრე, მალევე წავიღე ინდოეთში, დელის ფესტივალზე. იქ პრესკონფერენციაზე მითხრეს, რომ ეს არის ფილმი ინდოეთზე. შემდეგ "ცისფერი მთები" ვენის ფესტივალზე ჩავიტანე და მითხრეს, რომ ეს ფილმი ავსტრიაზეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს მუდმივი თემაა. ბიუროკრატია იყო, არის და იქნება ყოველთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ფილმი მიხაილ გორბაჩოვმა გადაარჩინა. როდესაც მოსკოვში ჩავიტანე, კომიტეტის თავმჯდომარე ერმაშმა განაცხადა, ეს ანტისაბჭოთა ფილმია და ეკრანზე ვერ გავუშვებთო! მოგვიანებით ბიჭვინთაში დასასვენებლად ჩამოვიდა გორბაჩოვი და მოითხოვა ქართული ფილმის ნახვა. "ცისფერი მთები" მიუტანეს.

ჩვენებას შევარდნაძეც ესწრებოდა. გორბაჩოვს ბევრი უცინია და შევარდნაძისთვის უთქვამს, თუ რამე არ ვიღონეთ, ჩვენც ასე დაგვენგრევა ქვეყანაო.

მოგვიანებით მოსკოვში ჩავედი. ერმაში კვლავ მყარად იდგა თავის პოზიციაზე, მე კი მის კაბინეტში გორბაჩოვის პორტრეტზე მივუთითე, აი, ამას ფილმი მოეწონა-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა. როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები შეამოწმა და ამის შემდეგ ფილმი კანის ფესტივალზე გაგზავნეს, სადაც ფილმებს თითოჯერ აჩვენებენ, ეს ფილმი კი ორჯერ აჩვენეს. დილით სეანსს რამდენიმე კრიტიკოსი ესწრებოდა, მაგრამ გავრცელდა ხმა, კარგი ფილმიაო, ამიტომ საღამოს დიდ დარბაზში ხელმეორედ აჩვენეს. ამის შემდეგ პრესაში დაიწერა: "ეს არის ფილმი-კაფკა, ეს არის გოგოლი".

ეკა სალაღაია